„შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად“, - აცხადებენ პარტიაში.
პარტიის მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 28 იანვარს უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
- მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
- ცვლილებები ითვალისწინებს „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაციას;
- პარტიის წევრობა ეკრძალებათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს
- სანქციები წესდება კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე“.
ჯერჯერობით კანონპროექტის პაკეტი არ გამოქვეყნებულა - ტექსტი ეფუძნება ირაკლი კირცხალიას მიერ დღეს საღამოს გაკეთებულ განმარტებებს.
ცვლილებები უფრო დეტალურად:
ცვლილებები გრანტების კანონში
ზუსტება „გრანტების“ განმარტება: გრანტად მიიჩნევა არა მხოლოდ ის, რასაც აქამდეც განსაზღვრავდა კანონი, არამედ ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის გადაცემული:
- ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული რესურსები,
- ტექნიკური დახმარება,
- ტექნოლოგიების, ცოდნის, ექსპერტიზის, უნარების გაზიარება,
- მომსახურება და სხვა ფორმის დახმარება
თუ ისინი მიმართულია ან შეიძლება მიმართული იყოს
- საქართველოს ხელისუფლებაზე,
- სახელმწიფო დაწესებულებებზე
- საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე გავლენის მოსახდენად - ან იყოს გაცემული ამ „რწმენით ან განზრახვით“
- მიმართული იყოს საქართველოს „საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ.
- ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
„ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება“, - განაცხადა კირცხალიამ.
ცვლილებების თანახმად დგინდება „იმ სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას“.
ამ ნორმით, უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც „არსებითად საქართველოში საქმიანობს“, ვალდებული იქნება დაფინანსების მიღებამდე მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვისათვის.
„წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა“, - აცხადებენ პარტიაში.
„თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება გრანტს იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება“, - განმარტა კირცხალიამ.
თუ ამ „ფილიალმა“ გრანტი თანხმობის გარეშე მიიღო, ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა დაეკისრება - „ჯარიმის სახით უკანონო მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობა“.
სისხლის სამართალი და „ფულის გათეთრება“
იცვლება სისხლის სამართლის კოდექსიც.
„გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“ - ესა თუ ის დარღვევა გამოიწვევს:
- ჯარიმას
- საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე
- 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს - რაც „ფულის გათეთრებას“ ითვალისწინებს - ემატება დამამძიმებელი გარემოება:
„ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს“ 9-დან 12 წლამდე პატიმრობას.
„კანონპროექტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს“, - განაცხადა კირცხალიამ.
„გარე ლობიზმი“ - 6 წლამდე პატიმრობა
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება „გარე ლობიზმიც“. როგორც ირაკლი კირცხალიამ განმარტა, ეს გულისხმობს:
„სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემას“.
„გარე ლობიზმი“ გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე ან 6 წლამდე პატიმრობას.
პარტიების შეზღუდვა
იცვლება პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონიც.
კანონით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი:
„პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში“.
ეს ნიშნავს, რომ თუკი ადამიანი დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „აგენტურულად“ მიიჩნევს, მას პარტიის წევრობა აეკრძალება.
ხოლო „პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური“.
ასევე, ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ ჩანაცვლდება ტერმინით „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“.
ეს, პარტიის თანახმად, „უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მის ეფექტიანობის ზრდას“.
და ის შეზღუდები, რაც პარტიებს აქვთ, გავრცელდება „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტზეც“.
თუ პარტიის ხელმძღვანელი ან ზემოთ აღწერილი „სუბიექტი“ მიიღებს უცხოურ დაფინანსებას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ჯარიმა მეწარმეებისთვის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ემატება ახალი დარღვევა.
თუ კომპანია ახორციელებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არ უკავშირდება მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, დაეკისრება სანქცია.
მას აუდიტის სამსახური დააჯარიმებს ჯერ 20 000 ლარით, შემდეგ კი, განმეორების შემთხვევაში, 40 000 ლარით.
„რევოლუციის მცდელობები“
ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ „დღევანდელი მოცემულობით უცხოეთთან საქართველოში არეულობის ძალადობისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული“.
მან გაიმეორა პარტიის მიერ არაერთხელ გაჟღერებული პოზიცია, რომ ქვეყანამ „რამდენიმე რევოლუციის მცდელობა“ გადაიტანა ბოლო ხუთ წელიწადში.
„პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდის ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული მშვიდობის, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს“, - განაცხადა მან.
სწორედ ამის პრევენციის მიზნით ახსნა მან დაანონსებული ცვლილებების საჭიროება.
კანონები პროტესტის შესაზღუდად
2024 წლის ნოემბერში დაწყებული პროევროპული პროტესტის ჩასახშობად, სადავო პარლამენტმა ათობით ახალი კანონი დაამტკიცა - ძირითადად, დაჩქარებული წესით. “ოცნებაში” არ მალავენ, რომ პროტესტის წინააღმდეგ ყველა საკანონმდებლო “ხვრელის” ამოვსებაზე არიან ორიენტირებული.
5000-ლარამდე გაზრდილ ჯარიმებს "ქართულმა ოცნებამ", 2025 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გამკაცრებული ზომები დაამატა.
გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა; ხოლო მეორე ჯერზე - სასჯელი სისხლის სამართლის წესით. ქუჩაში ადამიანებს აჩერებდნენ სამედიცინო პირბადეების ტარებისთვის (სახის დაფარვა აიკრძალა საპროტესტო შეკრებებისას); პირბადეებს ნივთმტკიცების სახით ლუქავდნენ.
დეკემბერში, დაჩქარებული წესით დამტკიცებული ახალი რეგულაციებით - შეზღუდვა ტროტუარებზე გამართულ აქციებსაც შეეხო. აუცილებელი გახდა შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება - აქციის გამართვის შესახებ. თუკი პოლიცია ნებართვას არ გასცემს, მაგრამ ხალხი მაინც შეიკრიბება, ადმინისტრაციული პატიმრობას, განმეორების შემთხვევაში - ერთწლიანი პატიმრობა მოჰყვება, უკვე სისხლის სამართლის წესით.
ფორუმი