Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ოჩამჩირის ბაზას გმობს. რას აპირებს საქართველოს პარლამენტი?


საილუსტრაციო ფოტო: ნატოს სამიტი ვილნიუსში. 11 ივლისი, 2023 წელი.
საილუსტრაციო ფოტო: ნატოს სამიტი ვილნიუსში. 11 ივლისი, 2023 წელი.

შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს გამოწვევად რჩება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე. ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო პორტის გახსნის გეგმა შავი ზღვის მთელი რეგიონის საფრთხედ განიხილება. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს თემა პოლიტიკური ოპონენტების „არაადეკვატურ წამოკნავლებად“ მიიჩნევა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ოჩამჩირის ბაზის საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატის ძალისხმევით მოხვდა და დამტკიცდა. დიდი ალბათობით, იგივე ბედი არ ელის ამავე საკითხზე თბილისში შემუშავებული რეზოლუციის პროექტს, რომლის ინიციატორი ასევე ოპოზიციონერი დეპუტატია.

შავი ზღვის რისკები

„რუსეთის ქმედებები ხაზს უსვამს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას“ და „შავი ზღვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე სესიაზე, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში 9 ოქტომბერს დამტკიცდა.

ტექსტში „მნიშვნელოვან და პირდაპირ“ საფრთხედ არის შეფასებული როგორც ბრუტალური ომი უკრაინასთან, ასევე „საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის განგრძობადი უკანონო ოკუპაცია“.

„შავ ზღვაში სიტუაცია კვლავ რთულია. ჩვენ მეტი ინვესტირება მოგვეთხოვება“, - მიმართა ასამბლეის წარმომადგენლებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ და თავისი მშობლიური ქვეყნის - რუმინეთის სახელით, მაქსიმალური დახმარების პირობაც დადო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ნატოს ქვეყნებმა სწრაფად დაიწყეს დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა შავი ზღვის აუზის ორ მოკავშირე ქვეყანაში - რუმინეთსა და ბულგარეთში, აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად. მზადყოფნაში მოიყვანეს მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფები და აღმოსავლეთის ფლანგზე გაიგზავნა არაერთი ქვეყნის საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის - მუდმივი სადაზვერვო მიზნებისთვის.

სექტემბრის მიწურულს, როცა აშშ-ის ოთხი საბრძოლო თვითმფრინავი - F-16 რუმინეთში მდებარე ავიაბაზის ტერიტორიაზე დაეშვა, ნატომ განაცხადა, რომ მიზანს „შავი ზღვის რეგიონში ნატოს საჰაერო პატრულის შემდგომი გაძლიერება“ წარმოადგენს.

2023 წლის სექტემბერში - ნატოს წევრ რუმინეთში ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე იპოვეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები; კერძოდ - უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ პლაურუსთან. ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მაშინ განაცხადა, რომ არ არის ეჭვი განზრახ სროლაზე, თუმცა - ეს ქმნის სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს.

უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომთან დაკავშირებული საფრთხეების გარდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების რისკებად ასევე შეფასებულია:

  • რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ხელშეშლა და შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლა;
  • რუსეთის დეზინფორმაციული სამაუწყებლო არხები, რომლებსაც რუსეთი იყენებს როგორც უკრაინის, ასევე სხვა მეზობლების წინააღმდეგ, დესტაბილიზაციის მიზნით;
  • სამხედრო და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გაძლიერება მოლდოვაში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი იმის ფონზე - მთავრობის დესტაბილიზაციისა და პრორუსი კანდიდატებისა და პარტიების მხარდაჭერის მიზნით.

რეზოლუციის ტექსტში დადებითად არის შეფასებული ნატოს წევრი თურქეთის მიერ 1936 წელს ხელმოწერილი „მონროს კონვენციის“ შესრულება და დიპლომატიური ძალისხმევა, შეიცვალოს სტატუს-კვო - „ყველა მხარის სასარგებლოდ“.

„მონროს კონვენციის“ თანახმად, არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო გემებს (ტონაჟისა და კლასის მიხედვით) შავ ზღვაში 21 დღეზე ხანგრძლივად დაყოვნება ეკრძალებათ. ხოლო სავაჭრო გემებს აქვთ უფლება, ისარგებლონ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით, როგორც საომარ, ისე მშვიდობიან ვითარებაში.

ორი წლის წინ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თურქეთი ამ კონვენციას გამოეთიშოს, რაც აშშ-სა და მთლიანად ნატოს სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში შეუზღუდავად ყოფნის შესაძლებლობას უჩენს.

სწორედ „მონროს კონვენციის“ ასეთ პერსპექტივას უკავშირებენ პრორუსი ექსპერტები ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის იდეის გაცოცხლებას, რომელიც, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, 5 ოქტომბერს, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გაახმაურა.

ოჩამჩირის პორტი, როგორც სამოქალაქო-სავაჭრო პორტი, 1933-1935 წლებში შეიქმნა. ის მხოლოდ 5 წელი არსებობდა. 1940 წელს სამოქალაქო ფლოტი ფოთში გადაიტანეს, ოჩამჩირეში კი ბათუმიდან სსრკ-ის სანაპირო დაცვის გემების მეექვსე ბრიგადა გადმოვიდა.
1980-იან წლებში პორტის გაფართოების გეგმა მუშავდებოდა, გეგმავდნენ, სამხედრო კომპონენტიც დაემატებინათ. ყურის გაფართოების მიზნით, სამუშაოები ჩატარდა, რომლებიც შემდეგ სსრკ-ის დაშლის გამო შეაჩერეს.
1996 წლის აგვისტოში საქართველოს მოთხოვნით, სანაპიროს დაცვის ხომალდების მეექვსე ბრიგადა ოჩამჩირიდან დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში გადაიყვანეს. 1998 წელს პორტი რუსული გემების უკანასკნელმა დივიზიამ დატოვა.


ოჩამჩირის საკითხი რეზოლუციაში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტს 9 ოქტომბრის სხდომის მიმდინარეობისას დაემატა ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზის შექმნის საკითხი.

#1 ცვლილების ტექსტი სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ გაახმოვანა და ის რეზოლუციის დამტკიცებულ ტექსტში მოხვდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და უკრაინის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის კომიტეტში გამართული განხილვის შემდეგ.

„[ასამბლეა] გმობს რუსეთის დეკლარირებულ განზრახვას ააშენოს სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც შავი ზღვის რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციის საფრთხეს წარმოადგენს“, - წერია რეზოლუციის ტექსტში.

ეს ამბავი ყურადღების მიღმა არ დარჩენია რუსეთის მედიას, რომელმაც გაიხსენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, ნატოს მისამართით, სექტემბერში ნათქვამი სიტყვები, რომ [ნატოს ღია კართან] „ორპირ ქარში ყოფნა საშიშია“ ["რადგან ორპირმა ქარმა იცის გაციება"].

მანამდე, ივლისში, ორპირ ქარში დგომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ახსენა ღია წერილში, რომელიც ნატოს 74-ე სამიტის წინ გამოქვეყნდა.
პაპუაშვილმა წინასწარმეტყველური უწოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს, წარმოთქმულს 2002 წელს - როცა საქართველომ ალიანსის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. „ედუარდ შევარდნაძემ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა და ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“, - აღნიშნავდა პაპუაშვილი.

7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, საქართველოს დელაგაციას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე უმრავლესობის დეპუტატები - გივი მიქანაძე და ხატია წილოსანი.

ის ფაქტი, რომ ოჩამჩირის ბაზასთან დაკავშირებული საკითხი არა უმრავლესობის წარმომადგენელმა, არამედ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააყენა, კიდევ ერთი მძიმე სიგნალია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიასთვის, რომელსაც იმავე ოჩამჩირის საკითხზე წინააღმდეგობა საქართველოს პარლამენტში შეხვდა.

დეპუტატი აქუბარდია მოელის, რომ მისი ავტორობით შექმნილი რეზოლუციის პროექტს, რომელიც პარტიის „საქართველოსთვის“ ორ დეპუტატთან ერთად წარადგინა და რუსეთის ფლოტის სამხედრო ბაზის ოკუპირებულ ოჩამჩირეში გახსნის გეგმას აპროტესტებს, საპარლამენტო უმრავლესობა ან ბიუროს სხდომაზე ჩააგდებს, ანდა საკომიტეტო მოსმენისას დაუსვამს წერტილს.

„ამის შემდეგ ერთი გზა დარჩება - ვთხოვთ დეპუტატებს, მოაწერონ ხელი და ასე გავუგზავნოთ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - ეუბნება თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას.

მისი შეფასებით, „როცა რუსეთის სამხედრო ფლოტის ბაზირებით საქართველოს უსაფრთხოების რისკები იზრდება და „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაგირების ეშინია, ეს არაფერია სხვა, თუ არა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სვლა“.

ოპოზიციონერების ამ ინიციატივას არაადეკვატური „წამოკნავლებები“ უწოდა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მან თქვა, რომ „ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან, სულ მცირე, არის პროვოკაციის მცდელობა“.

„წამოკნავლება იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის განცხადება, და არა საგარეო საქმეთა მინისტრის, სადაც არ არის პარტნიორების მიმართ მოწოდება, რომ ამაზე პოზიცია გამოეხატათ. ჩვენი სუვერენიტეტი სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე დგას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ საპარლამენტო ასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელი უკრაინის გარდა, ალიანსს არცერთი სხვა პარტნიორისთვის არ გაუკეთებია იმდენი, რაც საქართველოს გაუკეთა და ახლა ყველაფერი თავად საქართველოზეა დამოკიდებული.

„თქვენზეა დამოკიდებული, რა გზით და როგორ განავითარებთ ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის პრაქტიკას... თქვენ იყავით მოწინავეები არა მხოლოდ კავკასიაში ან შავი ზღვის რეგიონში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. თქვენ უკეთესად გამოგდით, ვიდრე ევროკავშირისა და ნატოს ბევრ ქვეყანას. ასე რომ, თქვენი ნებაა. გააგრძელეთ რეფორმები, შეინარჩუნეთ გეზი... ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს გახდეს დემოკრატიული ცივილიზებული დასავლეთის ნაწილი“, - მირჩა ჯოანამ თქვა ასევე, რომ პოლიტიკური რჩევების მოცემა არ არის მისი მიზანი, მაგრამ ბურთი საქართველოს მხარესაა და მასზეა დამოკიდებული „ისედაც ძალიან მტკიცე პარტნიორობის“ გააქტიურება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG