Accessibility links

მომავლის წარსული


უხსოვარ დროს, როცა საქართველოს პოლიტიკოსები მართავდნენ, პოლიტიკური ეთიკის შესაბამისად, მაკიაველური პრაგმატულობით და პოლიტიკური რიტორიკისთვის დამახასიათებელი პოპულიზმით, ელემენტარული ზრდილობის გამო მაინც გვპირდებოდნენ რაღაცას მომავლის შესახებ, რადგან ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუკი მას მომავლის ხედვა არ აქვს, ან ყოველ შემთხვევაში, მეტნაკლებად რეალისტური დაპირება, რა და როგორ უნდა მოიმოქმედოს მომავალში.

მომავლის წარსული
please wait

No media source currently available

0:00 0:04:33 0:00

შესაძლოა დაპირება სულაც არ იყოს რეალისტური, მაგრამ ისევ და ისევ პოლიტიკური ტრადიციის გათვალისწინებით, არარეალისტური დაპირება ხომ მაინც უნდა ისმოდეს დრო და დრო?!

წლების წინ იმას მაინც გვპირდებოდნენ, რომ თითო სოფელს ხუთ-ხუთი მილიონი ექნებოდა, რომ რამდენიმე წელიწადში - ოღონდ ეს წლები დიდი ხანია, უპასუხისმგებლოდ გალეულ წარსულში შთაინთქა - გასაოცარ დემოკრატიას მივიღებდით და ფაქტობრივად (და ეტაპობრივად) ყველა ის პრობლემა მოგვარდებოდა საქართველოში, რაც მეცამეტე საუკუნიდან, მონღოლების შემოჭრის შემდეგ დაგროვებულიყო.

ბოლოს და ბოლოს, ოცნებას მაინც გვპირდებოდნენ, სხვა თუ არაფერი, მაგრამ ახლა ოცნებას ვინღა ჩივის, შედარებით დამაჯერებელ ტყულისაც კი ვეღარ იგონებენ, რათა მმართველი პარტიის ყველაზე სასოწარკვეთილმა გულშემატკივარმა მაინც მოიტყუოს თავი სინდისდამშვიდებულად.

ახლა კი ისეთი უცნაური რეალობა დადგა, რომ კოლექტიური ივანიშვილი არათუ ოცნებას ან ილუზიას, არამედ საერთოდ არაფერს გვპირდება, რაც მომავალთან იქნებოდა დაკავშირებული - მისი (თუ მათი) დაპირება მხოლოდ წარსულს უკავშირდება და არა მომავალს.

ამომრჩეველმა მას მხოლოდ იმიტომ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ 2012 წლამდელი წარსული არ დაბრუნდეს და სამუდამოდ (სულ მცირე, 2030 წლამდე მაინც) დარჩეს 2012 წლის საოცნებოდ გასახსენებელ პირობებში.

ამომრჩეველმა საშვილიშვილოდ უნდა დააფასოს 2012 წელი და პოლიტიკურად თუ ფსიქოლოგიურად, არავითარ შემთხვევაში არ გასცდეს აღნიშნულ წელიწადს, იმის მიუხადავად, რომ 2012 წლის შემდეგ აგერ უკვე 8 წელი გავიდა და ახლა 2020 წელია.

კოლექტიურ თუ კოლექტივის ივანიშვილს არაფერი აქვს შემოსათავაზებელი წარსულის გარდა, ეს კი, არსებითად, მომავალთან არის შეუთავსებელი, რადგან რაც არ უნდა მოხდეს ან არ მოხდეს, ასე თუ ისე, დრო მაინც გავა... კალენდარს ვერაფერს მოუხერხებ და მომავალს ვერ გააუქმებ (ისევე როგორც, ცხადია, წარსულს).

"ოცნებას" იდეა არ აქვს, მისი "იდეა" 2012 წლის გამარჯვებაც კი აღარაა, არამედ მხოლოდ შიში, რომელსაც ფრანკენშტაინივით გამოაცოცხლებს ხოლმე ყოველ არჩევნებზე, თუმცა წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფრო ნაკლები ეფექტურობით (რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს შიში სრულად გამქრალია ან ფუნქციური არ არის), დაპირებად კი მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ მომავალი წარსული იყოს, ოღონდ ისეთი, რომ არც უკან ჩავცდეთ 2012 წელს და არც წინ გავუსწროთ დიდად. ანუ სულ იქ ვიყოთ. უკუნითი უკუნისამდე.

ამ ფილოსოფიით შესაძლოა საარჩევნო ლოზუნგიც კი შექმნან, სადაც პოლიტიკური კანონების დარღვევით, არა თავიანთ გამარჯვებას, არამედ სხვების გაუმარჯვებლობას აქცევენ მთავარ შეგონებად: "ჩვენ ვეღარაფერს გპირდებით, მაგრამ ხმა მოგვეცით, რათა არ დაბრუნდნენ."

მავანთა არდაბრუნება, როგორც მთავარი და ერთადერთი პოლიტიკური იდეა...

ბატონი პუტინისგან განსხვავებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომში 75 წლის წინანდელი გამარჯვებით ცდილობს დღევანდელი არარსებული დიადი გამარჯვებების იმიტაციას (დაძველებული ძალაუფლების ლეგიტიმაციასთან ერთად), ჩვენს მმართველ ორიათასთორმეტიანელს მეტისმეტად მცირე სივრცე აქვს მანიპულაციისთვის, რადგან შეუძლებელია მუდმივად გეიმედებოდეს 2012 წლის არჩევნები, როცა ეს უკვე მხოლოდ ისტორიკოსებს აინტერესებთ.

თუმცა დღევანდელ დროს, როცა ტოტალური პოლიტიკური უიდეობის პირობებში, ჩრდილოეთით 1945 წლის 9 მაისის აღნიშვნას გეგმავენ 24 ივნისს (რიცხვებს რა მნიშვნელობა აქვს - მთავარი ხომ რაღაცის გამოდნობაა უნაყოფო დღევანდელობისთვის), და როცა ეს, სამწუხაროდ, ჯერაც მრავალზე ახდენს შთაბეჭდილებას, არც ის იქნება გასაკვირი, რომ კოლექტიური ივანიშვილის 2012 წლის ილუზიამ კიდევ ერთხელ შესძლოს აწმყოდ დამკვიდრება - როცა ფიზიკის, დროის, მორალის თუ ისტორიის კანონების მიუხედავად, წარსული კვლავაც იმედგამაცრუებლად დაჯაბნის მომავალს.

XS
SM
MD
LG