Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანახი კინო


საქართველოში მუდმივად არსებობს ეჭვი, რომ არჩევნები გაყალბდება. ვერ ვიტყვით, რომ ეს ეჭვი უსაფუძვლოა. პოლიტიკოსებიც, ვიდრე ოპოზიციაში არიან, აღიარებენ, რომ არჩევნები ხშირად ყალბდება, რასაც ასევე მძაფრად განიცდიან ამ პოლიტიკოსების მხარდამჭერები.

„თქვენო უწმინდესობავ, განრთხმული ვარ თქვენს წინაშე და იმის თქმას ვბედავ, რასაც ვფიქრობ და რასაც განვიცდი! გევედრები, გადაეფარე შენს ერსა და სამწყსოს და იხსენ საბოლოო გარდაუვალი განსაცდელისგან. შეაჩვენე და ანათემას გადაეცი ყოველი, ნებისმიერი, დიდიც და პატარაც, ერიც და ბერიც, ყოველი, ვინც გაბედავს და შეეცდება, რომ არჩევნები გააყალბოს, რადგან ხვალ უკვე გვიან, ძალიან გვიან იქნება და მაშინ ვერც წყევლა და ვეღარც ლოცვა ვეღარ გვიშველის...“ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი ამ მიმართვის ავტორი, „ცოდვილი ცოდვილთა შორის“, როგორც თვითონ უწოდებს თავის თავს, საბჭოთა პოეტი და შევარდნაძის მთავრობის კულტურის მინისტრის მოადგილე რეზო ამაშუკელია, მიმართვა კი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაა დაწერილი.

2012 წ. გაზეთი "ახალი თაობა"
2012 წ. გაზეთი "ახალი თაობა"

რეზო ამაშუკელი სხვა ბევრი ტექსტის ავტორიცაა (ბოლოს და ბოლოს, 1968 წელს საქართველოს კომკავშირის პრემია აქვს მიღებული), მაგრამ ახლა გავიხსენოთ მისი ერთი, ბევრისთვის კარგად ნაცნობი ტექსტი, „გიხაროდენ!“, რომელზეც კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდამჭერი სიმღერა დაწერა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ არჩევნებში „მოქალაქეთა კაშირმა“ „დამაჯერებლად“ გაიმარჯვა, როგორც ამბობენ, მასშტაბური გაყალბების, ბიულეტენების ჩაყრის წყალობით, მაგრამ, ცხადია, მმართველ პარტიას და მის მხარდამჭერ პოეტებს ეს გარემოება არ გაუპროტესტებიათ, ისევე როგორც არ გაუპროტესტებიათ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბება.

1999 წ. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
1999 წ. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

ცხადია, სიყალბის ჩამდენი პოლიტიკური ძალებისა და მათი მხარდამჭერებისგან არც არავინ ელის არჩევნების გაყალბების დაგმობას. ამ საქმისთვის არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო მეთვალყურეები, საზოგადოება და ა.შ.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბება იმის გამოც ვერ შერჩა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ არჩევნებს უპრეცედენტოდ ბევრი მეთვალყურე აკვირდებოდა. მარტო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას 650 დამკვირვებელი ჰყავდა გამოგზავნილი, მრავლად იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც, განსაკუთრებით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ რომელიც არჩევნების შედეგებს პარალელურად ითვლიდა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, პანდემიის გამო, ფაქტობრივად, გამოაკლდება საერთაშორისო დამკვირვებელთა კომპონენტი. შესაბამისად, არჩევნების მონიტორინგი, დიდწილად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად რჩება. ამ ფონზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები "ამხელენ" მესამე სექტორს. თეა წულუკიანის მიერ 27 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 ოპოზიციურ პარტიებთანაა დაკავშირებული.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

„ოპოზიციური პარტიები აპირებენ შექმნან ცრუ ამბები, ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უსაფუძვლოდ აკრიტიკონ ცესკო და არჩევნების მომდევნო დღეებში დაგეგმილი პროვოკაციების მთელი კასკადი შექმნან“, - ამბობს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ადრე ტრადიციულ, ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ("საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“) "აკრიტიკებდა".

„ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილია ტყუილში. შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა 2018 წლის 22 ნოემბერს.

დაახლოებით იმავე პერიოდში ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, რომ „არასამთავრობო სექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივია“.

ახლა კი, არჩევნებამდე არასრული სამი დღით ადრე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მითითებებს აძლევს არასამთავრობოებს, ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ხელმძღვანელობს და, როგორც 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შტაბის ამოცანაა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, არჩევნები არ გაყალბდება, მაგრამ სადამკვირვებლო ორგანიზაციები („ოპოზიციის აქტივი“) იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის საფუძველზე ოპოზიცია შეეცდება რევოლუციის მოწყობას.

რა შეიძლება იყოს ეს, წინასწარმეტყველების ნიჭი თუ შესაძლო დარღვევებზე საზოგადოების მოსალოდნელი რეაქციის დისკრედიტაციის მცდელობა?

ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკვირდება საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის ისტორიას, უთუოდ იტყვის, რომ ეს კინო ნანახი აქვს.

2003 წლის 2 ნოემბერს, არჩევნების დღეს, მაშინდელი მმართველი პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის“ მიერ შექმნილი საარჩევნო ბლოკის, „ახალი საქართველოსათვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო გამოსვლების საფრთხე და რომ ოპოზიცია ქუჩაში იმ მოტივით გამოვა, თითქოს ხელისუფლება მას გამარჯვებას ართმევს.

„რა არის ეს?“ - მკითხაობდა მაშინდელი პრესაც, - „მარტივი ლოგიკა თუ ბრმა წინასწარმეტყველება?“

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მალევე გაირკვა, რომ არც ერთი იყო და არც მეორე, არამედ იყო ბინძურად ჩატარებულ არჩევნებზე საზოგადოების ლოგიკური და გარდაუვალი რეაქციის წინასწარი დისკრედიტაციის მცდელობა, რომლისგანაც, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოვიდა.

ვახტანგ რჩეულიშვილზე დამაჯერებელი არც ირაკლი კობახიძე იყო, როცა თქვა:

„ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე. წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“.

ირაკლი კობახიძეს არაფერი უთქვამს, რას აკეთებს ხელისუფლება და მმართველი პარტია არჩევნების შედეგებისადმი ნდობის გასაზრდელად. ესეც ერთგვარი ტრადიციაა. ასე იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინაც, როცა მაშინდელი ოპოზიციის მხარდამჭერები ლაპარაკობდნენ გაყალბების საფრთხეზე და ხელისუფლების გონიერებაზე მეტად პატრიარქის წყევლის იმედი ჰქონდათ.

... სხვათა შორის, უცნობია, დაწყევლა (შეაჩვენა, ანათემას გადასცა) თუ არა კათოლიკოს-პატრიარქმა „ყოველი, ვინც არჩევნების გაყალბებას გაბედავს“; ასევე უცნობია, თუ დაწყევლა, მხოლოდ ერთ კონკრეტულ არჩევნებზე ვრცელდება ეს წყევლა თუ ყველა მომდევნოზე, მათ შორის კარს მომდგარზეც. როგორც უნდა იყოს, აშკარაა, ვინც არჩევნებს გააყალბებს, იმის მიხედვით, ათეისტია თუ მორწმუნე, ან ხალხისა და კანონის უნდა ეშინოდეს ან, დამატებით, ღვთის რისხვისაც.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG