Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიგრანტები სპეცრეისებს მოითხოვენ


საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ჩარჩენილი მიგრანტები მთავრობისგან სპეციალური ავიარეისების დანიშვნას ითხოვენ.

მთავრობის კანცელარიის წინ მიგრანტებმა აქცია გამართეს მოთხოვნით დაინიშნოს სპეცრეისები, რომლებიც საშუალებას მისცემთ იმ ქვეყნებში ჩავიდნენ, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

„ათასობით მოქალაქეა, რომელსაც ჩამოსვლა ან წასვლა უნდა. იქ „მრიცხველი ჩართულია“, ქირის, გადასახადის ხარჯი გროვდება, მუშაობით კი ვერ მუშაობენ“, - ამბობს აქციის მონაწილე ზაზა ნაროზაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ფრენაა დანიშნული, კერძოდ, ვენის, ამსტერდამისა და ბერლინის მიმართულებით, მაგრამ მიგრანტები ამბობენ, რომ ბილეთების ღირებულება ძალიან ძვირია (700 ევრომდე), თანაც, არა აქვთ ინფორმაცია იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ ჩასვლისას ელოდებათ.

georgian airways“-ს აქვს ექსკლუზიური უფლება ფრენებზე. თან, არავინ გპასუხობს, მე რომ ამ ქვეყნებში ჩავფრინდე და მერე ათენში გადავფრინდე, რამდენი დამიჯდება, ან კარანტინი თუ მომიწევს. დააყენონ „ვიზეარი“, რომელიც ნორმალურ ფასებს გვთავაზობდა“, - ამბობს ზაზა ნაროზაშვილი.

მანანა ანდღულაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“, ამბობს, საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ხალხს მსგავსი ინფორმაცია მიაწოდონო:

„ამისთვის არიან, რომ ეს ადამიანები იყვნენ ინფორმირებულები. ამისთვის ვუხდით დიპლომატებს ხელფასს. გაირკვეს რამდენი ადამიანია ჩარჩენილი. მთავრობის პოზიცია არის, რომ პანდემიასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, მაგრამ ნაწილი აქედან ვერ მიდის და ნაწილი იქიდან ვერ ჩამოდის. ეს ხალხის დისკრედიტაციაა“.

დავით ზალკანიანი განმარტავს, რომ ევროკავშირთან შეუთანხმებლად ვერ იმოქმედებენ:

„ვერ დავასწრებთ ევროკავშირს, ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ან ხვალ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, უკვე ჩვენი მხრიდან სხვა ფრენებზე დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ სხვა ავიაკომპანიებთან. ეს იქნება სრულ თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან, რაც იქნება ევროკავშირის მხრიდან“.

დღედე არსებული ინფორმაციით, რეგულარული ფრენები მინიმუმ აგვისტომდე ვერ აღდგება. ავიარეისების განახლება მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ავიაციის სააგენტო ყველას ურჩევს ბილეთების წინასწარი შეძენისგან თავი შეიკავონ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG