საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას და „საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს“.
დავა თბილისმა 2024 წელს წააგო
ENKA Renewables-მა საარბიტრაჟო დავა 2021 წელს დაიწყო, - მას შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ აშენების საინვესტიციო შეთანხმება თბილისმა შეწყვიტა საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ.
პასუხად ENKA-მ საქართველოს ფრანგულ არბიტრაჟში უჩივლა და დავა 2024 წლის დეკემბერში მოიგო.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ მაშინ ქვეყანას $383 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
თბილისს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
$400 მლნ-ზე მეტი
- არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი - კომპენსაციის ძირ თანხას ემატება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე.
- სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, - რაც რადიო თავისუფლებამ მოიძია, - ENKA-მ 18 სექტემბრამდე უნდა დაასახელოს ზუსტი თანხა, რის გადახდასაც საქართველოსგან მოითხოვს;
- ეს თანხა, სავარაუდოდ, $400 მლნ-ზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება.
რატომ აშშ-ს სასამართლო
ბიზნესმედია BMG-ს ცნობით:
- საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო, „თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული“.
- ENKA-მ აშშ-ის კოლუმბიის ოლქის (DC) სასამართლოს მიმართა, ვინაიდან აშშ არბიტრაჟის შესახებ 1958 წლის ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარეა და მოპაექრე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენება შეუძლიათ.
კოლუმბიის ოლქის სასამართლომ კი გადაწყვეტილება 2026 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა.
„მხოლოდ პროცესუალურად“ - იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოში და საქმეც იქ განიხილება:
„პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა“, - თქვა მან.
„საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვაშინგტონის სასამართლოზე კი ის ასეთ რამეს ამბობს:
- „სინამდვილეში ვაშინგტონის სასამართლოში არ მიმდინარეობს არანაირი პროცესი, რომელიც არსებითად მსჯელობს არ საკითხზე“;
- საქმე შეეხებოდა „მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება“.
- „ვაშინგტონის სასამართლომ მსჯელობდა, უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები“, - ამბობს ძამაშვილი.
„თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას“, - განაცხადა მან.
ძამაშვილის თქმით, ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ: „რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა მან.
ძამაშვილის კომენტარი იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა.
„რიონის ხეობის გადასარჩენად“
- „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 2022 წლის მაისში გუმათში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობის დატოვების შემდეგ.
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყეს.
- "ნამახვანჰესის" მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში უარი თქვა ჰესის აშენებაზე და საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
- საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად დაპატიმრებული ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ლაპარაკი რთული იქნება.
- მთავრობა დიდი ჰესების - "ნამახვანის", "ნენსკრას", "ხუდონის" - მშენებლობას ახლა მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს.
ახალი ამბავი განახლდა 15:30 საათზე იუსტიციის მინისტრის მოადგილის კომენტარებით.
ფორუმი