Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხალ ბარანოვსკი: საქართველო დგამს ნაბიჯებს უკეთესობისკენ


მიხალ ბარანოვსკი
მიხალ ბარანოვსკი

ნატოს 11-12 ივლისის სამიტამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში მთავრობა გადადგა. რისი ნიშანია ეს საქართველოს დასავლელი პარტნიორებისათვის? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს მიხალ ბარანოვსკი, „გერმანიის მარშალის ფონდის“ ვარშავის ოფისის დირექტორი.

მიხალ ბარანოვსკი: „მთავრობის გადადგომის ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი: მთავარია, რომ ახალი მთავრობა განაგრძობს პოლიტიკურ კურსს, საგარეო-პოლიტიკურ კურსს, განაგრძობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ჰორიზონტზე ევროკავშირითა და ნატოთი. მთავრობის გადადგომა, სიმართლე გითხრათ, არ არის საკითხი, რომელიც აქ, ნატოს სამიტის დროს, განიხილება“.

რადიო თავისუფლება: „რაც შეეხება საქართველოს სურვილს გაწევრიანდეს ნატოში, 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოსა და უკრაინას არწმუნებენ, ნატოს წევრები გახდებითო. ამასობაში, 10 წელი გავიდა. კიდევ რა მანძილი, რამდენად რთული გზა უნდა გაიაროს საქართველომ?“

შავი ზღვის შემთხვევაში საკითხი ცოტა უფრო რთულია, თურქეთი ეჭვით უყურებს შავ ზღვაში ნატოს გაძლიერების საქმეს. იმედია, ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ. საქართველო, ცხადია, ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია და მასში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია...
მიხალ ბარანოვსკი

მიხალ ბარანოვსკი: „იცით, ვერავინ გეტყვით, რა მანძილის იქნება ეს გზა. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა 2008 წელს გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება: დადგება დღე, როცა უკრაინა და საქართველო ალიანსში გაწევრიანდებიან. მას შემდეგ გასული ათი წელი უაღრესად რთული გამოდგა: დაიწყო - და ეს ძალიან კარგად გვახსოვს პოლონეთში, სხვა ქვეყნებშიც - დაიწყო რუსეთთან ღია კონფრონტაციით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრით. ეს იყო პირველი დიდი ამბავი, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. კი, 10 წელი დიდი დროა, მაგრამ საქართველოს ეს დრო, საბედნიეროდ, უქმად არ დაუკარგავს. გზა, საბოლოოდ, ალიანსის წევრობამდე მიდის, თუმცა მანამდერაც ხდება, არის საქართველოს სამხედრო ძალების რეფორმა, დემოკრატიზაცია და თავისთავად ესეც არის ფასეული ქართველი ხალხისათვის. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გეტყვით, საქართველო ერთ, ორ ან სამ წელიწადში უსათუოდ გახდება ნატოს წევრი-მეთქი, საქართველო დგამს ნაბიჯებს უკეთესობისაკენ - მაგალითად, თავდაცვის სფეროშირეფორმების მხრივ - და ეს, თავისთავად, არის ფასეული“.

რადიო თავისუფლება: „რა ზომის შეიძლება იყოს ნატო? რამდენი წევრი შეიძლება ჰყავდეს? მაკედონია 30-ე გახდება? არსებობს რაიმე ზღვარი, შეზღუდვა?“

მიხალ ბარანოვსკი: „შეზღუდვა არ არსებობს. ნატო არის გაერთიანება დემოკრატიული ქვეყნებისა, რომელთაც აქვთ საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები. და ეს გაერთიანება კვლავაც მისდევს ე.წ. ღია კარის პოლიტიკას. იცით, მე პოლონელი ვარ - ღია კარის პოლიტიკა ძალაში იყო ნატოში პოლონეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გაწევრიანებამდე და ძალაშია ჩერნოგორიისა და მაკედონიის შემთხვევაშიც. ასე რომ, შეზღუდვა არ არსებობს. ქვეყანა, რომელზეც ყველა ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ წარმოდგენილი არ არის, რუსეთია. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში მისი კურსი შეიცვლება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით. რუსეთს არ გააჩნია ვეტოს უფლება ნატოს გაფართოების დასაბლოკად, მაგრამ ის ხელის შემშლელი ფაქტორია, განსაკუთრებით, მეზობელ ქვეყნებზე ზეგავლენისა და მათ საქმეებში ჩარევის გამო. დროთა განმავლობაში ამას, იმედია, ბოლო მოეღება“.

სამიტი. 12 ივლისი
სამიტი. 12 ივლისი

რადიო თავისუფლება: „რას იტყოდით „შავი ზღვის უსაფრთხოების“ კონცეფციაზე, რომელსაც ნატოს ამ სამიტზე ნატოს, უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლების სხდომა ეძღვნება?“

მიხალ ბარანოვსკი: „ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელსაც აქამდე, წინა სამიტების დროს, საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა. ეს - ერთი. თუ ნატოს სხვადასხვა ფლანგს შევხედავთ, დავინახავთ, რომ დიდი ყურადღება ექცევა ბალტიის ზღვას, რადგან ეს არის რეგიონი, სადაც რუსეთის ქმედებები ძალიან აგრესიულია. მაგრამ არსებობს თვალშისაცემი მსგავსება ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის. კალინინგრადიდან ვრცელდება რუსეთის სამხედრო ძალა ბალტიის ზღვაზე ისე, როგორც ყირიმიდან ვრცელდება რუსეთის სამხედრო ძალა შავ ზღვაზე. თუმცა შავი ზღვის შემთხვევაში საკითხი ცოტა უფრო რთულია, თურქეთი ეჭვით უყურებს შავ ზღვაში ნატოს გაძლიერების საქმეს. იმედია, ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ. საქართველო, ცხადია, ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია და მასში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ეს არის საკითხი, რომელიც, ვფიქრობ, დღის წესრიგში დარჩება, თუნდაც - ნატოს მომავალ სამიტზე“.

რადიო თავისუფლება: „თუ სწორად გავიგე, ნათელი არ არის, რა როლს შეასრულებს თურქეთი შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში“.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს აქამდე არ გაუმართავთ ასეთი შეხვედრა, ასეთი სამიტი. მას წინ უსწრებდა სინგაპურის სამიტი - აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა, რომელსაც ტრამპი მიიჩნევს დიდ, ისტორიულ მიღწევად...
მიხალ ბარანოვსკი

მიხალ ბარანოვსკი: „მე ვიტყოდი, რომ თურქეთისთვის ხშირად უსიამოვნო, შეიძლება ითქვას, გამაღიზიანებელია შავ ზღვაში სამხედრო ძალების ყოფნა - მით უმეტეს, რუსეთთან მისი ურთიერთობის გათვალისწინებითდა თურქეთის გეოგრაფიული მდებარეობის გამოც: ის აკონტროლებს შავი ზღვის შესასვლელს. ამიტომ, ვფიქრობ, თურქეთს სურს თავიდან აიცილოს შავი ზღვის მილიტარიზაცია“.

რადიო თავისუფლება: „და ბოლო შეკითხვა: რას მოელით დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოახლოებული სამიტისაგან? ნატოს მთელ რიგ წევრებში ეს სამიტი შეშფოთებას იწვევს.“

მიხალ ბარანოვსკი: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს აქამდე არ გაუმართავთ ასეთი შეხვედრა, ასეთი სამიტი. მას წინ უსწრებდა სინგაპურის სამიტი - აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა, რომელსაც ტრამპი მიიჩნევს დიდ, ისტორიულ მიღწევად. ის, რის საშიშროებასაც ვხედავთ მეც და ბევრი სხვაც, არის სამიტზე რაიმე სახის დიდ შეთანხმებაზე მოლაპარაკება. დღეს არ არის ის მომენტი, როცა დიდი გარიგებები უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ არ ვიცით, რა მოხდება ამ სამიტზე. კარგია, რომ ერთმანეთს ხვდებიან? - კი, შეხვდნენ, რატომაც არა. მაგრამ, ჩემი აზრით, საშიში იქნებოდა რაიმე სახის დიდი შეთანხმება მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაში ომის ხელშეწყობას, განაგრძობს ყირიმის ოკუპაციას, განაგრძობს მცოცავ ანექსიას საქართველოში. რუსეთი არ არის პარტნიორი, რომელთან ურთიერთობაც უნდა „გადატვირთო“, რომელსაც უნდა გაურიგდე. ამის დრო არ დამდგარა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG