Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში: რა დაგვანახა COVID-19-მა?


ავტორი: ეკატერინე ლომია, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი

2020 წლის 11 მარტს COVID-19-ის (ე.წ. კორონავირუსი) აფეთქება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით და ფართო საზოგადოებაში საფუძველი ჩაუყარა არაერთი „შეთქმულების თეორიის“ გავრცელებას. სამეცნიერო წრეებში მომწიფდა შეხედულება, რომ მომაკვდინებელი ვირუსი „უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში“ ხელოვნურად შექმნილი ბიოიარაღია, რომელიც ამავე ლაბორატორიაში საიდუმლოდ დამუშავდა და მიზანმიმართულად იქნა გავრცელებული. მეცნიერთა მეორე ნაწილი ავითარებს მოსაზრებას, რომ კორონავირუსის პირველწყარო ღამურაა. ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე პირდაპირი ან ირიბი დაინფიცირების გზით გადადის და დაავადებულ ორგანიზმში მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ფატალურად სრულდება. აღნიშნული მოსაზრება გამყარებულია კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ, რომელთა კვლევის შედეგები დეტალურად ჟურნალ “Nature”-შია გამოქვეყნებული. მოვლენათა განვითარების განსხვავებული ინტერპრეტაცია გვხვდება რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ნარატივში. რუსულენოვან წყაროებზე დაყრდნობით, COVID-19 „ამერიკული პროდუქტია“ და იგი ჩინეთში თავდაპირველად სწორედ ამერიკელმა სამხედროებმა შეიტანეს, როგორც ამერიკის მიერ ჩინეთთან წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი. აღნიშნული გამოცემები, ინფორმაციის „უტყუარობის“ მტკიცებულებით, “Global Research Canada”-სა და ჩინეთის მედიასაშუალებების მიერ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას იშველიებენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურად გავრცელებული ინფორმაციის ქარბუქში, მსოფლიო პანიკამ მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 30 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა სამ მილიონს გადააჭარბა და ციფრებში 3.232.061-ით გამოიხატა, დაღუპულია 228.505 ადამიანი. უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა სტატისტიკა კი თითოეულ ჩვენგანს ოპტიმიზმით აღგვავსებს და გვაიმედებს, რომ უახლოეს მომავალში, „უხილავ მტერსა“ და მსოფლიოს შორის ომი სწორედ მსოფლიოს გამარჯვებით დასრულდება.

ინტელექტუალურად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილმა პანდემია უკვე შეაფასა, როგორც მესამე მსოფლიო ომი, რომელიც კლასიკურ სამხედრო მეთოდებს განასხვავებს იმით, რომ მას უბრალოდ ვერ ვხედავთ. არც დაპირისპირებული მხარეები არსებობს. ხოლო ის სახელმწიფოები, რომლებიც წლებისა თუ საუკუნეების განმავლობაში სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში იყვნენ ჩართულნი, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ უბრალოდ ერთპიროვნული მმართველობისა და მსოფლიოში მონოპოლიის დამყარების მიზნით, სწორედ „უჩინარმა მტერმა“ გააერთიანა. ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩა მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია-ნატო. სახელმწიფოები მუდმივ მზაობას გამოთქვამენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამედიცინო პერსონალით, სასუნთქი აპარატებით, პირბადეებითა და პირველადი დახმარების სხვა სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარონ ერთმანეთს.

ევროკავშირისა თუ დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გავლენიანმა ორგანიზაციებმა და ეკონომიკურად ძლიერმა სახელწიფოებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს შედარებით პატარა და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ფულადი და მატერიალური დახმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოში დღეს არსებული მძიმე სურათის ფონზე, თითოეული სახელმწიფო ცდილობს უზრუნველყოს, უპირველეს ყოვლისა, თავისი ქვეყნის საზღვრებს შიგნით მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ყოველდღიურად მზარდი საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისიწინებით კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია გავლენიანი ამერიკული გამოცემა „Bloomberg“-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მოცემულია სტატისტიკა, თუ რა რაოდენობის თანხები გამოიყო კორონავირუსის წინააღმდეგ გასამკლავებლად მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მთავრობების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნების ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება.

აღნიშნული პაკეტები ითვალისიწინებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარებას; გაჭირვებული ოჯახების ფულით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნვეყოფას; ასევე, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ფულად სტიმულირებას, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ამავე წყაროზე დაყრდნობით, შეერთებულმა შტატებმა 1 ტრილიონი დოლარი და თითოეული ამერიკელი მოქალაქისთვის 1000 დოლარი გამოყო დახმარების სახით, ბრიტანეთმა-450 მილიარდი დოლარი, საფრანგეთმა-300 მილიარდი დოლარი, კანადამ-82 მილიარდი დოლარი, თურქეთმა-15 მილიარდი დოლარი და ა.შ. ათეულობით მილიარდი დოლარი გამოყვეს პოლონეთის, შვედეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა. ასევე, აღნიშვნის ღირსია, რომ „StopGov“ ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა.

ყოველდღიურად დაღუპული ათასობით ადამიანი, ჩაკეტილი სახმელეთო და საჰაერო საზღვრები, გაუქმებული ფრენები, დახურული ქარხნები და საწარმოები, უმუშევრად დარჩენილი მილიონობით ადამიანი, ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ შემზარავი რეალობისა, რომელშიც დღეს კარანტირებული მსოფლიო ცხოვრობს.

კორონავისურის წინააღმდეგ ომში კაცობრიობის მთავარი იარაღი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივი სოლიდარობა და ურთიერთთანადგომაა. სწორედ COVID-19-მა დაგვანახა, თუ როგორ გვჭირდება ერთმანეთი და მოგვცა თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთანაგრძნობა ღირსეული ადამიანის ყველაზე ფასეული ღირებულებებია. ასევე დავინახეთ, რომ ქვეყნებს შორის კეთილგონივრული თანამშრომლობის საფუძველზე, როგორც ემანუელ კანტს სწამდა, „მარადიული მშვიდობის“ დამყარება სავსებით შესაძლებელია. გლობალიზაციაც ხომ სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

და მაინც, ყოველი ომის შემდეგ მსოფლიო ახალი ხდება და ადამიანი უფრო გამოწრთვნილი, ძლიერი და შეუპავარი გამოდის ამ ომიდან. „უჩინარ მტერთან“ ომშიც ერთ მუშტად შეკრული კაცობრიობა გაიმარჯვებს. საგულისხმოა, ქალაქ რომის მერის ვირჯინია რაჯის სიტყვები: „ვიმღეროთ ყველამ ერთად, დაე, ყველამ გაიგოს, რომ მიუხედავად იმისა, ერთმანეთთან შეხებაც კი არ შეგვიძლია, ჩვენ საზოგადოება ვართ“.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG