Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილო სამუსი: რუსეთის ოპერაცია „მანგუსტის ნახტომი“ პირველსავე საათებში კიევსა და ჩერნიგოვთან ჩაიფუშა


მიხაილო სამუსი
მიხაილო სამუსი

9 თვეზე მეტი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომიდან, რომელსაც რუსეთის ოფიციოზი დღემდე „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს.

  • უკრაინელ სამხედრო ექსპერტ მიხაილო სამუსთან ერთად გავიხსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ომის პირველი დღეები;
  • სად გადიოდა ფრონტის ხაზი 9 თვის წინ?
  • სად იმყოფებიან უკრაინის არმიის ელვისებური კონტრშეტევების შემდეგ უკუგდებული რუსეთის საოკუპაციო ძალები?
  • და როგორ გამოიყურება უკრაინული არმიის საბრძოლო პოტენციალი დასავლეთის ინტენსიური სამხედრო და ფინანსური დახმარების შემდეგ?

მიხაილო სამუსი: თებერვლიდან რუსეთის მხრიდან იყო მცდელობა, რომ განევითარებინა ძალიან სწრაფი, მასშტაბური ოპერაცია ყველა, თუ შეიძლება ითქვას, დომენში. ანუ აქ იყო სარაკეტო და საჰაერო იერიშები, მოქმედებდნენ სპეციალური ოპერაციის ძალები, სადესანტო-სადივერსიო ჯგუფები და, რა თქმა უნდა, გამოყენებული იყო ტრადიციული მიწისზედა ძალები და ასევე სამხედრო-საზღვაო ძალები. ანუ პრაქტიკულად რუსეთის არმიის მთელი შესაძლებლობა გამოიყენებოდა. ისინი იმედოვნებდნენ, ძალიან სწრაფად მოეხდინათ მთელი უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია. და რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს დღეს, მათ სურდათ სწრაფად გაენადგურებინათ უკრაინის ხელისუფლება, დაეკავებინათ უკრაინის დედაქალაქი კიევი. სხვათა შორის, ამ ოპერაციას ეწოდებოდა „მანგუსტის ნახტომი“. ანუ იგულისხმებოდა, რომ ერთბაშად ძალიან ბევრ მიმართულებაზე მიდიოდა შეტევა, ასეც იყო, დაახლოებით 7-8 მიმართულებაზე მიდიოდა უმძლავრესი შეტევები. რა გვაქვს შედეგად. არასწორი დაზვერვისა და მდგომარეობის არასწორი შეფასების შედეგად შეტევა და მთელი ეს იერიშები არაეფექტიანი გამოდგა. ჩაფუშვა ლამის პირველსაც საათებში დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ისინი სწრაფად ვერ შეძლებენ კიევის ხელში ჩაგდებას და, რომ მათ არ შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე სწრაფად და ეფექტიანად გადაადგილება, რადგან ნადგურდება [მათი] რაკეტებიც, თვითმფრინავებიც და ტანკებიც. სწრაფად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვაც და რუსეთის სადესანტო-სადივერსიო ჯგუფებიც სწრაფად ნადგურდებიან.

კობა ლიკლიკაძე: და შემდეგ, დაიწყო რუსეთის ძალების ელვისებრი უკან დახევა. და სად იმყოფებიან დღეს ამ ოპერაციის, „მანგუსტის ნახტომის“ ინიციატორები? სად იმყოფებიან რუსეთის ძალები? რა პოზიციები უკავიათ მათ?

მიხაილო სამუსი: დიახ, ანუ წარუმატებელი ოპერაციის პირველ დღეებში რუსეთის ძალებმა თანდათან უკან დახევა დაიწყეს. თავდაპირველად ისინი უკუიქცნენ კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან. ეს არის ჩრდილოეთის ოლქები. შემდეგ უკრაინის არმიამ დაიწყო მომზადება და განახორციელა მძლავრი ოპერაცია ხარკოვის ოლქში, შემდეგ ხერსონის ოლქში და ახლა, ფაქტობრივად ფრონტი გადის სამხრეთში, დნეპრის გასწვრივ. ოკუპაციის ქვეშ რჩებიან ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირი, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ნაწილი. აი, რაც ახლა ოკუპაციის ქვეშ რჩება.

კობა ლიკლიკაძე: არის ინფორმაცია, შემიძლია ციტატაც მოვიყვანო, მაგრამ თქვენ ეს იცით და გსმენიათ, რომ თითქოს, რუსეთის არმია ემზადებოდეს დატოვოს ზაპოროჟიე, დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, თქვენი აზრით?

მიხაილო სამუსი: ვფიქრობ, რომ სწორედ ახლა უკრაინის არმია ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის გათავისუფლების ოპერაციის ჩასატარებლად. ანუ იერიშებისთვის მელიტოპოლის მიმართულებით და, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზების მოსაჭრელად. თუ ეს ოპერაცია განხორციელდა, ამით ფაქტობრივად ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. როგორც ვიცით, ყირიმის ხიდი ნახევრად დანგრეულია. ამიტომ საზღვაოს გარდა, რუსეთს აღარ დარჩება მომარაგების სხვა გზები, რაც ძალიან სახიფათოა. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, რუსეთი შეეცდება ჩაატაროს თავდაცვითი ოპერაციები. რაც შეეხება ზაპოროჟიეს ოლქს, რომელიც სწორედ ამ ოპერაციის ობიექტია, ამ შემთხვევაში, მაინც, უფრო აქტიური უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევა. რადგან ამ ოკუპირებული ტერიტორიით ამჟამად ოპერირებს „როსატომი“, რომელიც, რატომღაც, დღემდე არ არის სანქციების ქვეშ. მე ვფიქრობ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა მოუწოდოს რუსეთს, რომ თუ არ სურს გამოვარდეს იმ ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების ათობით საერთაშორისო პროექტიდან, რომელშიც „როსატომი“ მონაწილეობს, - რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი ატომური ელექტროსადგურიდან და არ დააყენოს საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა. რადგან ავარიის საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზე მთელ ევროპას ემუქრება. შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური.

კობა ლიკლიკაძე: რატომ არ ითხოვს? თითქოს, როგორც ითქვა, უნდა მოეთხოვა?

მიხაილო სამუსი: ჩემი აზრით, წინააღმდეგობას წარმოადგენს სწორედ ეს 50 დიდი პროექტი, რომელშიც „როსატომი“ მონაწილეობს. ამ პროექტებში, ცხადია, მონაწილეობენ აშშ, გერმანიაც და საფრანგეთიც, სხვა ქვეყნებიც, თურქეთი, სამხრეთი კორეა და სხვა, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურს აშენებენ, მაგალითად, უნგრეთი და იღებენ ატომურ საწვავს. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მეტი მტკიცე ზეწოლა უნდა იყოს მათ შორის ამ პროექტში მონაწილე ამერიკელ და ევროპელ ბიზნესმენებზე. რადგან ამგვარად ისინი ხელს უწყობენ რუს აგრესორს და შესაძლებლობას აძლევენ მას, რომ ყველას ერთად შეგვიქმნას ეს საფრთხე.

კობა ლიკლიკაძე: მიხაილო, დაბოლოს მოკლედ. ალბათ ძალიან მოკლედ არ გამოვა, მაგრამ შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოკლედ გვითხრათ. გვახსოვს, რომ ომის პირველ დღეებში სიტუაცია სამხედრო ბალანსის თვალსაზრისით მაქსიმალურად რუსეთის მხარეზე იყო. როგორ გამოიყურება ამჟამად ძალთა ბალანსი „კოლექტიური დასავლეთის“ ინტენსიური დახმარების შემდეგ?

მიხაილო სამუსი: დასავლეთის მხრიდან არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკურ დახმარებას უკრაინისათვის, მე ვიტყოდი, ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ეს არის არა დახმარება, არამედ უზრუნველყოფა უკრაინის შესაძლებლობებისა, რომ განაგრძოს ბრძოლა. ის, რომ ევროკავშირი მომავალ წელს უკრაინას გამოუყოფს 18 მილიარდ ევროს, ფაქტობრივად იქნება იმის საწინდარი, რომ უკრაინის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა არ ჩამოიშლება და ის გააგრძელებს ფუნქციონირებას, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საომარი ოპერაციის გასაგრძელებლადაც, რომელიც ასევე ეფუძნება აშშ-ის და ევროპის სხვა ქვეყნების, ნატოსა და ევროკავშირის დახმარებას. „რამშტაინის“ ფორმატში, რომელიც უკრაინის დასახმარებლად შეიქმნა, მონაწილეობს 50 ქვეყანაზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ნატო და ევროკავშირი, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც უჭერენ მხარს უკრაინას. მე ვთვლი, რომ მაღალი სიზუსტის იარაღის თვალსაზრისით, დაზვერვისა და მართვის სისტემების მხრივ, უკრაინა ერთი თავით აღემატება რუსეთს. მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთს აქვს ძალიან დიდი რესურსი. რუსეთის მოსახლეობა 140 მილიონზე მეტია, მას შეუძლია მობილიზება გაუკეთოს მილიონ ადამიანსაც და ორ მილიონსაც. ეს, რა თქმა უნდა, იქნება საზარბაზნე ხორცი. ეს იქნება ძალიან დიდი დანაკარგი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დროს გააჭიანურებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG