თუმცა რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ თბოელექტროსადგურზე ქვანახშირი უფრო სწრაფად დამთავრდება.
ამერიკული კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მოპოვებული ფოტოები აჩვენებს, რომ 16 იანვრისთვის კუჩურგანის ელექტროსადგურის მთავარ ნაგებობასთან ღია ცის ქვეშ შეგროვებული ქვანახშირის დაახლოებით ნახევარი გაქრა.
ელექტროსადგური გაზიდან ქვანახშირის საწვავზე გადავიდა 1 იანვარს, როდესაც დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა, რადგან უკრაინის გავლით ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.
რადიო თავისუფლებამ გააანალიზა 1, 5, 11, 14 და 16 იანვარს გადაღებული სატელიტური ფოტოები.
ამ სტატიისთვის შერჩეულია ყველაზე მკაფიო ფოტოები მათ შორის, რომლებზეც გვქონდა წვდომა.
პირველ ფოტოზე (მარცხნივ) ჩანს ქვანახშირის რაოდენობა გაზის კრიზისის დაწყებამდე და დათარიღებულია 2024 წლის 8 ოქტომბრით. ჩვენ ვიცით, რომ ეს რაოდენობა უცვლელი დარჩა 1 იანვრამდე, რადგან მოლდოვის თბოელექტროსადგური ამ თარიღამდე გაზზე მუშაობდა.
მარჯვენა ფოტო დათარიღებულია 16 იანვრით. დახაზულ ფოტოზე, განსაკუთრებით მის ზედა ნაწილში, ჩანს, რომ ქვანახშირი მთლიანად ან ნაწილობრივ ამ ადგილებიდან იქნა აღებული.
ამ ფოტოებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქვანახშირის დაწვის ამ ტემპებით, MGRES-ი მთლიანად ამოწურავს მარაგს 17 თებერვლამდე - თარიღამდე, რომელიც ტირასპოლის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ მიუთითა.
კიშინიოვის ხელისუფლების გამოთვლით, MGRES -ს ქვანახშირი მხოლოდ იანვრის ბოლოსთვის ექნება და ამ გამოთვლას სატელიტური ფოტოებიც ადასტურებს. სტატიის გამოქვეყნებისთვის, ქვანახშირი, დიდი ალბათობით, უკვე ამოწურვის პირასაა.
ელექტროსადგურს, რომელიც რუსულ კომპანია Интер РАО-ს ეკუთვნის და დნესტრისპირეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლდება, ქვანახშირის მარაგები არ შეუვსია 2014 წლის შემდეგ, როცა მან ვერ შეძლო ქვანახშირის შეტანა უკრაინიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.
1 იანვრიდან, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის თანახმად, ის ქვანახშირით აწარმოებს 140-150 მეგავატ/სთ ელექტროენერგიას დღეში, რაც ფარავს მოსახლეობის ძირითად მოთხოვნებს. ცხელი წყლისა და ცენტრალური გათბობის გარეშე დარჩენილი ხალხი ელექტროქურებს იყენებს გასათბობად.
თუ გაზის მიწოდება დნესტრის მარცხენა ნაპირზე არ აღდგება - მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის კი უცნობია, აღდგება თუ არა ის როდისმე - ვითარება დნესტრისპირა რეგიონში შეიძლება უეცრად გაუარესდეს, როცა ქვანახშირის მარაგები ამოიწურება, რაც შესაძლოა, უკვე რამდენიმე დღეში მოხდეს.
კიშინიოვის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ტირასპოლის ლიდერებს ჯერ არ მიუღიათ შეთავაზებული გადაწყვეტილება: ან "მოლდოვგაზს" შესძლებოდა ეყიდა გაზი დნესტრისპირეთისთვის ევროპის ბაზარზე, თუ რუსული "გაზპრომი" არ აღადგენს მიწოდებას დამოუკიდებლად, ალტერნატიული მარშრუტებით, უკრაინის შემოვლით; ან კიშინიოვი და კიევი მოლდოვის სახელმწიფო თბოელექტროსადგურზე უკრაინული ქვანახშირის ახალ მარაგს შეიტანდნენ.
შესაძლებელია თუ არა, მოლდოვის სახელმწიფო თბოელექტროსადგურმა კვლავ უკრაინულ ქვანახშირზე იმუშაოს?
უკრაინას, რომლის ტერიტორიების ნაწილი რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიკავა, აღარ სურს, რომ თავისი ტერიტორიის გავლით გაედინებოდეს რუსული გაზი, რომელსაც ევროპაში გაყიდვით მოსკოვი აფინანსებს საომარ მოქმედებებს.
კიევი MGRES-ისთვის გამონაკლისს ვერ დაუშვებს, მაგრამ შეუძლია მას ქვანახშირი მისცეს გაზის ნაცვლად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს დაადასტურა 25 იანვარს, როცა კიევში მიიღო მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მისცეს ქვანახშირი "დაბალ ფასში" ან "უფასოდაც კი", თუ ელექტროსადგური სანაცვლოდ ასევე მისცემს უკრაინას ელექტროენერგიას.
უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც აქვს ქვანახშირის „А“ ტიპის საბადოები, სადაც მოპოვებული წიაღისეულით თბოსადგურს მუშაობა შეუძლია.
თუმცა, უკრაინის მაღაროები, სადაც ამ ტიპის ქვანახშირს მოიპოვებენ, დონბასში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და, როგორც რადიო თავისუფლებას აცნობა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ, „“А“ ტიპის ქვანახშირი არ მოიპოვება ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს“.
მაგრამ, უკრაინას აქვს „А“ ტიპის ქვანახშირის მარაგი, რომელიც, როგორც იანვარში უკრაინის პრემიერმა, დენის შმიჰალმა შეაფასა, სამ მილიონ ტონამდეა.
ენერგეტიკის კიეველმა ექსპერტმა, ვოლოდიმირ ომელჩენკომ განუმარტა რადიო თავისუფლებას, რომ უკრაინას ამ ტიპის ქვანახშირის მარაგი შემორჩა იმის გამო, რომ რუსეთმა გაანადგურა ბევრი თბოელექტროსადგური, რომლებიც მას მოიხმარდნენ.
ამასთან, უკრაინამ განაახლა თავისი ელექტროსადგურების უმეტესობა და ისინი ან ბუნებრივ აირზე გადაიყვანა, ან სხვა, „G“ ტიპის ქვანახშირზე, რომელიც დონბასის ოკუპირებული მიწების გარეთაც მოიპოვება უკრაინაში.
შეიძლება თუ არა, უკრაინამ მიაწოდოს მოლდოვაში თბოელექტროსადგურს „А“ მარკის ქვანახშირი? ომელჩენკო გვიხსნის, რა საკითხები უნდა მოგვარდეს ამისთვის.
პირველი ისაა, რომ „ვაჭრობა არაღიარებულ სახელმწიფოებთან, პრაქტიკულად, პრორუსულ ტერორისტულ ორგანიზაციებსა და რუსეთის ანკლავებთან რუსეთთან ომის პერიოდში, მისი თქმით, „სისხლის სამართლის დანაშაულია“. ქვანახშირი ჯერ უნდა მოხვდეს მოლდოვის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კიშინიოვის კანონიერი ხელისუფლება აკონტროლებს და შემდეგ უნდა გადაწყვიტოს მისმა მთავრობამ, „როგორ და ვის“ მიაწოდოს ის.
კიეველ ექსპერტს ამასთან ეჭვი ეპარება, რომ დნესტრისპირეთს შეეძლოს თუნდაც სიმბოლური საფასურის გადახდა ქვანახშირისთვის, რადგან ამ „რეგიონის ეკონომიკა ისეა მოწყობილი, რომ მოქმედება შეუძლია მხოლოდ უფასო აირის საფუძველზე, რომელსაც რუსეთი აწვდის. ესაა მოდელი, რომელიც ბოლო სამი ათწლეული მოქმედებდა.
მეორე მოდელის ამოქმედების შემთხვევაში, რომელიც ზელენსკიმ შესთავაზა კიშინიოვს - ქვანახშირი ელექტროენერგიის სანაცვლოდ, მოლდოვის თბოელექტროსადგურს მთლიანად ქვანახშირზე მოუწევს გადასვლა.
არ არის ცხადი, 12 საწარმოო ბლოკიდან რამდენს შეუძლია ქვანახშირი მოიხმაროს გაზის ნაცვლად, განახლების და რემონტის გარეშე.
„ქვანახშირს Wi-Fi-თ ვერ გადაზიდავ“
მოლდოვის ხელისუფლებას საჯაროდ არ გამოუცხადებია, აქვს თუ არა თავისი თბოელექტროსადგურისთვის უკრაინიდან ქვანახშირის მიწოდების კონკრეტული გეგმა.
ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, კონსტანტინ ბოროსანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, 6 იანვარს აღიარა, რომ ასეთი ნაბიჯი ერთობ რთული გადასადგმელი იქნება. საჭიროა ათასობით ტონა ქვანახშირის უწყვეტი მიწოდება: „ლოგისტიკა ძალიან რთული იქნება, გადაზიდვა რკინიგზით, დატვირთვა და გადმოტვირთვა, შენახვა“. „ქვანახშირს Wi-Fi-თ ვერ გადაზიდავ“, ამბობს ბოროსანი.
გარდა ამ ლოგისტიკური სირთულეებისა, რომლებიც დნესტრისპირეთში ქვანახშირის გადატანას უკავშირდება, დღევანდელ მდგომარეობაში მოლდოვის თბოელექტროსადგური ვერ შეძლებს მუდამ ქვანახშირზე იმუშაოს.
ეს კრასნოსელსკიმ თვითონ აღიარა რუსეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში 23 იანვარს. მისი თქმით, „მხოლოდ ერთ, მეხუთე ბლოკს შეუძლია ქვანახშირზე მუშაობა და ისიც გამოფიტულია და „მოდერნიზება სჭირდება“.
საკითხი შეიძლება უკრაინამ მოაგვაროს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სპეციალისტები შეძლებდნენ განეახლებინათ მოლდოვაში თბოელექტროსადგური, რომელსაც ძალუძს გამოიმუშაოს ცხრაჯერ მეტი ელექტროენერგია, ვიდრე დღეს და ეს საკმარისი იქნებოდა „ტირასპოლის, კიშინიოვის და, თუ საჭირო იქნა, უკრაინისთვისაც“.
დასკვნის მაგივრად
თუ მოლდოვის სახელმწიფო თბოელექტროსადგური კვლავაც გააგრძელებს ქვანახშირზე მუშაობას უფრო მეტად და უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ დნესტრისპირეთის ხელისუფლები, მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება 27 იანვრის შემდეგ, როცა მთლიანად გათავდება გაზი, რომელიც დნესტრის მარცხენა ნაპირზე მილსადენებში კიდევ არის დარჩენილი რუსეთის მხრიდან მოწოდების შეწყვეტის შემდეგ.
ახლა ეს გაზი მოსახლეობას მიეწოდება საჭმლის მოსამზადებლად და როცა ის დამთავრდება, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება და საჭირო გახდება მეტი ქვანახშირის დაწვა.
მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა, სანდუმ და ზელენსკიმ 25 იანვარს კიევში განაცხადეს, რომ სურთ წვლილი შეიტანონ დნესტრის მარცხენა ნაპირზე ენერგოკრიზისის მოგვარების საქმეში.
ახლა დნესტრისპირეთის ხელისუფლებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა კიევისა და კიშინიოვის დახმარება.
მაგრამ მათ სწრაფად უნდა იფიქრონ, რადგან, როგორც მოლდოვის თბოელექტროსადგურისთვის გადაღებული სატელიტური ფოტოები მოწმობენ, დნესტრის მარცხენა ნაპირზე სინათლე მალე სამუდამოდ შეიძლება ჩაქრეს.
ამ სტატიის მომზადებაში მონაწილეობდნენ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი ოლგა კაცანი და ფოტოანალიტიკოსი მაჰარ ტიულ ადერჰილი.