Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გარკვევით არ ჩანს“ - რატომ არ მიიჩნია ანატოლი გიგაურის მოქმედება აუცილებელ მოგერიებად მოსამართლე ნაჭყებიამ?

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქტივისტ ანატოლი გიგაურს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქტივისტ ანატოლი გიგაურს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მოკლედ

  • მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაური დამნაშავედ ცნო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და ორი წლით თავისუფლება აღუკვეთა.
  • გიგაური ბრალდებული იყო პოლიციელზე თავდასხმაში, თუმცა მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა და აღნიშნა, რომ ეს იყო პოლიციელთა საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
  • მოსამართლემ არ გაიზიარა ადვოკატის არგუმენტი, რომ გიგაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში;
  • საქმის ვიდეომტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ შეცვალა, რაც, ადვოკატის თქმით, მიზანმიმართულად მოხდა.

ამ სტატიაში წაიკითხავთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქტივისტ ანატოლი გიგაურის გამამტყუნებელი განაჩენი და მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა - განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ მხარეებს უკვე მიაწოდა. ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერისა და აქტივისტის, ანატოლი გიგაურის განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2025 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა.

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო „პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში“ და ორი წლით აღუკვეთა თავისუფლება.

პროკურატურა გიგაურს „პოლიციელზე თავდასხმაში“ სდებდა ბრალს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლია. მოსამართლემ ეს მუხლი გადააკვალიფიცირა და თქვა, რომ ანატოლი გიგაურმა ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინა. მას შეეძლო ჯარიმის ანდა შინაპატიმრობის გამოყენება, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული უფრო მძიმე სასჯელის ქვედა ზღვარი მიუსაჯა.

353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით... აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე[სისხლის სამართლის კოდექსი].

353-ე პრიმა მუხლი - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე[სისხლის სამართლის კოდექსი].

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 44 წლის ანატოლი გიგაური პოლიციამ 24 ნოემბერს, გვიან ღამით, თბილისში, ვეფხის და მოყმის ძეგლის მიმდებარედ დააკავა იმ დროს, როცა გიგაური აქციიდან სახლში საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა.

ტელეკომპანია „იმედმა“ დაკავების ღამით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიციელს, ვახტანგ გაბუნიას. მოქმედება რუსთაველის გამზირზე ვითარდებოდა, პიკაპებით საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს.

ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. მისი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომასალიდან ჩანს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პატრულ-ინსპექტორი ვახტანგ გაბუნია როგორ ურტყამს ანატოლი გიგაურს მუშტს სახეში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ, განმეორებითი მცდელობისას გიგაური იქნევს ხელს, რაც ადვოკატის მტკიცებით, სწორედ იმას ნიშნავს, რომ გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

დაკავებულის მონათხრობითაც, თავდაპირველად პოლიციელმა დაარტყა სახეში მუშტი, როცა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ მსვლელობას მიჰყვებოდა.

„[გაბუნია] მირტყამს სახეში, მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით, შემომყავს კამერებთან, ტელევიზიებთან და ის იგინება და დარტყმას ცდილობს. მეც მინდოდა მისთვის პასუხი გამეცა, მაგრამ ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და უბრალოდ მოვიშორე. სად ნახეთ ჩემი თავდასხმა ან ჩემი დაუმორჩილებლობა სად ნახეთ? რისთვის მამყოფებთ ციხეში? მე ვიცი – რისთვისაც. ვიბრძოლებ ბოლომდე", - თქვა ანატოლი გიგაურმა 12 აგვისტოს სხდომაზე

ადვოკატი ამბობს, რომ „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის ანატოლი გიგაურის ნათქვამი სიტყვები: რატომ დამარტყი? მოსამართლისთვის კი ის, რაც ვიდეოში ისმის, „გაურკვეველია". ის არ დაეთანხმა ადვოკატის მტკიცებას, რომ ანატოლი გიგაური თავს იცავდა.

რატომ?

ამ კითხვაზე პასუხისთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ შეაჯერა მხარეების არგუმენტები და მტკიცებულებები მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ და როგორ აღწერა რუსთაველის გამზირზე ინციდენტის ღამით განვითარებული მოვლენები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

საქმის მასალებში ორი ვიდეოა, ერთი სასამართლოში პროკურატურამ მიიტანა, მეორე კი დაცვის მხარემ. ორივე ერთი ვიდეოს ნაწილია, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა" გადაიღო. პროკურატურის ვიდეოს დასაწყისი აკლია, ამას მოსამართლეც აღნიშნავს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. სწორედ ეს დასაწყისი მოიპოვა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

მან ტელეკომპანია „იმედს“ მიმართა მოთხოვნით, მიეწოდებინათ მისთვის ანატოლი გიგაურის ეპიზოდის სრული ვიდეოჩანაწერი, რაზეც უარი მიიღო, წაშლილიაო უთხრეს.

ადვოკატმა საქმის პროკურორს, თამარ იაკობაშვილს, სთხოვა პროკურატურის სახელით გამოეთხოვა ვიდეოჩანაწერის შავი ვერსია. „წაშლილი კადრები“ ტელევიზიამ პროკურატურას უპრობლემოდ მიაწოდა.

ანატოლი გიგაურის საქმის ვიდეომტკიცებულებებზე რადიო თავისუფლებამ ვიდეოც მოამზადა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მიზანმიმართულად ამოჭრა ვიდეოდან კადრი, რომელშიც გამოჩნდებოდა, რომ ჯერ პოლიციელმა ვახტანგ გაბუნიამ დაარტყა ანატოლი გიგაურს, ისე, რომ მას თავიდან ქუდიც კი გასძვრა და შემდეგ უპასუხა ბრალდებულმაც გაშლილი ხელით.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ადვოკატს არ დაეთანხმა. მან განაჩენის დასაბუთებაში დაწერა:

„სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას, რომ ბრალდებულმა ხელი მხოლოდ ვახტანგ გაბუნიას ქურთუკს მოარტყა და დაზარალებულისთვის რაიმეს დაზიანებას ან ტკივილს ვერ გამოიწვევდა. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მას დაზარალებულმა დაარტყა ხელი, თავად კი მხოლოდ მოსაცილებლად ჰკრა ხელი, ვინაიდან მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი.

შესაძლოა ვახტანგ გაბუნიას ხელი ხვდება ანატოლი გიგაურს (დაზუსტებით აღნიშნულის თქმა შეუძლებელია) თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ მიზანმიმართულ ძალადობად. ჩანაწერში ხელის აქნევის და ანატოლი გიგაურის ქუდზე ან სახეზე შეხება გარკვევით არ ჩანს, თუმცა ხილული ფაქტები, რაც ცალსახად დგინდება, დაცვის მხარის პოზიციას ამ მიმართებით ნამდვილად არ ამყარებს“.

ჯვებე ნაჭყებია, მოსამართლე
ჯვებე ნაჭყებია, მოსამართლე

მოსამართლის თქმით, ის, რომ ანატოლი გიგაური თავს იცავდა, არც თავად დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით არ დასტურდება.

„დაცვის მხარის მოწმეები არ შესწრებიან დარტყმის მომენტს და ამის შესახებ ანატოლი გიგაურისგან იციან, რაც ირიბი მტკიცებულებაა და შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, იძალადა თუ არა ფიზიკურად ვახტანგ გაბუნიამ ანატოლი გიგაურზე”, - წერს მოსამართლე ნაჭყებია.

და რას ადასტურებს საქმეში არსებული ვიდეოები, რომლებსაც მოსამართლე „განსაკუთრებული მნიშვნელობის მტკიცებულებას“ უწოდებს?

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას თქმით, დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესწავლით დადგინდა, რომ:

  • რუსთაველის გამზირზე სამსახურებრივ მოვალეობას ახორციელებდნენ პატრულ-ინსპექტორები;
  • მომიტინგეთა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილი ჰქონდათ რუსთაველის გამზირი;
  • საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლებისკენ მიემართებოდნენ, თან ახლდათ რამდენიმე მანქანისგან შემდგარი კოლონა;
  • პატრულმა მოუწოდა მათ, მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ქუჩებზე დაეტოვებინათ ავტომანქანები და მსვლელობა ფეხით გაეგრძელებინათ;
  • აღნიშნულმა მომიტინგეების, მათ შორის ანატოლი გიგაურის უკმაყოფილება გამოიწვია;
  • დაიწყეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიწოლა, ჯაჯგური, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას;
  • სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ანატოლი გიგაურმა ხელი ჩაავლო ქურთუკში ვახტანგ გაბუნიას და მცირე ჯაჯგურის შემდეგ გაშლილი ხელი შემოარტყა სახეში, ასევე მიარტყა ფეხი;
  • აღნიშნულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაფანტვა გამოიწვია;
  • მათ შეწყვიტეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და გაერიდნენ აგრესიულ მოქალაქეებს.


მოსამართლე ენდობა მოწმე პოლიციელების: გაიოზ ეფრემიძის, უჩა გაჩეჩილაძის, ირაკლი კობახიძისა და გვანცა ხვიჩიას ჩვენებებს და მიაჩნია, რომ მათი მონაყოლი „სრულ თანხვედრაშია იმასთან, რაც ვიდეოკადრებში ჩანს”,„შესაძლოა, ფიქსირდება მცირე უზუსტობები, თუმცა არა იმ ხარისხის, რაც მათ ჩვენებებს დისკრედიტირებულად წარმოაჩენდა“.

„ისინი ამტკიცებდნენ, რომ ვახტანგ გაბუნიას ანატოლი გიგაურისთვის ხელი არ გაურტყამს. ვახტანგ გაბუნიასგან ამოღებული ქურთუკი ექსპერტიზის თანახმად დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის გამოყენებით“, - წერს ჯვებე ნაჭყებია დასაბუთებაში.

რატომ არ იყო ანატოლი გიგაურის მოქმედება აუცილებელი მოგერიება?

მოსამართლის მსჯელობის თანახმად, აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს თავდაცვის მიზანი უნდა ამოძრავებდეს.

„არც ერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ანატოლი გიგაურის მიერ განხორციელებული ქმედება გამოწვეული იყო ვახტანგ გაბუნიას ობიექტურად, რეალურად საშიში რაიმე ქმედებით და ბრალდებულს სუბიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, რაც გამოიხატებოდა უკიდურესი მდგომარეობით, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებით და თავდაცვის სურვილით”, - ასკვნის ის.

ჯვებე ნაჭყებიასთვის, დაზარალებულისა და მომიტინგეთა თანაფარდობა, „მათივე აგრესიული ქმედებები“ თავშივე გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების ნიშნების არსებობას.

ის ვიდეოჩანაწერებს პირობითად ორ ეპიზოდად ყოფს და ასკვნის, რომ პირველ შემთხვევაში ბრალდებული და დაზარალებული აგრესიულად ესაუბრებიან ერთმანეთს, „ბრალდებულს ხელი აქვს ჩავლებული დაზარალებულის ქურთუკისთვის, სწორედ ამ დროს ვახტანგ გაბუნია აიქნევს ხელს, რომელიც სავარაუდოდ ხვდება ანატოლი გიგაურის ქუდს (ზუსტად არ ჩანს)“, - წერს მოსამართლე.

სასამართლოს შეფასებით, ამ ქმედებას დაცვის მხარე უწოდებს ძალადობას ბრალდებულის მიმართ, ხოლო თავად ვახტანგ გაბუნია და შემთხვევის ადგილზე მყოფი პატრულ-ინსპექტორები ბრალდებულისგან დაზარალებულის გათავისუფლების მცდელობას.

„შესაბამისად, მხოლოდ ანატოლი გიგაურის ჩვენების საფუძველზე ვახტანგ გაბუნიას ეს ქმედება ბრალდებულზე თავდასხმად ვერ შეფასდება. ასეც რომ იყოს, პირველი ეპიზოდი ამოიწურა იმით, რომ ვახტანგ გაბუნია გაეცალა ანატოლი გიგაურს, ზურგი შეაქცია და მიდის ხალხის მასისკენ. მას უახლოვდება ბრალდებული, ხელს ჰკიდებს ქურთუკში და მეორე ხელს ურტყამს სახეში.

შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ უტყუარად დადგენილად მივიჩნევთ კონფლიქტის პირველ ეპიზოდში ვახტანგ გაბუნიას მხრიდან ბრალდებულისთვის ხელის დარტყმის ფაქტს, ანატოლი გიგაურის შემდგომი ქმედებები მაინც ვერ შეფასდება აუცილებელ მოგერიებად“, - ასკვნის პროკურორი.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე მოსამართლე მიიჩნევს, რომ ანატოლი გიგაურის მოქმედებისთვის აუცილებელი მოგერიების დარქმევა უსაფუძვლოა.

რატომ გადააკვალიფიცირა ნაკლებად მსუბუქ მუხლზე?

ანატოლი გიგაურის სასამართლო სხდომა. მოწმის დაკითხვა.
ანატოლი გიგაურის სასამართლო სხდომა. მოწმის დაკითხვა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმასა და 353-ე მუხლებს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში ქმედება, როგორც წესი, წინასწარ მომზადებულია და გამიზნულია კონკრეტული პოლიციელის/ების წინააღმდეგ მათი ჯანმრთელობის ხელყოფისთვის. ხელყოფის მიზეზი კი პოლიციელის სტატუსია.

353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი „უპირატესად მომდინარეობს პირის სურვილიდან, თავი დააღწიოს კონკრეტულ პასუხისმგებლობას, რაც მას ემუქრება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობიდან გამომდინარე“.

„ამ შემთხვევაში დამნაშავის მიზანი ესაა და არა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა... სასამართლომ მიიჩნია, რომ ანატოლი გიგაურს პოლიციელზე თავდასხმისა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფა არ ამოძრავებდა... მას სურდა პოლიციელთა საქმიანობისთვის ხელი შეეშალა, ძალადობით, რაც განახორციელა კიდეც”, - ამბობს მოსამართლე.

ადვოკატის პოზიცია

ანატოლი გიგაურის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე არ ეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მსჯელობას და განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მას მიაჩნია, რომ მოსამართლის დასაბუთება „ახლოსაც კი არ არის სისხლის სამართლის საქმის შინაარსთან”.

"ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ეს არანაირი შემთხვევითი ხელის მოხვედრა არ იყო, გიგაურის ემოციითაც კი ნათელია, რა სიძლიერის დარტყმა იგემა - ლამის კეპიანი ქუდი გადაძვრა...

ამის მიუხედავად, მოსამართლე წერს, რომ თითქოს მხოლოდ კეპს მოხვდა ვახტანგ გაბუნიას ხელი, წარმოუდგენელია ამას ვუწოდოთ ობიექტურად განხილული და შეფასებული სისხლის სამართლის საქმე. ის, რაც მოსამართლეს ხელის გულზე ედო, უარყო.

სასამართლო ამ გადაწყვეტილებით ხელს აფარებს პოლიციას და პოლიციელის ძალადობრივ მოქმედებას არ არქმევს ძალადობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

ლაშა ცუცქირიძე, ადვოკატი
ლაშა ცუცქირიძე, ადვოკატი

ის მოითხოვს, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაამართლოს ანატოლი გიგაური გადაკვალიფიცირებულ მუხლში, რადგან მისი მტკიცებით, ეს არ იყო პოლიციელზე თავდასხმა, არც პოლიციელის წინააღმდეგობა, არამედ აუცილებელი მოგერიება, რომელიც სამართალდამცველის უკანონო ქმედებას - დარტყმას - მოჰყვა.

ანატოლი გიგაური საპროტესტო აქციებზე ქარელიდან დადიოდა. ის ოჯახს სოფლის მეურნეობით არჩენდა. დაკავების დღეს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

დაკავების გარემოებები

ანატოლი გიგაურის მონათხრობის თანახმად, პოლიციელებმა მის მანქანას ალყა ვეფხის და მოყმის ძეგლის მიმდებარედ შემოარტყეს. გიგაური აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე მოჰყვა, რომ კარი გააღო, გადმოვიდა და ხელები საპატრულო მანქანის საბარგულზე დააწყო ნიშნად იმისა, რომ წინააღმდეგობას არავის უწევდა. ამის მიუხედავად, მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს“, - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილს, რომელმაც მას პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, გზად, პოლიციელები ცდილობდნენ, მისთვის სისხლდენა შეეჩერებინათ.

„მანქანა გააჩერეს, აფთიაქში შევიდნენ, რაღაც საშუალებები იყიდეს და ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს. გზაში ურეკავდნენ ჩემ გვერდზე მჯდომს, ეკითხებოდნენ, სისხლი თუ შეუწყვიტეთო...

შემდეგ საპატრულოს შენობაში მიმიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს, მკითხეს, კაცურად გვითხარი, რა მოხდაო. სისხლზე ვანიშნე, ეს მოხდა-მეთქი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათი მოტანილი ტანსაცმელი ჩამეცვა, რაზეც უარს ვაცხადებდი“, - თქვა ანატოლი გიგაურმა.

გიგაური თავს მსხვერპლად მიიჩნევს და არა დამნაშავედ: „მე გითხარით – პოლიტიკურია ჩემი დაკავებაც და ჩემი გაშვებაც პოლიტიკური იქნება. აქ სამართალი და სამართლიანობა არაფერ შუაში არ არის“, - ასეთი იყო ანატოლი გიგაურის საბოლოო სიტყვის უკანასკნელი აბზაცი, რომელიც სასამართლოში წარმოთქვა.

46 წლის ჯვებე ნაჭყებია მოსამართლედ 2024 წლის ბოლოს, დეკემბერში, დაინიშნა. 2002 წელს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მას გავლილი აქვს “არაერთი ტრენინგი”, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა კი 2020 წელს ჩააბარა. სხვადასხვა სასამართლოში სხვადასხვა ფუნქციით მომუშავე ნაჭყებია მოსამართლედ გახდომამდე ორი წლის განმავლობაში იყო ქუთაისის სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსიც.

ჯვებე ნაჭყებიას ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

  • 2003-2005 წლებში იყო სხდომის მდივანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
  • 2005 წელს იყო სხდომის მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2005-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს მოსამართლის თანაშემწე;
  • 2010-2014 წლებში იყო იურისტი შპს „გიორგი ოთარაშვილის იურიდიულ კომპანიაში“;
  • 2014-2016 წლებში იყო მანდატურის სამსახურის უფროსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2016-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი (ხელშეკრულებით) თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  • 2017-2023 წლებში იყო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მან განიხილა რამდენიმე ისეთი სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურად მოტივირებულადაა შეფასებული. მათ შორისაა:

  • აქტივისტის და პარტია “ახლის” წევრის, საბა სხვიტარიძის საქმე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა ედავებოდნენ, თუმცა პროკურატურამ მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაზე გადააკვალიფიცირა. ჯვებე ნაჭყებიამ სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, ანტონ ჩეჩინის საქმე, რომელიც დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით აღუკვეთა თავისუფლება.
  • ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა ზურა ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას პატიმრობის გადაწყვეტილება - “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერს მან 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, “ახლის” თანადამფუძნებელს - 8-თვიანი.


This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG