Accessibility links

site logo site logo

მონტესორი საქართველოში


ავტორი: მირანდა ლაზაშვილი

„ბავშვი საზოგადოებისთვის სრულიად უცხოა. მისი ადგილი ადამიანურ ყოფაში ბიბლიის ერთი ამონარიდით შეგვიძლია დავახასიათოთ: ჩემი სამეფო არაამქვეყნიურია..." - მარია მონტესორი, „ბავშვები სხვანაირები არიან“

ზრდასრულები დიდი ხანია აღარ ვეკუთვნით ბავშვურ სამყაროს და ამიტომაც ხშირად არ გვესმის მათი. მარია მონტესორის ფილოსოფია გვასწავლის, როგორ გავუგოთ ბავშვებს, როგორ დავეხმაროთ ჰარმონიულად განვითარებაში და როგორ ვემსახუროთ მათ.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და გავიაზროთ, რომ ბავშვი და ზრდასრული სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს. უფროსისგან განსხვავებით ბავშვი არ ცხოვრობს მიზანსწრაფვებით, არც დროის ეკონომიურად გამოყენების სურვილი ადარდებს. მაგალითად, პატარა ბავშვი ერთსა და იმავე ქმედებას მრავალჯერ იმეორებს. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვი წყვეტს გამეორებას. მისი შინაგანი სამყარო დაკმაყოფილებულია, მას არანაირი შესამჩნევი გარეგნული მიზნისთვის მიუღწევია. ქმედებას მხოლოდ შინაგანი მოტივაცია გააჩნდა. გარე სამყარო მხოლოდ საშუალებაა ბავშვისთვის, აღმოაჩინოს საკუთარ თავში დაფლული სიმდიდრე, მრავალფეროვნება, ერთი სიტყვით, საკუთარი პიროვნულობა. ამ მოცემულობაში არათუ უაზრობაა, ბავშვს ვასწავლოთ სწრაფი და მიზანმიმართული ქცევა, არამედ ამით უხეშად ვერევით მის სამყაროში.

101 წლის წინ, როცა საქართველოში მონტესორის ლექციების კურსი პირველად ჩატარდა, მარია მონტესორი უკვე ცნობილი პედაგოგი იყო. ის ბავშვებით და მათი ბედით პირველად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაინტერესდა. მთელი მომდევნო ცხოვრება კი თავისი განსაკუთრებული პედაგოგიკის სისტემის შექმნას დაუთმო.

ერთი საუკუნის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ მარია მონტესორის მოწაფე, ლოლა კონდულმარი მოიწვია. ამ გამორჩეულ კურსს, თბილისში, სხვადასხვა სკოლის 36 მასწავლებელი დაესწრო.

ცნობას, მონტესორის პედაგოგიკით დაინტერესებაზე, საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს. ანგარიში კი 1920 წლის 4 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტს თამარა ნიკოლოზის ასული ერისთავი აწერს ხელს.

ლოლა კონდულმარი თბილისში შეკრებილ მასწავლებლებს მონტესორის კურსის მიზანსა და მნიშვნელობაზე ესაუბრებოდა. ასევე უამბო მარია მონტესორის მოღვაწეობაზე, მის ვინაობასა და პედაგოგიური სისტემის მნიშვნელობაზე. მისი სასწავლო კურსი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან განათლების სამინისტრომ კურსის დამთავრების შემდეგ იტალიიდან მონტესორის სისტემის აღჭურვილობაც გამოიწერა. მონტესორის პრინციპით კი რამდენიმე საკლასო ოთახიც გამართეს.

მონტესორის პედაგოგიკა მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

თუ რა ბედი ეწია გადამზადებულ მასწავლებლებს და სად გაქრა მონტესორის პრინციპით გამართული კლასები, ცალკე კვლევის საგანია. თუმცა, ამ ანგარიშით, ჩემთვის ერთი რამ ცხადი გახდა, რუსეთის ტლანქი იდეოლოგიის გაბატონებამდე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა მზად იყო ახალი იდეების მისაღებად. მეტიც, მზად იყო, საკმაოდ დიდი თანხაც გამოეყო და განათლების სისტემა ინოვაციური გაეხადა.

ამ ცნობას ცოტა ხნის წინ გადავაწყდი. ის, რომ მონტესორის პედაგოგიკა ჩემს ქვეყანაში ერთი საუკუნის წინ აინტერესებდათ და აფასებდნენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მონტესორის ორწლიანი სადიპლომო კურსი წელს დავამთავრე. ხშირად მიფიქრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მეგობრული გარემოს შექმნა. არა აქვს მნიშვნელობა მონტესორის ფილოსოფიას ავირჩევთ, თავისუფალი სკოლის პრინციპებს თუ განათლების ფინურ მოდელს. მთავარი თითოეული მშობლის, მასწავლებლის, მთლიანად საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა და იმის გააზრებაა, თუ რას ნიშნავს, ზრდიდე თავისუფალ ბავშვს.

მონტესორი თვლიდა, რომ უმნიშვნელოვანესია ბავშვებს ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მზრუნველი, მგრძნობიარე გარემო კი ბავშვს ეხმარება საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს.

მონტესორის პედაგოგიკაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი მომზადებულ ზრდასრულს უკავია. მონტესორი უფროსებისგან მოითხოვს არა მხოლოდ უზადო აკადემიურ მომზადებას, არამედ შინაგან სიმსუბუქეს, სილაღეს, თავდაჭერილობას. გახდე მონტესორიანელი ნიშნავს, ეს ფილოსოფია ცხოვრების წესად აქციო.

მონტესორი ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე საუბრობს: დამოუკიდებლობასა და სოციალურ ცხოვრებაში ინდივიდის მონაწილეობაზე.

თუ დაჰკვირვებიხართ, რისი გაკეთება ეხალისებათ ყველაზე მეტად ბავშვებს? მათ ძალიან აინტერესებთ ყოველდღიური ცხოვრება. აინტერესებთ ყველაფერი, რასაც დიდები აკეთებენ. სურთ დახმარების გარეშე, თვითონ ჩაიცვან ტანსაცმელი, მოგავონ იატაკი, დაისხან ჭიქაში წყალი, მოამზადონ საჭმელი. მათ სურთ დამოუკიდებლად აკეთონ ყველაფერი ის, რაშიც ასე გულმოდგინედ ეხმარებიან უფროსები. ბავშვებს არ სჭირდებათ ძვირადღირებული სათამაშოების ჩუქება, მათ სჭირდებათ რეალურ გარემოში თანამონაწილეობა და რეალური საგნები.

თვითმიზანი არავისთვისაა ორი წლის ბავშვი მაინცდამაინც სადილს ამზადებდეს. აქ მნიშვნელობა მის სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობასა და მის პიროვნულ განვითარებას ენიჭება. ბავშვი რწმუნდება, რომ მას მართლა ყველაფრის გაკეთება შეუძლია. სწორედ ამ თითქოს უმნიშვნელო აქტივობებით ყალიბდება ბავშვი დამოუკიდებელ არსებად.

განათლება არ არის მხოლოდ მათემატიკის, ქართულის ან ბუნებისმეტყველების სწავლა. ბუნებრივია, ეს განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ასეა მონტესორის პედაგოგიკაშიც. მაგრამ განათლება გულისხმობს ყოველდღიური ცხოვრებისთვის მზადებასაც.

ბავშვის თავისუფლება კი რეალიზდება მაშინ, როცა მოზარდი სწორედ საკუთარი შინაგანი განვითარების მოთხოვნილებებით მოქმედებს. ამ შემთხვევაში ბავშვი თავისუფალია თავსმოხვეული მოლოდინებისგან.

ბავშვის უფლებაა ფეხი დაუცდეს და წაიქცეს, უკუღმა ჩაიცვას ფეხსაცმელი, დაღვაროს წყალი, ირბინოს წვიმაში, ჭამოს ის, რაც მოსწონს. ჭამოს იმდენი, რამდენიც მისი აზრით, საკმარისია.

მონტესორის პედაგოგიკაზე ლიტერატურა ქართულად ან ძალიან მწირია, ან საერთოდ არ არსებობს. თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, ვფიქრობ, მიზანშეწონილია ვისაუბროთ პედაგოგიკაზე, ვისაუბროთ პრობლემებზე. იმაზე, რომ ავტორიტარული მოდგომები არა მხოლოდ დრომოჭმულია, არამედ მავნეა და ყოველთვის მავნე იყო. მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ბავშვებისთვის სასურველი, მეგობრული გარემო.

საქართველოში 101 წლის წინ ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის შეგნება და უნარი, განათლების სისტემა უკეთესობისკენ შეეცვალათ. ახლა, 21-ე საუკუნეში, მითუმეტეს უნდა არსებობდეს იმის ნება, რომ ბავშვები ვითარდებოდნენ ლაღ, თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებად.

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს ეროვნული არქივი: https://archive.gov.ge/ge
https://ar-ar.facebook.com/NationalArchivesofGeorgia/posts/2852187781465347
Montessori, Maria, Grundlagen meiner Pädagogik, Quelle & Meyer, 1965, 2014
Montessori, Maria, Kinder sind anders, Ullstein, 1980

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG