Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში კვლავ სახელისუფლებო კრიზისია


მაია სანდუ
მაია სანდუ

პრორუსულად განწყობილი მოლდოველი „სოციალისტებისა“ და პროდასავლურ ბლოკ „ACUM“-ის კოალიციამ მეხუთე თვეს არსებობა შეწყვიტა და გადაიყოლა პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობა, რომელიც აპირებდა განეხორციელებინა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმა ევროპის ამ ყველაზე უფრო ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყანაში.

მოლდოვის პარლამენტში 12 ნოემბერს გამართულ კენჭისყრაზე მთავრობის მიმართ უნდობლობას მხარი დაუჭირა 63-მა დეპუტატმა 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან, მმართველი სოციალისტური პარტიის მომხრე აღმოჩნდა ქვეყნიდან პროტესტის შედეგად გაქცეული მილიარდერის, ვლად პლაჰოტნიუკის, მოლდოვის დემოკრატიული პარტია.

ვინ არის "პლაჰოტნიუკი 2"?

„სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ქურდი პარლამენტში შეაშინა რეფორმებმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პლაჰოტნიუკ 2-თან“, - განუცხადა მაია სანდუმ კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის წინ თავშეყრილ თავის რამდენიმეასეულ მომხრეს.

მაია სანდუს ხელმძღვანელობით მოლდოვაში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა ივნისში, ყველაზე გავლენიანი სოციალისტური პარტიისა და ბლოკ „ACUM“-ის გარიგების შემდეგ, რაც მიზნად ისახავდა დემოკრატიული პარტიისა და მისი ლიდერის, მოლდოველი ოლიგარქის, ვლად პლაჰოტნიუკის, დამხობას, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტების „მიტაცებაში“ სდებდნენ ბრალს.

საბოლოო ჯამში, პლაჰოტნიუკმა მოლდოვა დატოვა, მაგრამ სოციალისტურ პარტიასა და „ACUM“-ს შორის კოალიცია ვერ გამოდგა მყარი მათი იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობის გამო.

„ACUM“-ი და მისი ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ, მხარს უჭერდნენ დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, სწრაფ რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და დასავლურ სტრუქტურებში მჭიდრო ინტეგრაციას.

მოლდოველი სოციალისტები და წარსულში მისი ლიდერი, პრეზიდენტი იგორ დოდონი, რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და ევრაზიულ ეკონომიკურ გაერთიანებაში ქვეყნის გაწევრიანებას ემხრობიან.

სოციალისტებისა და „ACUM“-ის კოალიციას დიდი ბზარი გაუჩინა ამასწინანდელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა. მოლდოვის დედაქალაქის მერის პოსტზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოციალისტი იონ ჩებანე და პროდასავლური ბლოკის კანდიდატი ანდრეი ნასტასე, რომელიც არჩევნებში დამარცხდა.

საბოლოო წერტილი კი მმართველი კოალიციის არსებობას გენერალური პროკურორის დამტკიცების პროცედურის გარშემო წარმოქმნილმა უთანხმოებამ დაუსვა.

"განხეთქილების" გენერალური პროკურორი

ახალი პროცედურის თანახმად, გენერალური პროკურორის კანდიდატებს არჩევს მინისტრთა კაბინეტი, ხოლო კონკურსის წესით გამარჯვებულ კანდიდატს ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის მასში ახალი მოთამაშის შემოყვანას ცდილობდა „ვენეციის კომისიის“ სახით, რომელსაც უნდა შეეფასებინა საკანონმდებლო ცვლილება "პოსტფაქტუმ".

მთავრობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ვენეციის კომისიას“ არ აქვს უფლება, განიხილოს კანონი მისი ძალაში შესვლის შემდეგ. მთავრობის ჩანაფიქრის წინააღმდეგ წავიდა კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი მოლდოვის პრეზიდენტი, იგორ დოდონი.

„პრეზიდენტმა დოდონმა ვერ გაუძლო გამოცდას და ჩააგდო მართლმსაჯულების რეფორმა“, - განაცხადა მთავრობის ანგარიშის წარდგენისას, 12 ნოემბრის კენჭისყრამდე, პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ.

მთავრობის კოლაფსის შემდეგ პრეზიდენტმა დოდონმა ყველა საპარლამენტო ფრაქციას 13 ნოემბერს შეხვედრისა და კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა.

კოალიციამ დაიწყო რიგი ინიციატივების განხორციელება ივნისში დამტკიცებული არსებითი ვალდებულებების შესასრულებლად, განსაკუთრებით კორუფციის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და საბანკო სფეროში მომხდარი თაღლითობის გამოძიების მიმართულებით...
მაია კოციანჩიჩი


12 ნოემბერს პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი ძველი შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას მოლდოვაში ახალი კოალიციის ფორმირებისა და მთავრობის დამტკიცებამდე.

მოლდოვის პარლამენტში ყველაზე მეტი, 36 მანდატი, სოციალისტებს აქვთ, რაც არ არის საკმარისი კოალიციის ფორმირებისათვის. მათ ან „ACUM“-თან ერთად უნდა გააგრძელონ კოალიციაში ყოფნა, ან პარტნიორად გაიხადონ მოლდოვის დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერი, ოლიგარქი პლაჰოტნიუკი, ქვეყნიდან არის გაქცეული.

ლიდერის გარეშე დარჩენილი პარტია კვლავ სერიოზული პოლიტიკური ძალაა, პარლამენტში მას 30 დეპუტატი ჰყავს.

მოლდოვის პროდასავლური მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება „საგანგაშო სიგნალად“ მიიჩნია ევროკომისიამ.

„კოალიციამ დაიწყო რიგი ინიციატივების განხორციელება ივნისში დამტკიცებული არსებითი ვალდებულებების შესასრულებლად, განსაკუთრებით კორუფციის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და საბანკო სფეროში მომხდარი თაღლითობის გამოძიების მიმართულებით“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „მთავრობის გადადგომასთან ერთად მოლდოვაში არ გაქრება რეფორმების საჭიროება“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG