Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეთა გამოცდები: "კლანის" ხაფანგი თუ რეალური საზომი?


უნდა იყოს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება - ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც კამათი გამოიწვია 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება სასამართლოებისა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებები.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს შესაძლოა იყოს ხელოვნური ბარიერი მოსამართლეობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც ნდობა აქვთ დაკარგული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. მათი პოზიციით:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ. კლანის ინტერესებზეა მორგებული და ის სამართლიანად არ შეაფასებს სისტემაში შესვლის მსურველი ამა თუ იმ მოსამართლის საგამოცდო შედეგებს;
  • გამოცდების ჩატარებასთან მიმართებით დისკრედიტირებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან რამდენიმე წლის წინ გამოვლინდა საგამოცდო ტესტების წინასწარი გაჟონვის ფაქტი. გამოძიება კი, უსასრულოდ ჭიანურდება.

„გამოცდების ორგანიზების პასუხისმგებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თქვენ სპეციალურად იმიტომ ჩაწერეთ ეს საკვალიფიკაციო გამოცდა, რომ პირველ ეტაპზევე დაუტოვოთ დისკრეცია სასამართლოს მმართველ კლანს, რომ არასასურველი პირი დაბლოკონ... და იცით როგორ უნდა დაბლოკონ?!

თუკი ტესტის დროს სწორი პასუხის გადამოწმება იოლია, კაზუსის შეფასება გაცილებით ფართო დისკრეციას იძლევა... სწორედ კაზუსის შეფასების დროს დაუწერენ დაბალ ქულას... მურუსიძე და ჩინჩალაძე დაუწერენ დაბალ ქულას იმას, ვინც არ მოეწონებათ და არ ჩათვლიან საჭიროდ, რომ გრძელ სიაში მოხვდეს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე ოპონენტების გამოსვლაში ლოგიკას ვერ ხედავს. ის თვლის, რომ თუკი ოპონენტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ენდობიან, გამოცდების გაუქმების შემთხვევაში, ისევ ამ საბჭოს დარჩება უფრო ფართო უფლებები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.

„თუკი ჩვენ არ ვენდობით იუსტიციის საბჭოს (დავანებოთ ერთი წამი თავი იმას, კლანი არის თუ არ არის და კანონზე ვილაპარაკოთ), კონსტიტუციიდან გამომდინარე, მაინც ხომ არ გვაქვს საშუალება, რომ გამოცდის გარეშე სხვას გადავაწყვეტინოთ ეს საკითხი?!

აი, პრაქტიკულად ვთქვათ - ისევ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს... ანუ ნდობის უფრო მაღალ ხარისხს ვიჩენთ იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც, თქვენ ამბობთ, რომ არ ვენდობით... ლევან მურუსიძეც რომ დაჯდეს იქ, რას იზამს?! თუკი კანდიდატს სწორი პასუხი ექნება გაცემული, რას იზამს, გადააკეთებს, გადახაზავს თუ რა უნდა ქნას?! “, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

15 აპრილის სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემაც დააკონკრეტა, რომ კანონპროექტის ავტორთა ოპონენტები ითხოვენ არა საკვალიფიკაციო გამოცდების უპირობოდ გაუქმებას, არამედ ამ გამოცდების ჩანაცვლებას რაიმე უფრო ეფექტიანი და სანდო მექანიზმით. ასეთ მექანიზმებს შორის სახელდება მაგალითად:

  • გამოცდების ჩატარება ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით - მეტი სანდოობისთვის;
  • მოსამართლეების კვალიფიკაციის შეფასება დამსახურებისა და გამოცდილების მიხედვით;
  • მოსამართლეების კვალიფიკაციის შეფასება სამეცნიერო ხარისხის მიხედვით.

„სამუშაო ჯგუფში იყო განხილული ძალიან ბევრი კანონპროექტი, მაგრამ არცერთ კანონპროექტი არ შეიცავდა გამოცდის მოთხოვნას, გარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისა“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლოებისა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებები კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. მან მოუწოდა ოპონენტებს, წერილობით ჩამოაყალიბონ შეჯერებული პოზიცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებთან მიმართებით.

„ამ საკითხებს ჩვენ კანონპროექტის ავტორებთან ერთად გავივლით და პლენარულ სხდომაზე მე თქვენს შემოთავაზებულ საბოლოო ვერსიებს გავაჟღერებ და დავასაბუთებ საბოლოოდ, რა პოზიციაა უფრო სწორი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG