Accessibility links

მსოფლიოს უნგრული ხალიჩა და ქართველი მოჭიდავეების ორი ათეული


საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

ბუდაპეშტში საჭიდაო ხალიჩები გაშალეს. 20-28 ოქტომბერს უნგრეთმა 2018 წლის უმთავრეს შეჯიბრებას, მსოფლიოს ჩემპიონატს, უნდა უმასპინძლოს. თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში მედლების ათ-ათი კომპლექტი გათამაშდება.

საქართველოში ქალთა ჭიდაობა ახლა იკრებს ძალას. ჯერ მხოლოდ ასაკობრივ ტურნირებზე გამოდიან ქართველი გოგონები და წლების შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც დამკვიდრდებიან. იქამდე კი მსოფლიოს კონკურენციაში საქართველო მხოლოდ მამაკაცების გუნდებითაა წარმოდგენილი. ბუდაპეშტში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებები სრული შემადგენლობით - ათ-ათი სპორტსმენით - გავლენ არენაზე.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე უნგრეთშია, რადგან საქმეში პირველი უნდა ჩაერთოს. ბერძენ-რომაელები კი ბაზალეთში გადიან დასკვნით საწვრთნელ შეკრებას და ბუდაპეშტს 23 ოქტომბერს მიაშურებენ, მათი ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი

მსოფლიოს ქართული ოქროების ისტორია

მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე 47 ოქროს მედალია. აქედან 25 თავისუფალი სტილით ჭიდაობაზე მოდის, 22 - ბერძნულ-რომაულზე. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გივი კარტოზიაა (1953. ბერძნულ-რომაული).

მსოფლიოს ჩემპიონები ყველაზე მეტჯერ - ოთხ-ოთხჯერ - გახდნენ ლევან თედიაშვილი, ლერი ხაბელოვი (ორივე თავისუფალი) და რომან რურუა (ბერძნულ-რომაული), სამ-სამჯერ - გივი კარტოზია და როსტომ აბაშიძე (ორივე ბერძნულ-რომაული).

ერთი საინტერესო დეტალიც, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 2007 წლის შემდეგ არ მოუპოვებია. თერთმეტი წლის წინ ტიტულს დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე დაეუფლნენ.

მსაჯობა

უხვტიტულიან ქართველ მოჭიდავეთა ჩამონათვალი უფრო დიდი იქნებოდა, ჭიდაობის ისტორიას მიკერძოებული მსაჯობის გამო დაკარგული ოქროები რომ არ ახსოვდეს. ჭიდაობა დღემდე რჩება იმ სახეობად, რომელშიც ხალიჩის მსაჯის ან „მსაჯთა მაგიდის“, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილების გამო საკმაოდ ბევრი უსამართლო შედეგი ფიქსირდება. არაპროფესიონალიზმით თუ საეჭვოდ დაშვებული შეცდომების გამო ქართველი მოჭიდავეები უამრავჯერ დაზარალებულან. რიგ შემთხვევებში წარმატების მისაღწევად მეტოქესთან ერთად მსაჯების დამარცხებაც ხდება საჭირო. საჭიდაო წრეებში ამბობენ, რომ ამ მხრივ ბოლო წლებში, ადრინდელთან შედარებით, უკეთესობაა, მაგრამ უსამართლოდ დაჩაგვრის რისკი რომ ისევ არსებობს, თან არც თუ დაბალი, ამაზეც თანხმდებიან.

იღბალი

ბუდაპეშტის მსოფლიოს პირველობაზე წარმატებისთვის სამართლიანი მსაჯობის გარდა ბევრი რამ იღბალზეც იქნება დამოკიდებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იღბლიან კენჭისყრაზე.

უნგრეთის ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი კი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ამჯერად 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება მსოფლიოს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ძლიერი მოჭიდავეების განთესვის სისტემა და ხშირად მომხდარა, უმთავრეს ფავორიტებს სატურნირო ბადის ერთ მხარეს „დაუჭამიათ ერთმანეთი“. მეორე მხრიდან კი ფინალის საგზური გაცილებით სუსტი სპორტსმენების კონკურენციაში გათამაშებულა.

ბოლო წლებში მსოფლიო ჭიდაობის მაღალჩინოსნებმა ოდნავ უკან დაიხიეს - დიდი შეჯიბრებების წინ თითოეული წონითი კატეგორიის ოთხ-ოთხ მაღალრეიტინგიან მოჭიდავეს სატურნირო ბადეებში ისე ანაწილებენ, ერთმანეთს ნახევარფინალამდე რომ არ შეხვდნენ. პირველი და მეორე ნომრების გზები, სულაც, ფინალამდე არ იკვეთება. მაგრამ... ახლა უკვე ახალი პრობლემა გამოჩნდა. რეიტინგის სამართლიანობის.

ზოგადად, ამბობენ, რომ წინასაჩემპიონატო საუკეთესო ოთხეულები წვრილ-წვრილი საერთაშორისო ტურნირების შედეგებით დგება, მაგრამ ქულების დარიცხვის სისტემის კონკრეტულად ახსნას ვერავინ ახერხებს. მოწინავეთა სიების რეალობისგან აცდენის გამო, ფავორიტების საწყის ეტაპზევე ერთმანეთთან დაპირისპირების რისკი მაინც არსებობს. ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ხშირად განთესილთა ოთხეულს მიღმა რჩებიან.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ბუდაპეშტში ოპტიმალური შემადგენლობა ჩაიყვანა. გუნდის ლიდერები თავს კარგად გრძნობენ და უმნიშვნელო წვრილ-წვრილ ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, ჯანმრთელობას და ფიზიკურ მზადყოფნას არც გუნდის სხვა წევრები უჩივიან.

უნგრეთის ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი კი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ამჯერად 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება მსოფლიოს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას. წინა გამარჯვებები მან 57 და 61 კილოგრამებში მოიპოვა.

ტრავმებით გამოწვეული რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს დავით მარსაგიშვილი (92 კგ). ევროპის 2012 და 2013 წლების ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პრიზიორმა წლევანდელი სეზონის უმთავრესი შეჯიბრებისთვის მოსამზადებელი ციკლი სრულყოფილად გაიარა და ჩემპიონატს იმედიანად ხვდება. მწვრთნელების განცხადებით, ასევე ოპტიმალურ ფორმაში არიან ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები: ბექა ლომთაძე (61 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ). ნაკრების თავკაცი გიორგი იანტბელიძე კი დარწმუნებულია, რომ ათივე ქართველი მზადაა მედლისთვის საბრძოლველად.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ოქტომბერს დაიწყება. საპრიზო სამეულები 21-23 ოქტომბერს შეივსება.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები

  • 57 კგ - ოთარ გოგავა
  • 61 კგ - ბექა ლომთაძე
  • 65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
  • 70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
  • 74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
  • 79 კგ - დავით ხუციშვილი
  • 86 კგ - სანდრო ამინაშვილი
  • 92 კგ - დავით მარსაგიშვილი
  • 97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
  • 125 კგ - გენო პეტრიაშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატის განრიგი

თავისუფალი ჭიდაობა

20 ოქტომბერი

წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით, 61, 74, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

21 ოქტომბერი

ფინალური ბლოკის შეხვედრები 61, 74, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით, 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

22 ოქტომბერი

ფინალური ბლოკის შეხვედრები 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით, 70 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

23 ოქტომბერი

ფინალური ბლოკის შეხვედრები 70 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

25 ოქტომბერი

წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით, 55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

26 ოქტომბერი

ფინალური ბლოკის შეხვედრები 55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით, 60, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

27 ოქტომბერი

ფინალური ბლოკის შეხვედრები 60, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

წინასწარი შეხვედრები, ნახევარფინალების ჩათვლით, 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

28 ოქტომბერი

ფინალური ბლოკის შეხვედრები 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG