Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაკლები დასავლეთი და მეტი რუსეთი - რა მოჰყვება შედეგად კრიზისის გაღრმავებას?


ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების უკიდურესად მწვავე შეფასებები და პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება მოჰყვა.

ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები პირდაპირ აცხადებენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური დევნის გამო საქართველო დაზარალდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საერთაშორისო მხარდაჭერა და ევროკავშირსა თუ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები. სპეცრაზმის მიერ ენმ-ის ოფისის დილის შტურმის შემდეგ, ქუჩაში დაბრუნებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. "ქართული ოცნება" 23 თებერვლის საღამომდე კანონის უზენაესობის სახელით "პოლიტიკაში მყოფი დამნაშავეების" შესახებ აკეთებდა განცხადებებს და პოლიციას მადლობას უხდიდა "მაღალკვალიფიციური ქმედებისთვის".

  • რას ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უყურებენ?
  • როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
  • რატომ ახსენდებათ რუსეთი და რა სარგებელს ელოდება კრემლი?

ნიკა მელიას დაკავების ფაქტი უკვე გასცდა ერთი პოლიტიკოსის, ერთი პარტიის, ერთი პოლიტიკური კრიზისისა და ერთი სახელმწიფოს საზღვრებსაც. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება მხოლოდ მართლმსაჯულების ენით უნდა განიმარტოს და რომ არაფერ შუაშია პოლიტიკური ანგარიშსწორება.

ამერიკის საელჩომ 23 თებერვალს დილით განაცხადა, რომ კრიზისის გაღრმავებისა და ქვეყნის უკან დახევისთვის მთელი პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება.

23 თებერვალს, დღის განმავლობაში მრავალი განცხადება გავრცელდა - მკაცრი ტონითა და შეფასებებით. საერთაშორისო პარტნიორები შიშობენ, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო საქართველოს საფასურის გადახდაც მოუწევს:

  • ძალიან შეშფოთებული ვარ როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ ახლახან წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი კანონი. მაგრამ ეს არ არის ავტომატური პროცესი... ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით“ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ტვიტერზე;
  • „ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ფეისბუკზე;
  • „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს საქართველოში. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმად შემაშფოთებელია. ნატო ელის, რომ საქართველო - ახლო პარტნიორი და ასპირანტი - შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლებზეც ძალიან ბევრი იმუშავა“ - ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ფეისბუკზე;
  • „საქართველოს დემოკრატიის ყველა მეგობარი უნდა დადგეს მათ გარშემო, ვინც ახლა მას (დემოკრატიას) იცავს. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს ვითარება და გაათავისუფლოს მელია“ - აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ტვიტერზე;
  • „მოდით, გავიღვიძოთ! მოდით, დავრეკოთ ზარები და რეაგირება მოვახდინოთ. დემოკრატია დარტყმის ქვეშაა! გაზისა და ძალადობის გამოყენებით, პუტინის მსგავსად. ივანიშვილის რეჟიმმა საფასური უნდა გადაიხადოს“ - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ტვიტერზე.

ეს 23 თებერვალს გაკეთებული განცხადებების მხოლოდ მცირე კრებულია.

„ეს განცხადებები არის, სამწუხაროდ, მხოლოდ დასაწყისი და, თუ არაფერი შეიცვალა, მათ მოჰყვება ძალიან მწვავე რეაგირება და კონკრეტული ქმედებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან... დაზარალდება მთავარი - ხალხის ინტერესი. ეს ევროკავშირი და ნატო განყენებული თემები ხომ არ არის - ეს არის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა და მათი დაკარგვით დაზარალდება საქართველო.

როცა ასეთი რაღაცეები (ოპოზიციონერების დაპატიმრება) ხდება ბელარუსში და რუსეთში, დასავლეთს ამაზეც აქვს რეაქცია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში რეაგირება უფრო მძაფრი იქნება, რადგან ამ ქვეყანას გაკეთებული აქვს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების არჩევანი და თამასა ჩვენს შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალია...

სამწუხაროდ, ამის შესახებ გვაფრთხილებენ ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეები (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები), რომლებსაც მილიარდები აქვთ დახარჯული საქართველოს განვითარებისთვის...

უნდა ველოდოთ სანქციებსაც და, მაგალითად, პირველ ეტაპზე - ევროკავშირის ფინანსური პროექტების შეჩერებას... მოსალოდნელია ასევე, რომ გარკვეული პიროვნებების მიმართაც დაწესდეს სანქციები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, ყოფილი ელჩი პაატა გაფრინდაშვილი.

ექსპერტები მიუთითებენ 22 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებაზე, ახალი სანქციები დაუწესონ რუსეთის მოქალაქეებს, სავარაუდოდ - ხელისუფლების წარმომადგენლებს - ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისა და მისი მომხრეების დასჯის გამო. მიზეზი ისაა, რომ დასავლეთის მთავრობების შეფასებით, ნავალნის მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. რუსეთი ნავალნის ეკონომიკური ხასიათის დანაშაულს სდებს ბრალად და დასავლეთის სანქციების გამო აღშფოთებულია.

23 თებერვალს, დღის ბოლოს გავრცელდა განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩები მიიღო. „პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეტალების დაუკონკრეტებლად.

ასევე დღის ბოლოს, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში უცხოელ პარტნიორებთან შესახვედრად მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები.

საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადების ფონზე „ქართული ოცნება“ აზრს ჯერჯერობით არ იცვლის და კვლავაც კმაყოფილებას გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მიტანილი შტურმისა და ნიკა მელიას დაკავების გამო.

როგორ ესმის „ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორების

ხელისუფლების წარმომადგენლები 23 თებერვალს აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციები მოსალოდნელი იყო მათთვის.

ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა შესაძლოა დასავლურ სტანდარტებს დააშოროს“, - განაცხადა 23 თებერვალს გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

თუმცა კობახიძეს იმედი აქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყველაფერს მშვენივრად მიხვდებიან და კერძოდ:

  • „პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა, სწორედ რომ, სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის“;
  • „პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში“;
  • „სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არა თუ ხელს არ შეუშლის, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას“;
  • „სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს“.

ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს ლმობიერმა მიდგომამ უარესი შედეგი მოიტანა და პოლარიზაციისა და რადიკალიზმის გაღრმავებით გამოირჩეოდნენ ის „ე.წ. პოლიტიკოსები“, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან „სხვადასხვა მძიმე დანაშაულში“. მან დაასახელა: „მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები“.

არის თუ არა ეს დაჭერის მუქარა მათ შორის იმ პოლიტიკოსებისა და მედიამფლობელების წინააღმდეგ, რომელთა საქმეების განხილვაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების შემდეგ არაერთი თვის განმავლობაში იყო შეჩერებული?

ოპოზიციაში, რომელმაც ქუჩის საპროტესტო აქციები განაახლა და რუსთაველზე კარვებიც გაშალა, დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ პუტინის რუსეთის მსგავსად, დიქტატურის ღიად დამყარების რეჟიმზე გადავიდა და თუკი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე ზეწოლით, საზოგადოებამ ის ვერ შეაჩერა, პოლიტიკოსების დაჭერა ზღვაში წვეთი იქნება იმ პროცესებთან შედარებით, რაც კი საქართველოში შეიძლება განვითარდეს.

ოპოზიცია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ დიქტატურა და რეპრესიები მხოლოდ პოლიტიკოსებს არ დაემუქრება და მხოლოდ ქვეყნის განვითარების შეფერხებითა და უპერსპექტივობითაც კი საქართველოს თითოეული მოქალაქე დაზარალდება.

ოპოზიცია პერმანენტული აქციების დაწყებას აცხადებს და მასშტაბურ საპროტესტო აქციას 26 თებერვლისთვის გეგმავს.

რა გზები რჩება?

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ექსპერტთა დიდ ნაწილს რუსეთსა და ბელარუსს ახსენებს - ქვეყნებს, სადაც დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად, დემონსტრაციულად აპატიმრებენ ოპონენტებს და მათ წინააღმდეგ ამხედრებენ საზოგადოების დანარჩენ ნაწილს.

„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი გვეუბნება, რომ საქართველო სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა და „ქართულ ოცნებას“ ახლა მოქმედების ორი გზა დარჩა:

„ან უნდა გამოუშვას ბატონი მელია და გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც მოაქცევს კალაპოტში მთელ ამ დაძაბულ პოლიტიკურ პროცესს, ანდა სხვა გზა უბრალოდ არ ექნება „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ გადავიდეს კიდევ უფრო ხისტ პოლიტიკაზე, რაც იქნება გამოხატული იმაში, რომ დააკავებენ სხვა ლიდერებსაც და ეს უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს საქართველოს.

პოლარიზაციის მაღალი დონე მეტ არჩევანს არ ტოვებს. სად მივდივართ მერე? რა გზაა ეს? ვინ დარჩება მოგებული? საზოგადოების გახლეჩა და ნაპრალის კიდევ უფრო გაზრდა - ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც აკეთებს რუსეთი მის შემოგარენში“.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, დესტაბილიზაციას რუსეთი გამოიყენებს დასავლეთში იმ სკეპტიკოსების არგუმენტების გამოსაკვებადაც, რომლებიც არ მიიჩნევენ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ღირსად; ხოლო რაც უფრო დაშორდება საქართველო დასავლეთს, მით უფრო დაუახლოვდება რუსეთის ორბიტას.

„სარისკოა, რომ დაიღლება ამ ჩვენი გაუთავებელი პრობლემებით დასავლეთიც და მე ამის ძალიან მეშინია. ეს იქნება პოლიტიკური სივრცისა და მანევრის დათმობა რუსეთისთვის.

გამაღიზიანებელი ის არის, რომ ეს ხდება რუსეთის ზოგადად დასუსტების ფონზე და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ შესაბამისად ვიყენებდეთ აშშ-ში ახალი პრეზიდენტის (ჯო ბაიდენის) მოსვლით გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს, გამოდის ისე, რომ - ერთადერთი მიმართულება, სადაც რუსეთი პოზიციებს იძლიერებს ამჟამად, ეს საქართველოა... როგორ შეიძლება ამასთან შეგუება?!“ - გვეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი.

მისი თვალთახედვით, ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რასაც დღეს საქართველო წარმოადგენს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი იქნებოდა პრემიერისა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომრის გადადგომა; თუმცა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, ღრმა პოლარიზაციის პირობებში, არა თუ რიგგარეშე არჩევნები არ დანიშნა, არამედ პრემიერად დაასახელა „ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული სიხისტითა და მუქარებით გამორჩეული“ ირაკლი ღარიბაშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მოახერხებს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ ნიკა მელიას დაკავება მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იქნეს განხილული.

პაატა გაფრინდაშვილის თქმით კი, ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია საქართველოს სასამართლო სისტემის უარყოფითი შეფასებები, რაც საერთაშორისო პარტნიორებს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ და კეთდებოდა ღია განცხადებებიც სასამართლო სისტემის პოლიტიზებასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG