Accessibility links

logo-print logo-print

ნავალნის ფილმი „პუტინის სასახლეზე“ სოციალურ ქსელს იპყრობს


გელენჯიკში მდებარე „პუტინის სასახლის“ გარშემო ალექსეი ნავალნის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ მორიგ სკანდალურ გამოძიებას კრემლმა „სისულელე“ და „კომპილაცია“ უწოდა, მაშინ როცა სახელმწიფო კორუფციის მამხილებელ დოკუმენტურ ფილმს სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში „იუტუბში“ უკვე 27 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა და ეს რაოდენობა ყოველ საათში იზრდება.

რეზიდენცია 2005-2010 წლებში აიგო შავიზღვისპირა კურორტ გელენჯიკის, იდოკოპასის კონცხზე და მისი ღირებულება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ამ და „პუტინის სასახლის“ შესახებ სხვა საჯარო ინფორმაცია ცნობილი გახდა 2010 წელს, როდესაც სანკტ-პეტერბურგელმა ბიზნესმენმა, სერგეი კოლესნიკოვმა, ამის შესახებ თავისი ღია წერილით აცნობა იმხანად რუსეთის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს.

იტალიელი არქიტექტორის მიერ ხორცშესხმული პროექტი

კოლესნიკოვის თანახმად, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტიდან, რომელსაც თავის დროზე ვლადიმირ პუტინი ედგა სათავეში, სამედიცინო მომსახურებისათვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხა იგზავნებოდა ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ბელიზში მდებარე ფირმაში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული საქმოსნები, ნიკოლაი შამალოვი და დმიტრი გორელოვი, ფლობდნენ.

დიდი საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ, გელენჯიკში მდებარე სასახლის მფლობელმა, პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ნიკოლაი შამალოვმა, სასახლე სხვა ბიზნესმენს, ალექსანდრ პონომარენკოს, მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა პირობა დადო, რომ ფეშენებელურ ობიექტში სასტუმრო კომპლექსი გაიხსნებოდა.

2011 წელს „ჩრდილოეთ კავკასიის ეკოლოგიური ვახტის“ აქტივისტებმა ჟურნალისტებთან ერთად მოახერხეს მშენებარე რეზიდენიციის ტერიტორიაზე მოხვედრა და შიგნითაც კი შეაღწიეს. ამის შემდეგ „პუტინის სასახლის“ ინსპექციაში მონაწილე სურენ გაზარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას იმ დამცველის მიმართ მუქარაში სდებდნენ ბრალს, რომელმაც იგი დააკავა.

ამის შემდეგ გაზარიანი იძულებული გახდა რუსეთიდან ემიგრაციაში წასულიყო.

მაგრამ რადიო თავისუფლება განაგრძობდა „პუტინის სასახლის“ შესახებ ცნობების მოპოვებას და მალე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ფეშენებელური სასახლე გასაიდუმლოებულ ვითარებაში ააგო რუსეთში მცხოვრებმა იტალიელმა არქიტექტორმა, ლანფრანკო კირილომ.

არქიტექტორი არ მალავდა, რომ ახლოს იცნობდა რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს, რომელთა შეკვეთითაც მან არაერთი მდიდრული სახლი ააშენა. ლანფრანკო კირილო, რომელიც თავს ფიორავანტისა და რასტრელის თაყვანისმცემლად მიიჩნევდა, ოცნებობდა, თავისი დიდი წინამორბედების მსგავსად, რუსეთის ისტორიაში მოხვედრილიყო.

„ფიორავანტიმ ააშენა კრემლი, რასტრელიმ - ზამთრის სასახლე. ცხადია, მეც ვოცნებობ გავაგრძელო ეს იტალიური კულტურა, რომელსაც აქ იტალიელმა არქიტექტორებმა ჩაუყარეს საფუძველი. ეს ყველა არქიტექტორის ოცნებაა“, - ამბობდა კირილო.

არ გასცნობია, მაგრამ უარყოფს

იტალიელი არქიტექტორი რუსეთის ისტორიაში უკვე მოხვდა, ყოველ შემთხვევაში - რუსეთის სახელმწიფო ეშელონებში გამეფებულ კორუფციის ისტორიაში, რომელზეც ალექსეი ნავალნის ფონდის მიერ ჩატარებულ ახალ გამოძიებაშია საუბარი.

რუსეთში სახელმწიფოს დონეზე არსებული კორუფციის ამ სიმბოლოდ ქცეულ ფეშენებელურ სასახლეზე ჩატარებული გამოძიება - ეს არის ორსაათიანი დოკუმენტური ფილმი, თავად ნავალნის მონაწილეობით. ვიზუალურ ელემენტებს შორის ყურადღებას იპყრობს შენობის დეტალური არქიტექტურული გეგმა, ინტერიერების გრაფიკული მოდელი და შენობის შიგნით გადაღებული რამდენიმე ფოტო.

დოკუმენტური ფილმი რუსეთის პრეზიდენტის გელენჯიკის სასახლეზე „იუტუბში“ გამოქვეყნდა მეორე დღესვე, როგორც კი ფონდის დამაარსებელსა და პუტინის მწვავე კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, ხიმკის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავად „პუტინის სასახლის“ შესახებ გამოძიებას საბოლოო სახე მიეცა გერმანიაში, სადაც ნავალნი თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს მას შემდეგ, რაც 2020 წლის 20 აგვისტოს კრემლის კრიტიკოსი, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, კომაში აღმოჩნდა, როგორც მოგვიანებით დამოუკიდებელმა ევროპულმა ლაბორატორიებმა დაადგინეს, საბრძოლო ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგად.

რუსეთის პრეზიდენტს ამ ფილმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა პრესმდივანმა კი, დმიტრი პესკოვმა, ალექსეი ნავალნის მიერ მომზადებულ ფილმს „კომპილაცია“ და „სისულელე“ უწოდა.

„გამოძიებას არ გავცნობივარ, მაგრამ შემიძლია ამწუთშივე გითხრათ, რომ ეს ფირფიტა ძველია. მრავალი წლის წინ ჩვენ უკვე განვმარტავდით, რომ პუტინს არავითარი სასახლე არ აქვს გელენჯიკში“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი ამტკიცებს, რომ 68 ჰექტარზე გადაჭიმული რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას იდოკოპასში აქვს ასევე მიწისქვეშა ყინულის დარბაზი, ეკლესია, 80 მეტრის სიგრძის ხიდი „ჩაის სახლთან დასაკავშირებლად“ და, ასევე, სასახლიდან ზღვაზე ჩასასვლელი გვირაბი. ამ დროისათვის „პუტინის სასახლეს“ უტარდება რემონტი, ვინაიდან ობმა და სინესტემ იგი დააზიანა. რემონტის პროცესში მიმდინარეობს ახალი ძვირად ღირებული ობიექტების მშენებლობა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანახმად, სასახლის მშენებლობა ფინანსდება ოფშორში გახსნილი ანგარიშიდან, სადაც ფულს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები რიცხავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG