Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიატოვა თუ არა განსაცდელში სახელმწიფომ მოქალაქეები შოვში? - რა მუხლებით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება


სტიქიის ზონა, შოვი
სტიქიის ზონა, შოვი

განსაცდელში მიტოვება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი ზუსტად ამ სახელწოდებით. მისი განმარტება კი ასეთია - დაუხმარებლად იმ ადამიანის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მიმტოვებელს კი ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი.

იურისტები ფიქრობენ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება დღეს ამ მუხლითაც უნდა მიმდინარეობდეს.

კიდევ ერთი მუხლი, რომლითაც იურისტების თქმით, საქმე უნდა იყოს აღძრული, ეს არის სამსახურებრივი გულგრილობა, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი. ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

შოვი, სტიქიის ზონა
შოვი, სტიქიის ზონა

დღეს არსებული ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

რატომ განსაცდელში მიტოვება?

იმიტომ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში, 3 აგვისტოსა და 4 აგვისტოს ღამით განვითარებული მოვლენები, იურისტებს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თქვან: შესაძლოა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სახელმწიფომ განსაცდელში მიატოვა.

მივყვეთ ქრონოლოგიურად. რამდენიმე საათით ღვარცოფში ჩარჩენილი ადამიანები ჰყვებიან და იხსენებენ, რომ 112-ში დატოვებული შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათში გამოჩნდა მათ თავზე ვერტმფრენი, თუმცა, ისინი არა ამ ვერტმფრენმა და მაშველებმა, არამედ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს სამშვიდობოს. ვერტმფრენმა ღვარცოფს გადარჩენილები სტიქიის ეპიცენტრიდან მოგვიანებით მეზობელ სოფელ გლოლაში გადააფრინა.

შოვი, სტიქიის ზონა, 3 აგვისტო
შოვი, სტიქიის ზონა, 3 აგვისტო

მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღვარცოფში ჩარჩენილი 12-ივე მოქალაქე სტიქიის ზონიდანაა გაყვანილი. ამას მოჰყვა ინფორმაცია კიდევ 40-მდე მოქალაქის სტიქიის ეპიცენტრიდან გამოყვანის შესახებ. ამ განცხადებებზე დაყრდნობით, 3 აგვისტოს საღამოს შეიქმნა განცდა, რომ სტიქიის ზონაში მოყოლილი ყველა ადამიანი გადარჩა. თუმცა, რამდენიმე საათში, შსს-მ გაავრცელა პირველი ცნობა, შოვში აღმოჩენილი ორი ცხედრის შესახებ.

სოციალურ ქსელებში, მედიაში, მათ შორის, სატელევიზიო პირდაპირ ეთერებში, დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ ისინი ვერ უკავშირდებოდნენ ახლობლებს და ხელისუფლებას სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვას სთხოვდნენ. სწორედ მაშინ შეიტყო მკაფიოდ საზოგადოებამ, რომ ღვარცოფში, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი უნდა ყოფილიყო მოყოლილი. რაც მალევე დადასტურდა კიდეც.

4 აგვისტოს ღამეს სტიქიის ზონაში ვერტმფრენს არ უმუშავია. იმ ღამეს, თემურ მღებრიშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს უთხრა:

თემურ მღებრიშვილი
თემურ მღებრიშვილი

„ასეთ რთულ ხეობაში, ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა[მუშაობა] და ეს იქნებოდა ძალიან არასწორი და არაგამართლებული უსაფრთხოების მიზნით, რამეთუ, იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს. კიდევ და კიდევ, გამომდინარე რთული რელიეფიდან“.

ამ განცხადებიდან ერთი კვირის თავზე, 10 აგვისტოს, თემურ მღებრიშვილი იტყვის, რომ სტიქიის ღამეს „არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის“, ანუ, ვერტმფრენის სამძებრო სამაშველო ოპერაციაში ჩართვის აუცილებლობა და ასე ახსნის ამ გადაწყვეტილებას:

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აბსოლუტურად არ გავურბივარ ამ კითხვას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის, და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი. თუმცაღა, საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. და რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭიროება?

გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი ციფრული დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი და ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა და სითბური დრონების საშუალებით უფრო მარტივად [ეძებდა] ვიდრე ვერტმფრენით“.

13 აგვისტოს კი, სტიქიის ზონაში პირველად ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, კითხვაზე, რატომ არ იფრინეს სტიქიის ღამეს ვერტმფრენებმა, თქვა:

ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში
ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში

„ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა, არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ და თუ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმწამს რაღაც, რომ გარისკოს პილოტებმაც – არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული“.

ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ სისხლის სამართლის იურისტი ამბობს, რომ ეს განცხადებები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ქრონოლოგია იძლევა საფუძველს, რომ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება გარდა 116-ე და 240-ე მუხლებისა, უნდა მიმდინარეობდეს ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს ადამიანის განსაცდელში მიტოვებას:

ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

„მუდმივი განხილვის საგანია, თუ რამდენად დროულად და სათანადოდ აღმოუჩინეს ადამიანებს დახმარება და ხომ არ ჰქონდა ადგილი სტიქიის ზონაში დაგვიანებულ რეაგირებას, რაც სისხლის სამართალში ვლინდება და ამის სახელდებაა განსაცდელში მიტოვება. ანუ გამოსაძიებელია, სახელმწიფომ, კონკრეტულმა ადამიანებმა, ხომ არ დატოვეს იქ ადამიანების დახმარების გარეშე. ამას სჭირდება ძალიან დეტალური გამოძიება. ამავე, 128-ე მუხლს შეიძლება დავუქვემდებაროთ, გომელაურის განცხადებაც“.

რატომ სამსახურებრივი გულგრილობა?

რაც შეეხება კიდევ ერთ მუხლს, რომლითაც ანა თავხელიძის თქმით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

გამოძიების ამ მუხლით დაწყებას იურისტი ორ ნაწილად ყოფს - სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ:

„გამოძიება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს, სტიქიის დაწყებამდე, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივ გულგრილობას ან რაიმე სხვა ტიპის სამოხელეო დანაშაულს ვინმეს მხრიდან, რომელსაც, მაგალითად, ევალებოდა, მიეღო შესაბამისი ზომები სტიქიის პრევენციისათვის, ინფორმაცია მიეწოდებინა შესაბამისი უწყებებისთვის და ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ ხომ არ გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა.

და მეორე ნაწილი - ხომ არ ჰქონდა ადგილი სამოხელეო დანაშაულს სტიქიის შემდეგ, რეაგირების ნაწილში. სწორედ ამ მუხლით უნდა მიმდინარეობდეს გამოძიება და გაეცეს პასუხი კითხვებს, რა რესურსი ჰქონდა სახელმწიფოს ეფექტიანი რეაგირებისთვის? გამოიყენეს თუ არა ეს რესურსი სრულფასოვნად? რატომ არ ითხოვეს დახმარება სხვა ქვეყნებისგან? რატომ ჩავიდა ადგილზე ვერტმფრენი სამი საათის შემდეგ?“

ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა გასცეს და თუკი მსგავსი კვალიფიკაციის სპეციალისტები არ ჰყავს ქვეყანას, მაშინ გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

სტიქიის ზონა, 5 აგვისტო
სტიქიის ზონა, 5 აგვისტო

ანა თავხელიძის თქმით, გამოძიების ნაწილში პრობლემას წარმოადგენს და კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ სტიქიაზე რეაგირებაცა და გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აბარია. ანუ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი:

„როგორი რეაგირება განახორციელა შსს-მ სტიქიის შემდეგ, ამას შსს ვერ გამოიძიებს. მით უმეტეს, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რიგითმა გამომძიებელმა შინაგან საქმეთა მინისტრისგან ან პარლამენტარისგან განსხვავებული დასკვნა გამოიტანოს და დაადგინოს, რომ სახეზე იყო დარღვევები? ეს უკვე ქმნის აშკარა ინტერესთა კონფლიქტს, მინიმუმ, გამოძიების ფორმალურ გამართულობას არღვევს“.

ანა თავხელიძე შიშობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა, იმ პოლიტიკური განცხადებების ფონზე, რა განცხადებებიც სტიქიის შემდეგ კეთდება, სრულფასოვანი გამოძიება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები ვერ მოიხსნება იმ შემთხვევაშიც, თუკი საქმის გამოძიებას სრულად გადაიბარებს პროკურატურა:

„ჩვენი კანონმდებლობით, გენერალურ პროკურორს შეუძლია, რომ ეს საქმე გამოსაძიებლად დაიქვემდებაროს, ანუ, საქმე მთლიანად გამოიძიონ პროკურორებმა და სხვა პროკურორებმა ზედამხედველობა განახორციელონ. თუმცა, მაღალჩინოსნების განცხადებების ფონზე, განსაკუთრებული მოლოდინი ვერ გვექნება, რომ პროკურორების მიერ ჩატარებული გამოძიების შემთხვევაშიც კი მივიღებთ ობიექტურ, მიუკერძოებელ და სრულყოფილ გამოძიებას“.

როგორ მიმდინარეობს გამოძიება?

ამ კითხვაზე პასუხი არ არის. შოვის სტიქიის საქმეზე რომ გამოძიება დაიწყო, ესეც მხოლოდ სტიქიიდან ოთხი დღის თავზე, 7 აგვისტოს გახდა ცნობილი.

სწორედ 7 აგვისტოს თქვა თემურ მღებრიშვილმა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება“.

მეწყერს გადარჩენილი მოქალაქეები, ფაქტის თვითმხილველები, გამოსაკითხი პირები ანუ პოტენციური მოწმეები, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ისინი გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება კვლავ 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს და ამ გამოძიებას კვლავ ისინი აწარმოებენ.

ხომ არ აპირებს გამოძიება შეცვალოს საქმის კვალიფიკაცია? პასუხი არც ამ კითხვაზეა. თუმცა, 7 აგვისტოს, თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიების პროცესში გამოვლენილი გარემოებების ფონზე, შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეცვლილიყო კიდეც.

სტიქიის ზონა
სტიქიის ზონა

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ანა თავხელიძე მიუთითებს, ეს არის ინფორმაციული ვაკუუმი. არადა, საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყება ვალდებულია, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს:

“ტელეეთერებით რასაც ვადევნებთ თვალყურს, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მაგალითად, შემთხვევის ადგილზე, ჩვენ არ გვინახავს ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობა, პირობითად, ნივთმტკიცებების ამოღების პროცესი. მოხდა თუ არა, წმინდა სისხლის სამართლებრივი კუთხით ადგილის შესწავლა სამაშველო სამუშაოების პარალელურად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან იქ შესაძლოა განადგურდეს და დაიკარგოს მტკიცებულებები, რადგან მაშველმა არ იცის, როგორ დაიცვას ნივთმტკიცება“.

ანა თავხელიძეს გამოძიებასთან აქვს სხვა კითხვებიც:

„მათ შორის, ცხედრის აღმოჩენის დროს, როგორ ხდება მათი დასურათება, არ ვიცით, ამას აკეთებს თუ არა სახელმწიფო. ეს ცხედრები ისე მიაქვთ-მოაქვთ, გვახსოვს, სტიქიის მეორე დღეს, საათობით ჰყავდათ დატოვებული ცხედრები და მოქალაქეები იცავდნენ მათ.

მაგალითად, ატარებენ თუ არა ექსპერტიზას, რომ დადგინდეს გარდაცვალების მიზეზები, დრო და ხდება თუ არა შედარება მოვლენათა განვითარებასთან? ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზი სხვა მოვლენებთან და გარემოებებთან მიმართებით.

შესაძლოა, აკეთებენ და არ ვიცით, ამიტომ საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას აკეთებს გამოძიება ახლა იმისთვის, რომ დაადგინოს, რა მოხდა შოვში, რეაგირება როგორი იყო და შეიძლებოდა თუ არა მინიმუმ ზიანისა და მსხვერპლის შემცირება“.

„შოვი არის დანაშაულის ადგილი“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, პარტია „ლელო საქართველოს“ წევრი და იურისტი და მოუწოდებს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის, ანუ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით:

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა. შოვი არის დანაშაულის ადგილი! ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე! დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი!“.

16 აგვისტოს 18 საათის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოებისას ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 26 ადამიანი. მაშველები ეძებენ კიდევ 7 ადამიანს.

ღვარცოფი რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG