Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ აუდიტის დასკვნას აქვეყნებს


საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აუდიტორული კომპანია შპს „ეკონომაუდიტის“ მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, მოძრაობის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

დასკვნა მოიცავს მოძრაობის დაარსების დღიდან, 2018 წლის 17 ივნისიდან, 2021 წლის 31 ივლისს დასრულებულ საანგარიშო პერიოდს.

განცხადება და დოკუმენტების ასლები, რომლებიც საბანკო ანგარიშების ამონაწერებს მოიცავს, საზოგადოებრივმა მოძრაობამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ხანგრძლივი პროტესტის მანძილზე მოძრაობის ფინანსების წარმოშობასა და ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ოპონენტების მიერ არაერთი ეჭვი გამოითქვა. ჩვენს ფეისბუქგვერდზეც და მედიასივრცეშიც ბევრჯერ განვმარტეთ, რომ ფინანსურად გვეხმარებიან კერძო პირები, უმეტესად ემიგრანტები და ისინი ამ შემოწირულობებით მონაწილეობენ პროტესტში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, გადავწყვიტეთ, მიგვემართა აუდიტორული კომპანიისთვის, რომ ყველასთვის ცხადი იყოს, ვისგან რა თანხა მიიღო ჩვენმა მოძრაობამ, როგორ განიკარგა მიღებული შემოწირულობები, გვქონდა თუ არა ამ მხრივ კანონთან შეუსაბამობა და ამით ამოიწუროს ეს საკითხი. აუდიტორის აზრით, „ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, იცავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მოთხოვნებს.“

მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული საბანკო ანგარიშების ამონაწერის თანახმად, „რიონის გადარჩენის ფონდში“ გადარიცხული თანხების უმეტესობა 10-დან 100 ლარამდე მერყეობს. რამდენიმე შემთხვევაში, მათ ანგარიშზე გადარიცხულია 500-1000 ლარი. ჯამში, შემოწირულობებმა 283 498 ლარი შეადგინა.

აქედან, სხვადასხვა ღონისძიებისთვის, მათ შორის, თბილისის აქციის ორგანიზებისთვის (48 000 ლარი), ჯამში დაიხარჯა 153 542 ლარი. აუდიტის დასკვნის თანახმად, მიმდინარე პერიოდის შემოსავლები 130 472 ლარს შეადგენს.

"რიონის ხეობის მცველების" პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საპროტესტო აქციები იმართებოდა, როგორც რიონის ხეობაში, ისე ქუთაისსა და თბილისში.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი.

კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა.

XS
SM
MD
LG