Accessibility links

მოსამართლეთა შერჩევა: ინტერესთა კონფლიქტი, ფარული კენჭისყრის სადავო როლი და სხვა 


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებში, რომლებიც უმრავლესობის მიერ არის შემუშავებული, ინტერესთა კონფლიქტს ხედავენ ოპონენტები. ლაპარაკია იმ შემთხვევაზე, როდესაც კანდიდატი ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.

15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილებოდა სასამართლოებისა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებები. ოპონენტებმა ბევრი სადავო საკითხი წამოჭრეს.

დაინტერესებულები და კონკურენტები

ოპონენტები ინტერესთა კონფლიქტად განიხილავენ იმ საბჭოს წევრის საკმაოდ ფართო უფლებებს, რომელიც ამავე დროს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის. ოპონენტებისთვის არანორმალურია, როდესაც, კანონპროექტის ამჟამად არსებული ვარიანტის მიხედვით, ასეთ პირს აქვს უფლება:

  • მიიღოს მონაწილეობა თავისი კონკურენტებისთვის შეკითხვების დასმის პროცესში;
  • მიიღოს მონაწილეობა თავისი კონკურენტებისთვის ქულების მინიჭების პროცესში;
  • ხელი მიუწვდება კონკურენტებთან დაკავშირებული ინფორმაციაზე.

„აქ ინტერესთა კონფლიქტის არსებობა არის ფაქტი. არ შეიძლება ადამიანი თავად მონაწილეობდეს პროცესში, თავად არჩევდეს თავის კონკურენტებს, კითხვებს უსვამდეს, ქულებს უწევდეს და თან ვთქვათ, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არის. ეს უბრალოდ უხერხულია, მით უმეტეს, როდესაც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ორგანოზე გვაქვს საუბარი“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა..

15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სასამართლოებისა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებები კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

ოპონენტებმა ის ვერ დააჯერეს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო ნორმები მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებს შემრჩევი ორგანოს იმ წევრის მიმართ, რომელსაც თავად აქვს პრეტენცია - იყოს შერჩეული.

„ჩვენ თუ ინტერესთა კონფლიქტის საერთაშორისო სტანდარტს შევხედავთ, ორგანო, რომელმაც უნდა მოახდინოს მოსამართლეთა კანდიდატთა შეფასება და წარდგენა პარლამენტის წინაშე, არ შეიძლება საკუთარ წევრებს წარადგენდეს იქ. ვერ გამოვრიცხავთ ინტერესთა კონფლიქტს ასეთ შემთხვევაში “, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, შალვა შავგულიძემ საკომიტეტო განხილვაზე.

ამასთან, იურისტმა განმარტა, რომ საერთაშორისო სტანდარტით, საკმარისი არ არის, რომ საბჭოს წევრმა ფორმალურად რამდენიმე დღით ადრე დატოვოს პოსტი. კანდიდატად წარდგენამდე გონივრული პერიოდი, ერთი წელი მაინც, ის აღარ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

შალვა შავგულიძე დაჰპირდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ მიაწვდის კონკრეტული საერთაშორისო რეგულაციების ნუსხას.

საბოლოოდ, ანრი ოხანაშვილი გარკვეულ სიტყვიერ კომპრომისზე მაინც წავიდა. მან თქვა, რომ შესაძლოა გადაიხედოს და მსჯელობას დაექვემდებაროს ასეთი კანდიდატის გარკვეული უფლებები:

„პირდაპირ არ იკვეთება ამ რედაქციიდან - აქვს თუ არა შეკითხვის დასმის უფლება. აკრძალვა არ წერია, პრინციპში... ამასთან დაკავშირებით მე კიდევ გავივლი კონსულტაციას თანაავტორებთან ერთად და ვფიქრობ, რომ თუ არის კანდიდატი და ამავდროულად - საბჭოს წევრი, ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ რაღაც შეზღუდვა ინფორმაციის გაცნობაზეც, რომ შევქმნათ სამართლიანი ბალანსი და თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ კანდიდატები...“

ფარული კენჭისყრა და კანდიდატთა სიის გაცხრილვა

ოპონენტების მწვავე კრიტიკის სამიზნეა სხვა არაერთი საკითხი და ეს 15 აპრილს, კომიტეტის სხდომაზეც გამოჩნდა. სადავო საკითხებს შორისაა:

  • მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების აუცილებლობა;
  • ფარული კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის ყველა ეტაპზე;
  • კანდიდატთა პირველადი სიის გაცხრილვა „გრძელი სიისთვის“, მათთან გასაუბრების ჩატარების გარეშე.

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ავტორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საშუალება მიეცეს მაქსიმალურად გაატაროს „სასამართლოს კლანის“ ინტერესები.

კანონპროექტის თანაავტორისა და წარმდგენის, ანრი ოხანაშვილის თქმით, გაცხრილვა აუცილებელი პროცედურაა იმისათვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა რაოდენობა ადეკვატურ რაოდენობამდე შემცირდეს.

„რაღაც გონივრულ რაოდენობამდე რომ დავიყვანოთ... ჩვენ თუ ეს შეფასების სისტემა არ შემოვიტანეთ - ფარული კენჭისყრისა და გაცხრილვის სისტემა გარკვეულწილად გამოცხადებული ვაკანსიის 2,5-ჯერ ან 3-ჯერ მეტ ოდენობაზე, ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, პირობითად, 200 განაცხადი რომ განიხილოს საბჭომ ?!“.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ საბჭომ არათუ 200, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, 2000-იც უნდა განიხილოს, სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.

მაგრამ ანრი ოხანაშვილს სჯერა, რომ ყველაფერი რიგზეა და მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით - საბჭო უსამართლოდ არ მოექცევა ღირსეულ კანდიდატებს; ისე კი, თეორიული ალბათობა არც სხვა ეტაპებზე გამოირიცხება.

ეს არგუმენტი ღიმილისმომგვრელია ოპონენტებისთვის.

ოპონენტების დარწმუნება ანრი ოხანაშვილმა ვერც ფარული კენჭისყრის სიკეთეებთან დაკავშირებით შეძლო. ის ცდილობდა აეხსნა, რომ ფარული კენჭისყრა მნიშვნელოვანი მექანიზმია ფსიქოლოგიური წნეხისა და ვიზუალური კონტროლის წინააღმდეგ:

„ფარული კენჭისყრა არის დამზღვევი იმისა, რომ არ მოხდეს არავითარი წინასწარი გარიგება და თუ ვინმე ვინმეს გაურიგდა, მას ჰქონდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი პოზიცია, როდესაც დარჩება საკუთარ თავთან და ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამას. რა არ მოგწონთ ამაში, მე ვერ გავიგე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

​სასამართლოებისა და მისგან გამომდინარე კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ ევროსაბჭოს ვენეციის კომისია თავის დასკვნას 16 აპრილს გამოაქვეყნებს.

ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ორშაბათს გამოხატეს უკმაყოფილება, რომ უმრავლეობამ საკომიტეტო განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG