Accessibility links

მოსკოვსა და პრაღას შორის ვითარება იძაბება


პრაღა

ჩეხეთსა და რუსეთს შორის, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ერთმანეთთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირურთიერთობას, სულ უფრო მეტად იზრდება დაძაბულობა. უკმაყოფილო რიტორიკის ფონია ჩეხეთის რამდენიმე სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა და ცნობა პრაღის რამდენიმე მაღალჩინოსნის მოწამვლის გეგმის შესახებ, რომლის უკანაც რუსეთი უნდა იდგეს.

პოლიტიკოსების მოწამვლის რუსული გეგმა?

28 აპრილს რუსეთის ფედერაციის საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში „ცილისწამება“ უწოდა ჩეხეთის მედიაში გამოქვეყნებულ ცნობას, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩეხეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

ცნობილ ჩეხურ ჟურნალ Respekt-ის 26 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ პრაღის მერი, ზდენეკ ჰრჟიბი, და პრაღის მეექვსე ოლქის მერი, ონდჟეი კოლარი, რუსეთის დაზვერვამ გამოყო ლეტალური ტოქსინით მოსაწამლად. Respekt-ი ეყრდნობა დაზვერვის სფეროს ანონიმურად დატოვებულ წარმომადგენელს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის სავარაუდო წარმომადგენელი სამი კვირის წინ ჩავიდა ჩეხეთის დედაქალაქში დიპლომატიური პასპორტით და ჩემოდნით, რომელშიც ნივთიერება რიცინი იდო.

სტატიის ავტორია „რესპექტის“ ჟურნალისტი ონდრჟეი კუნდრა, რომლის კალამსაც ეკუთვნის გახმაურებული წიგნი „პუტინის აგენტები“.

რუსეთის ფედერაციის საელჩომ სტატიას უწოდა „იმ საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება“, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დისკრედიტაციას და „ჩეხეთის საზოგადოების თვალში მის მტრად წამოჩენას“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, რუსეთის საელჩოს ნოტა მიიჩნია „უადგილოდ“ და მას პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული უწოდა.

ჩეხეთის კონტრდაზვერვის სააგენტოს (BIS) ხელმძღვანელმა, ლადისლავ შტიხამ, კომენტარი არ გააკეთა პრაღის მერისა და ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელის მოწამვლის შესაძლო გეგმის თაობაზე ჟურნალში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე.

თუმცა პრაღის მერმა, ზდენეკ ჰრჟიბმა, 27 აპრილს რუსულ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ უთხრა, რომ ის პოლიციის საგანგებო დაცვის ქვეშ რამდენიმე კვირის წინ მოათავსეს, მას შემდეგ, რაც ამოცნობილ იქნა მისკენ მიმართული საფრთხე.

ჰრჟიბმა მოსკოვის რისხვა გამოიწვია, რადგან მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს დარქმეოდა კრემლის მოკლული კრიტიკოსის, ბორის ნემცოვის, სახელი, საელჩოს შენობის უკან გამავალ ხეივანს კი ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, ანა პოლიტკოვსკაიას სახელი ეწოდა.

მათ ეს შეუძლიათ

ჩეხი ჟურნალისტის, ონდჟეი კუნდრას მიერ „რესპექტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის დაზვრევის სავარაუდო წარმომადგენლის სამიზნედ ასევე სახელდება პრაღის მეექვსე ოლქის მერი, ონდჟეი კოლაჟი, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟისა.

3 აპრილს პრაღაში დემონტაჟი გაუკეთდა მარშალ კონევის ძეგლს. მონუმენტი გადატანილია მე-20 საუკუნის ხსოვნის მუზეუმში.

„მას [კონევს] სახეზე პირბადე არ ეკეთა. წესი ყველამ უნდა დაიცვას - ქუჩაში გამოსვლა შეიძლება მხოლოდ დაფარული ცხვირ-პირით“, - იხუმრა ონდჟეი კოლაჟმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა სანიტარიული პირბადე, რომლის ტარებაც ჩეხეთში სავალდებულოა კორონავირუსის ეპიდემიის გამო.

9 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, სთხოვა თავის კოლეგას, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ ლუბომირ მეტნარს, ძეგლი რუსეთისთვის გადაეცათ. მეტნარმა თხოვნა უარყო და შოიგუს განუცხადა, რომ ძეგლი ქალაქ პრაღის საკუთრებაა.

მარშალ ივან კონევის ძეგლის მოხსნამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია რუსეთის მხრიდან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებით.

ჟურნალ Respekt-ის თანახმად, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი პრაღელი პოლიტიკოსი - რაიონ რჟეპორიეს ხელმძღვანელი პაველ ნოვოტნი.

პრაღის ამ რაიონში მაისში დაგეგმილია „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დაფის გახსნა. არმია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ის შეიარაღებული ძალებიდან ნაცისტების მხარეს გადავიდა გენერალ ანდრეი ვლასოვის მეთაურობით, 1945 წელს დახმარებას უწევდა პრაღის აჯანყებას.

ნოვოტნიმ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ის ამჟამად პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. რუსეთის მხრიდან ლეტალური ტოქსინით მოწამვლის გეგმას ნოვოტნი სრულიად „რეალურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „მათ შეუძლიათ მსგავსი რამის გაკეთება“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა, რამდენჯერმე გააფრთხილა რუსეთის საელჩო მოსალოდნელ შედეგებზე, თუ ჩეხეთის მოქალაქეებს რაიმე დაემართებათ.

ამ ინციდენტებმა გააღრმავა დაძაბულობა პრაღასა და მოსკოვს შორის და გააძლიერა ვარაუდები, რომ შესაძლოა რუსეთი იყოს ჩეხეთის რესპუბლიკაში ახლახან მომხდარი კიბერთავდასხმების უკან.

ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, თვის დასაწყისში კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა პრაღის საერთაშორისო აეროპორტის, რამდენიმე საავადმყოფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური სისტემები.

ნატოს წევრ ქვეყანაზე განხორციელებულმა კიბერთავდასხმამ აღაშფოთა ვაშინგტონი. ჩეხეთის ხელისუფლება კი ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმის ტალღის უკან, შესაძლოა, რუსი ჰაკერები იდგნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG