Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის ოჯახი მის ცხედარს ვერ პოულობს, რუსებმა იმედი საბოლოოდ დაკარგეს


პოლიცია აკავებს მომიტინგეს ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე. მოსკოვი, 2024 წლის 17 თებერვალი
პოლიცია აკავებს მომიტინგეს ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე. მოსკოვი, 2024 წლის 17 თებერვალი

რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვდარია, მისი ცხედარი კი გამქრალია. პუტინის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ის კრემლმა მოკლა და ცხედარი მტკიცებულებების გასანადგურებლად გადამალა.

16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერაციულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციმბირის კოლონიაში გარდაიცვალა.

17 თებერვალს, დილით კოლონია “პოლარულ მგელში” ჩასულ დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სეირნობის მერე მოულოდნელად გული გაუჩერდა და სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

ცხედარი მათ ადგილზე აღარ დახვდათ. კოლონიის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ის კოლონიიდან 50 კილომეტრში, ქალაქ სალეხარდის მორგში გადაასვენეს.

მორგში ცხედრის მიღებას უარყოფენ.

მაგრამ 18 თებერვალს, გამოცემა „მედიაზონამ“ დაწერა, რომ მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს სალეხარდისკენ მიმავალი საპოლიციო კორტეჟი. “მედიაზონა” ვარაუდობს, რომ ნავალნი სწორედ ამ კორტეჟმა გადაასვენა, ანუ მისი ცხედარი მართლაც სალეხარდის მორგშია.

ნაწყვეტი "მედიაზონას" ვიდეოდან. კორტეჟი, რომელსაც, სავარაუდოდ, ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში მიჰყავს.
ნაწყვეტი "მედიაზონას" ვიდეოდან. კორტეჟი, რომელსაც, სავარაუდოდ, ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში მიჰყავს.

იმავეს წერს გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპა” სალეხარდის სასწრაფოს ექიმზე დაყრდნობით.

ამასობაში, უკვე 50 ათასზე მეტმა რუსმა მოსთხოვა ხელისუფლებას, გადასცეს ნავალის ცხედარი მის ოჯახს. ხელმოწერებს უფლებადამცველი ორგანიზაცია, “ოვედე ინფო” აგროვებს.

კრემლმა ამ საქმისგან თავი შორს უკვე დაიჭირა.

“ეს ჩვენ არ გვეხება”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ცხედრის ადგილმდებარეობა არცერთ საჯარო მოხელეს ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია.

სიკვდილის მიზეზი უცნობია

უკვე მეოთხე დღეა, უცნობია ვლადიმირ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგის სიკვდილის ოფიციალური მიზეზიც.

ოფიციალურად, სწორედ ამიტომ იტოვებს რუსეთის ხელისუფლება ცხედარს.

“საგამოძიებო კომიტეტმა დედასა და ადვოკატებს უთხრა, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზის მოკვლევა გახანგრძლივებულია… იტყუებიან, დროს წელავენ და ამას არც კი მალავენ”, - დაწერა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა.

ნავალნის მიერ დაარსებული “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორი ამბობს, რომ კრემლი მსგავსად დროს 2020 წლის აგვისტოშიც წელავდა, როდესაც პოლიტიკოსი “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით მოწამლეს.

“გასაგებია, ახლა რასაც აკეთებენ. საკუთარი დანაშაულის კვალს მალავენ. ელოდებიან, სიძულვილის და ბრაზის ტალღა როდის ჩაივლის”, - დაწერა ჟდანოვმა.

16 თებერვალს, ნავალნის სიკვდილზე ცნობების გავრცელებიდან სულ რამდენიმე წუთში, პროპაგანდისტულმა გამოცემებმა “არტემ” და “იზვესტიამ” დაწერეს, რომ ის თრომბის მოწყვეტის გამო მოკვდა.

ამის დადგენა ასე სწრაფად შეუძლებელი იქნებოდა, ამბობენ დამოუკიდებელი ექსპერტები.

ნავალნის თანამებრძლების მსგავსად, ისინიც ვარაუდობენ, რომ ცხედარს სწორედ იმისთვის მალავენ, რათა სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დადგენა შემდეგ შეუძლებელი გახდეს.

„მათ შეუძლიათ გააკეთონ ნებისმიერი რამ, მაგალითად, გააყალბონ გაკვეთის პროტოკოლი. ვერავინ ვერაფერს ვერ შეამოწმებს“, - უთხრა რეანიმატოლოგმა ალექსანდრ პოლუპანმა გამოცემა “მედუზას”.

სასწრაფოს ექიმებმა ნავალნის სხეულზე სისხლჩაქცევების კვალი იპოვეს, - დაწერა “ნოვაია გაზეტა ევროპამ” სალეხარდში მცხოვრებ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ვარაუდით, სისხლჩაქცევები კონვულსიების შედეგად შეიძლება გაჩენილიყო. კიდევ ერთი, გულ-მკერდის არეში მდებარე სისხლჩაქცევა კი იმაზე მიუთითებს, რომ ნავალნის გულის მასაჟს უკეთებდნენ.

“ანუ ის მართლაც გულის გაჩერებისგან მოკვდა. თუმცა არავინ გვეუბნება, კონკრეტულად რის გამო გაუჩერდა გული”, - ამბობს ის.

წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივ პათოლოგანატომებს გაკვეთა არ ჩაუტარებიათ. ერთი ვერსიით, აუკრძალეს, მეორე ვერსიით კი - უბრალოდ შეეშინდათ.

“ეს ხომ პოლიტიკური საქმეა, არავინ იცის, როგორ შემოუტრიალდებათ. გაკვეთას თუ ჩაატარებ, შემდეგ კი შედეგების შეცვლას გიბრძანებენ, უარს ვერ ეტყვი. თანაც, შეიძლება შემდეგ ეს საქმე შენ შეგახოცონ”, - ამბობს წყარო.

რაც უნდა იყოს, კრემლის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა. ან ის კოლონიაში არსებულმა არაადამიანურმა პირობებმა შეიწირა, ან რუსეთის პრეზიდენტმა მთავარი ოპონენტის მოკვლა უკვე მეორედ სცადა და ამჯერად წარმატებულად.

იმედიც მკვდარია

კრემლის პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ ნავალნის სიკვდილი ხელისუფლებას არ აწყობდა.

სამაგიეროდ აწყობდა დასავლეთს, ტაკერ კარლსონთან პუტინის “ზეპოპულარული” ინტერვიუს გადასაფარად.

“არანაირი მონაცემები არ არსებობს და უკვე ჩვენკენ იშვერენ თითს”, - ამბობს კრემლის ერთ-ერთი წამყვანი რუპორი, ვლადიმირ სოლოვიოვი.

მისი კოლეგა, მარგარიტა სიმონიანი კი, ნავალნისა და მისი ოჯახის წევრებს ახლაც “მოღალატეებს” ეძახის.

მაგრამ კრემლის მოტივი ცალსახააა რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის.

ვლადიმირ პუტინი განაგრძობს რუსეთში შიშის დათესვას, ამბობს პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი.

მისი თქმით, სწორედ ამ შიშის გამო ბევრ რუსს უბრალოდ ურჩევნია “არ შეიმჩნიოს” ნავალნის სიკვდილი. ისევე, როგორც უკრაინაზე თავდასხმა და რეპრესიები.

იმისდა მიუხედავად, რომ უმრავლესობა დუმს, ბევრი რუსისთვის ნავალნის სიკვდილი ნამდვილი შოკია.

სულ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ომის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი ხელმოწერებს აგროვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ბლოგერები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები წერდნენ, რომ რუსებს ცვლილებების იმედი დაუბრუნდათ.

მაგრამ ნადეჟდინს მალევე უარი უთხრეს. ახლა კი მკვდარია ქვეყნის მთავარი, ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერიც. ერთადერთი რუსი პოლიტიკოსი, ვინც რეჟიმს კორუფციაში ამხელდა და ვისაც შეეძლო, ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოეყვანა.

ათიათასობით რუსი გლოვობს.

დამოუკიდებელი რუსული მედია აქვეყნებს რჩევებს და უხსნის მკითხველებს, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ საკუთარ გლოვას.

დემონსტრანტი წარწერით "პუტინი ნავალნის მკვლელია". მოსკოვი, 2024 წლის 17 თებერვალი.
დემონსტრანტი წარწერით "პუტინი ნავალნის მკვლელია". მოსკოვი, 2024 წლის 17 თებერვალი.

ამასთანავე, ისინი აქვეყნებენ მკითხველთა წერილებს, რომლებიც ნავალნის დასტირიან და პატივს მიაგებენ.

მადლიერებასთან, პატივისცემასა და ტკივილთან ერთად, ამ წერილებს ერთი ხაზი აერთიანებს: ნავალნისთან ერთად პუტინმა მოკლა რუსეთში ცვლილებების ბოლო იმედიც.

პოლიტიკოსმა ხალხი ქუჩაში სიკვდილის შემდეგაც გამოიყვანა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსებს ყვავილები მიაქვთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან.

კრემლი მათ ხისტად პასუხობს.

“ოვედე ინფოს” ცნობით, აქციებზე უკვე 400-მდე ადამიანი დააკავეს.

ქუჩაში გამოვიდნენ საქართველოში გამოქცეული რუსებიც.

ნავალნის სამახსოვრო აქცია თბილისში. 2024 წლის 16 თებერვალი.
ნავალნის სამახსოვრო აქცია თბილისში. 2024 წლის 16 თებერვალი.

“მეტირება და ვერ ვტირი. ნავალნის მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა სრულიად დაცარიელებული ვარ”, - უთხრა 16 თებერვლის აქციაზე რადიო თავისუფლებას აქტივისტმა იულიამ, რომელიც გვარს საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.

“ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერი დასრულდა. რომ რუსეთში ჩემი ადგილი აღარასდროს იქნება”, - თქვა მან.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო. მის მიერ შექმნილი “კორუფციასთან ბრძოლის ფონდი” წელების მანძილზე ამხელდა ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის კორუფციულ გარიგებებს. მის იუტუბარხსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს მილიონობით ადამიანი უყურებდა.
2021 წელს, “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ ნავალნი საკუთარი ნებით დაბრუნდა რუსეთში, იმისდა მიუხედავად, რომ იქ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ელოდა. საერთაშორისო ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალმა” ის სინდისის პატიმრად აღიარა.

XS
SM
MD
LG