Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომდევნო 10 წელი საქართველოს პოლიტიკაში: სასურველი VS სავარაუდოდ მოსახდენი


Georgia -- Tavisupali sivrce
Georgia -- Tavisupali sivrce

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ერთ პოლიტიკურ პროგნოზს გავაკეთებ: თუ რამე სასწაული არ მოხდა (და სასწაულები ხანდახან ხდება) მაგრამ თუ არა და ისეთი პირი უჩანს, რომ მინიმუმ მომდევნო 6–10 წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება. შეიძლება, ჩანაცვლდნენ ან გადანაცვლდნენ კონკრეტული ფიგურები, მაგრამ არა– პარტია. მე პირადად არ ვხედავ დღეს საზოგადოებაში ხელისუფლების შეცვლისკენ მიმართულ დიდ მუხტს, იმხელა უკმაყოფილებას, რომელსაც ხელისუფლების გადარჩევისკენ ან, მითუმეტეს, რევოლუციური გზით შეცვლისკენ, მივყავართ. საზოგადოებას ძირითადად „შეჩვეული ჭირი“ ურჩევნია და მართლა რამე აუტანელს თუ არ გააკეთებენ, უბრალოდ პროგრესის დასაჩქარებლად ხელისუფლების შეცვლა ნაკლებად არის სავარაუდო. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება ისედაც რაღაცნაირად გადაღლილია, ამიტომ გლობალურ პროტესტს არ უნდა მოველოდოთ. კონკრეტული ჯგუფების კონკრეტული უფლებების დაცვის მოთხოვნით (მაგ. დასაქმებულების) გამართული საპროტესტო აქციების მომრავლება რაღაცა დიდის მომასწავებელი არ არის. პირიქით, ეს ამ „დიდის“ მოხდენას ანელებს, ერთგვარი განტვირთვაა საზოგადოებისთვის. ეს პერიოდი უფრო ვითარების გააზრებაა, დაკვირვება, გამოსავლის თეორიული ძიება. და ეს მხოლოდ საქართველოში არ არის ასე. ერთი გერმანელი ახალგაზრდა იქ ყოფნისას მეუბნებოდა, რომ იქაც ხელისუფლება გადაირჩევა მხოლოდ თუუუკი რამე მკვეთრად და საყოველთაოდ მიუღებელ რამეს გააკეთებს. 2020 არჩევნები ისევ დაახლოებით ძალთა მსგავსი განლაგებით ჩაივლის. ყველა 2024 წელს ელოდება, როცა საპარლამენტო არჩევნები ახალი, პროპორციული წესით, ჩატარდება. 2024–შიც, თუ რამე სასწაული არ მოხდება, მოქალაქეები სავარაუდოდ არ მოინდომებენ ერთდროულად ახალი სისტემისა და ახალი მმართველი ძალის დატესტვას და მხოლოდ დაანონსებული სისტემის დატესტვით შემოიფარგლებიან. შეიძლება, ნაკლები ან მეტი პროცენტულობით მოხვდეს პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში მმართველი პარტია, მაგრამ კოორდინალურად არა მგონია, რამე შეიცვალოს. მითუმეტეს, დღეს ჩანასახშიც კი არ ჩანს რამე ისეთი „ვაუ“ პარტია, რომელსაც ადამიანები ენთუზიაზმით შეხვდებიან და აყვებიან. ყველა არსებული ძალა ადამიანებისთვის კარგადაა ნაცნობი თავისი შეცდომებით და არცერთის მიმართ დიდი მოლოდინები და აღტკინება აღარ არის. 2028–ში კი უბრალოდ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე ამოიწურება, ლოდინის ყველა ვადა, ასე ვთქვათ: საკონსტიტუციო რეფორმის შედეგებსაც მოვიმკით უკვე და... თანაც 10 წელია მანამდე. იქნებ, გამოჩნდეს კიდეც ამასობაში ახალი სერიოზული პარტია, რომელიც შეძლებს მოსახლეობის დაინტერესებას, მოტივირებასა და მისი ნდობის მოპოვებას.

ისე კი ერთს ვიტყვი. ისტორიულად ნაპოლეონმა თავისი კონსულობის 4 წლის შემდეგ (1799 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში და 1804 წელს გამოაცხადა თავი იმპერატორად) მიყო ხელი ხელისუფლების უზურპაციას. ჰიტლერმაც ყველაზე დიდი საშინელებების კეთება ხელისუფლებაში მოსვლიდან 4–5 წლისთავზე დაიწყო (აირჩიეს 1933 ბროლის ღამე კი 1938–ში მოხდა). სააკაშვილიც: 2003–ში მოსვლა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, ქვეყნის პროგრესის დაწყება, 2007–ში კი– 7 ნოემბერი და ყველაფერი, რაც მას მოყვა. პუტინმაც საერთაშორისო დამპყრობლობისკენ გახედვა დაიწყო მე–2 ვადიდან, ასე 2004 წლიდან. მოკლედ 4 წელი ამერიკელებს ზუსტად აქვთ გამოთვლილი. ეს არის ადამიანის ძალაუფლებასთან ყოფნის უსაფრთხო ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ადამიანში, ეტყობა, ისეთი ფსიქოლოგიური პროცესები ვითარდება, რომლებიც მას ყოვლისშემძლეობაში არწმუნებს და დიქტატურისკენ მიდრეკილებას უჩენს. იგივე შეიძლება, ითქვას პარტიებზეც, ხელისუფლებაში მყოფ ძალებზე/ჯგუფებზე. ტოტალიტარული რეჟიმები და დესპოტები ხომ თავისთავად დასაყრდენის გარეშე არ არსებობენ, მხოლოდ ერთი ადამიანის ამარა. იქნება და გავითვალისწინოთ ეს. ბოლოსდაბოლოს 4 წლიანი საპრეზიდენტო ვადის გამომგონებელი ქვეყანა აგერ უკვე 250 წელია, არსებობს, ვითარდება, ძლიერდება და წინ მიდის და... შეიძლება, გერმანულ სისტემაში ის, რომ ანგელა მერკელი უკვე 12 წელზე მეტია, რაც ქვეყანას წარმოადგენს, ნორმალურია და საქმეს/დემოკრატიას არ ვნებს, მაგრამ საქართველოში... არ ვიცი, არ ვიცი... საპარლამენტო მოდელის გადმოტანა თავისი ვადების შეუზღუდავი ოდენობით პრემიერის დანიშვნის შესაძლებლობით, ერთი და იგივე პარტიის უმრავლესობაში მოსვლის საპარლამენტო ვადების შეუზღუდავი ოდენობით, რა სიკეთეს მოგვიტანს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG