Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰააგის სასამართლომ ნამდვილად დააგვიანა გამოძიების დაწყება"


25 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ნათია კაციტაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ჯომარჯიძე, საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი. მათ ილაპარაკეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიების პროცესსა და მის თანმდევ ხარვეზებზე. 14-18 მაისს ჰააგაში ICC-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების სერია გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ უფლებადამცველები საქართველოდანაც - იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჰააგის პროცესის ხელშესაწყობად აგვისტოს ომიდან მალევე კოალიციად გაერთიანდნენ. მათ შორის იყვნენ "დილის საუბრების" სტუმრებიც. ნინო ჯომარჯიძე თვლის, რომ გამოძიების კონფიდენციურობის მიუხედავად პროცესის შესახებ გარკვეული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ომის დანაშაულების მსხვერპლებს, რომლების უფლებების აღდგენისთვისაც მიმდინარეობს ის. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ICC-ს ადგილობრივი ოფისის გაძლიერების საკითხს. ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენელი საქართველოში გასული წლის ბოლოს დაინიშნა და დღემდე ის ერთადერთ თანამშრომლად რჩება. ქართველმა უფლებადამცველებმა კიდევ ერთი საკითხი წამოჭრეს ჰააგაში: მათ მოუწოდეს ჰააგის სასამართლოს "დაზარალებულთა ნდობის ფონდს", რომ დაიწყონ მსხვერპლის მხარდაჭერის აქტივობები საქართველოში. ნათია კაციტაძემ განმარტა ჰააგის ტრიბუნალის კომპეტენცია და ილაპარაკა განსხვავებებზე მასსა და მაგალითად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ომის თემაზე მიმდინარე პროცესებს შორის. მთავარი განმასხვავებელი მათ შორის არის ის, რომ ჰააგის შემთხვევაში, სასამართლო ადგენს ინდივიდუალური პირის პასუხისმგებლობას, სტრასბურგის სასამართლოში კი მოპასუხე არის სახელმწიფო. "ჰააგის სასამართლო არ და ვერ გამოიძიებს ყველა დანაშაულს, არამედ მათი მიზანია ყველაზე მძიმე დანაშაულების გამოძიება", - ამბობს ნათია კაციტაძე. ნინო ჯომარჯიძე შენიშნავს, დაზარალებულთა ინტერესი ჰააგის პროცესის მიმართ სუსტია და ამის მაგალითად მოჰყავს ICC-ს წარმომადგენლის მიერ წეროვნის დასახლებაში გამართული შეხვედრა, რომელზეც სულ ოცი დევნილი მივიდა. "დილის საუბრების" სტუმრებმა ილაპარაკეს სასამართლოს კიდევ ერთ გამოწვევაზე, რაც უკავშირდება ამ ინსტიტუტის რესურსების სიმცირეს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG