Accessibility links

site logo site logo

ნაღმით დაბრმავებული კვლავ განაღმვის დიდოსტატია


ავღანეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ნაღიბულა, თალიბების მიერ დამონტაჟებული ნაღმის გაუვნებელყოფის დროს დაბრმავდა.

ავღანელ პოლიციელებს, გამნაღმველებს, სახიფათო სამუშაოს შესრულება უწევთ სპეციალური ტექნიკის გარეშე, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებით.

ნაღიბულა, ყოფილი პოლიციელი, ნაღმის აფეთქებისას დაბრმავდა რვა წლის წინ, მაგრამ ახალბედებს დღემდე ასწავლის განაღმვის წესებს, უზიარებს ამ საქმის საიდუმლოს, რჩევებს აძლევს მათ მუშაობისას, თუმცა ამაში არავინ არაფერს უხდის და უსინათლო ყოფილ პოლიციელს ოჯახის გამოკვებაც კი უჭირს.

ნაღიბულამ მხედველობა - და მასთან ერთად სამუშაო, როგორც ავღანელმა პოლიციელმა - დაკარგა, როცა თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას უვნებელყოფდა და აუფეთქდა რვა წლის წინ.

მაგრამ 39 წლის ყოფილი პოლიციელისთვის სიბრმავეს ხელი არ შეუშლია საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა პოლიციელებისთვის თავისი მშობლიური ქალაქის, თარინ ქოვთის - ურუზგანის პროვინციის დედაქალაქის - გარშემო ფრონტისპირა ხაზზე განლაგებული საკონტროლო პუნქტების განნაღმვისას.

პოლიციის იმ ქვედანაყოფის თანამშრომლები, სადაც ადრე ნაღიბულა მუშაობდა, ხანდახან დასახმარებლად გამოიძახებენ ხოლმე გამოცდილ პოლიციელს თალიბების მიერ გზისპირას ჩადებული ბომბების გასაუვნებელყოფად. თალიბანი პროვინციის სასოფლო ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

"ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს ახალგაზრდა ჯარისკაცები ჩვენი ხალხია", ამბობს ნაღიბულა, რომელიც ავღანეთის პოლიციის რიგებს 2002 წელს შეუერთდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი იყო სურ მუღრაბში, თარინ ქოვთის გარეუბანში, სანამ დაბრმავდებოდა.

"ის, რომ შემიძლია გავწვრთნა და ჩემი გამოცდილება გავუზიარო მათ იმისთვის, რომ თავიდან ავაცილო სიკვდილი და დაზიანება, დიდი მიღწევაა", უთხრა ნაღიბულამ რადიო თავისუფლებას. "თანაც, ეს ჩვენი სამშობლოა. როგორც უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, მე ჩემს პასუხისმგებლობად მივიჩნევ დავიცვა ჩემი ხალხი, დები და ძმები".

"მემკვიდრეობით დარჩენილი ნაღმები" თალიბანის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის წინააღმდეგ

ბრიტანული არაკომერციული გამნაღმველი ორგანიზაცია HALO Trust-ის 2004 წლის შეფასებით, 1980-90-იან წლებში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი სახმელეთო ნაღმი დატოვეს საბჭოთა ჯარებმა, ავღანეთის სამთავრობო ძალებმა და მათმა მეტოქე მუჯაჰედებმა, რომლებიც ამ ქვეყანაზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

ნაღიბულა (მარჯვნივ ბოლო), მისი ორი ვაჟი (შუაში) და ძმისშვილი (მარცხნივ) მის სახლთან თარინ ქოვთში.
ნაღიბულა (მარჯვნივ ბოლო), მისი ორი ვაჟი (შუაში) და ძმისშვილი (მარცხნივ) მის სახლთან თარინ ქოვთში.

HALO Trust-ი ახლა ამბობს, რომ იმ ე.წ. "მემკვიდრეობით დარჩენილი ნაღმების" 80 პროცენტზე მეტი გაუვნებელყოფილია.

ამის მიუხედავად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ავღანეთში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაღუპულთა რაოდენობამ იმატა.

HALO Trust -ის მიხედვით, ცხადია, რომ თალიბანის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნატოს ავიადარტყმების შედეგად დარჩენილი აუფეთქებელი ჭურვები უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ახლა ავღანელ მშვიდობიან მოსახლეობას, ვიდრე "მემკვიდრეობით დარჩენილი ნაღმები".

მაგრამ ათასობით სამოქალაქო გამნაღმველი, რომელიც ავღანეთში მუშაობდა 2001 წლის ბოლოს, ამერიკის შეიარაღებული ძალების შესვლის დროიდან, ახლოს არ მიდის ფრონტთან, სადაც ომი კვლავაც მძვინვარებს.

HALO Trust -ის მიერ 2020 წელს გაუვნებელყოფილი 72 000-ზე მეტი სახმელეთო ნაღმისა და ასაფეთქებელი მოწყობილობიდან მხოლოდ 226 იყო "დატოვებული თვითნაკეთი ნაღმი" გასული ორი ათწლეულიდან.


ფეთქებადსაშიში ჭურვების გაუვნებელყოფას საბრძოლო ზონებში უმეტესად აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია აწარმოებს, რომელშიც ავღანეთის პოლიციელებიც შედიან, ისეთები, როგორებიც ნაღიბულას ყოფილ ქვედანაყოფში არიან.

ნაღიბულა ამბობს, რომ განაღმვის სპეციალიზებულ სფეროში ავღანელი პოლიციელების შესაბამისი წვრთნის ნაკლებობის პრობლემაა.

"მე არ გამივლია რამე საგანგებო წვრთნა განაღმვის სფეროში", უთხრა ნაღიბულამ რადიო თავისუფლებას. "პოლიციაში ჩემი ხანმოკლე წვრთნისას რამდენიმე ძირითადი რამ ვისწავლე ჩვეულებრივ ნაღმებზე. მაგრამ აქ, ურუზგანში, ჩვეულებრივ ომთან არ გვაქვს საქმე".

"აქ ომი დამყარებულია პარტიზანულ ტაქტიკაზე", თქვა მან. "თალიბანი მოვიდა და ყველგან ნაღმები ჩადო, ამიტომ მე სხვადასხვა მეთოდს ვიყენებდი მათ განსანაღმავად და შემდეგ მათი განაღმვის ჩვევა გამომიმუშავდა".

"სანამ პოლიციაში ვმუშაობდი, ჩვენ ყოველდღე ბევრი ნაღმი გვხვდებოდა გზებზე, სოფლებში, საომარ ზონებში და უნდა გაუვნებელგვეყო ისინი. მე ბევრი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შემხვედრია, თალიბანის მიერ ჩადებული", თქვა ნაღიბულამ, როცა ჰყვებოდა, თუ როგორ შეიძინა გამოცდილება.

"ასობით მათგანი გაუვნებელვყავი. მათგან თოთხმეტი აფეთქდა განაღმვის დროს", თქვა მან. მათგან დაზიანებები არ მიმიღია. მაგრამ მე-15 აფეთქების შედეგად დავშავდი“.

ნაღიბულა კორესპონდენტს უჩვენებს თავის ფოტოს, სანამ ის 2013 წელს დაბრმავდებოდა.
ნაღიბულა კორესპონდენტს უჩვენებს თავის ფოტოს, სანამ ის 2013 წელს დაბრმავდებოდა.

თალიბანის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების უმრავლესობა, რომლებიც ნაღიბულამ ავღანეთის პოლიციაში თავისი ათწლიანი მუშაობის განმავლობაში გააუვნებელყო, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის აღწერით, ხუთი კომპონენტისგან შედგებოდა: ჩამრთველი, კვების წყარო, ინიციატორი, კონტეინერი და ასაფეთქებელი მუხტი.

მაგრამ ნაღიბულა ამბობს, რომ თალიბანმა წლების მანძილზე ბომბის დამზადების ტექნიკა იმ თვითნაკეთი ნაღმების დამზადებას მიუსადაგა, რომლებიც უფრო რთული და უფრო საშიშია განსანაღმად.

"ნაღმი, რომელმაც დაზიანება მომაყენა და დამაბრმავა რვა წლის წინ, ძალიან ოსტატურად იყო დაყენებული, რაღაც ახალი ტაქტიკის გამოყენებით, რომელსაც ადრე არასდროს შევხვედრივარ", თქვა მან. "იქ რამდენიმე საინიციატორო მოწყობილობა იყო გამოყენებული".

"თავდაპირველად მოწყობილობას მიწიდან ამოვაძრობდით გრძელი კაუჭიანი მარწუხებით", ახსნა მან. "შემდეგ მას გავაუვნებელყოფდით ან ჩვენვე ავაფეთქებდით".

"იმ ნაღმს დისტანციური სამართავი ჰქონდა მიმაგრებული და კიდევ სხვა მოწყობილობა ნაღმის ქვეშ, რომ ადვილად ვერ ამოგეღოთ მიწიდან", ჰყვება ნაღიბულა. "მე შევძელი დისტანციური მართვის ხაზების გადაჭრა, მაგრამ როცა მისი მიწიდან ამოღება ვცადე ჩემი მარწუხით, ის მიწაში მყარად აღმოჩნდა ჩამაგრებული და აფეთქდა".

აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა ნაღიბულას თავზე გადაუფრინეს, როცა მიწაზე იწვა, პირით თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისკენ, მაგრამ ის დამრტყმელ ტალღასა და აფეთქების სიმხურვალეში მოხვდა, რომლის ტემპერატურაც, ექსპერტების თქმით, 500 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

"რადგანაც ჩემი მარწუხის სახელური მოკლე იყო და მე ახლოს ვიწექი, აფეთქების შედეგად ყველაზე მეტად თვალები დამიზიანდა", განმარტა მან.

გამოცდილების ხმა

პოლიციელები, რომლებიც ნაღიბულამ გაწვრთნა, ამბობენ, რომ მისგან მიღებული ჩვევებით მათ სიცოცხლე შეინარჩუნეს.

„ნაღიბულასგან სამხედრო საქმეში ბევრი რამ ვისწავლეთ“, ამბობს ავღანეთის ეროვნული პოლიციის თანამშრომელი ტარინ-ქოვთის ხორის რაიონიდან, ნაჯიბულა, რომელსაც, ბევრი ავღანელის მსგავსად, გვარი არ აქვს. „მან წვრთნა ჩაგვიტარა და გვასწავლა, როგორ მოვეპყროთ ნაღმებს და როგორ მოვიქცეთ საბრძოლო ვითარებაში, რაც ძალიან გვეხმარება. წვრთნამდე სერიოზულად არც კი ვუყურებდით ბრძოლას, ვმოძრაობდით და ვერც კი ვაფასებდით სათანადოდ საფრთხეს, რომელიც ახლავს ნაღმებს და არ ვიცოდით, როგორ უნდა აგვერიდებინა თავი ნაღმებისთვის. ამიტომ დიდი იყო მსხვერპლი. შემდეგ ნაღიბულასგან ვისწავლეთ“, უამბობს რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის კორესპონდენტს ნაჯიბულა.

25 წლის პოლიციელი იმავე ქალაქიდან, ბასირ აჰმადი, ამბობს, რომ ნაღიბულა მათთან ერთად არის ხოლმე ბრძოლის წინა ხაზზე. როცა თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას წააწყდებიან ხოლმე, ნაღიბულას უხმობენ, რათა მან გააუვნებელყოს ის. „მისმა ჩარევამ ბევრი პოლიციელი გადაარჩინა აფეთქებას“, გვიამბობს აჰმადი და აზუსტებს, ნაღიბულამ როგორ ასწავლა განაღმვა და ნაღმის გაუვნებელყოფა: „მისგან ვიცით, სად ამაგრებს მოწინააღმდეგე ნაღმებს, როგორ მოქმედებს ნაღმი. მან აგვიხსნა, როგორ მივაგნოთ ასაფეთქებელი მოწყობილობის გვერდით მავთულებს, სადაც ხდება მოკლე ჩართვა ასაფეთქებლად“.

ნაღიბულა განაღმვის წესებს უხსნის სამ ავღანელ პოლიციელს მათ საგუშაგოზე, თარინ ქოვთის მახლობლად.
ნაღიბულა განაღმვის წესებს უხსნის სამ ავღანელ პოლიციელს მათ საგუშაგოზე, თარინ ქოვთის მახლობლად.

ნაღიბულა, თავის მხრივ, მბობს, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელსაც ის უზიარებს გამოუცდელ პოლიციელებს, ეხება სამხილებს, სადაც ჩანს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული. „ჩემი გამოცდილებით, ახლად ჩადებული ნაღმი თუ სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუ ნაწვიმარია, შესამჩნევია იმით, რომ მის გარშემო მიწა უფრო ამაღლებულია“, . გვიხსნის გამოცდილი პოლიციელი. „თუ არ უწვიმია, ნაღმის თავზე მიწა ახალია, გარშემო შეიძლება ნაკვალევი და სხვა ნიშნები იყოს, რაც მიგვითითებს, რომ ყურადღებით ყოფნაა საჭირო“, ამბობს ნაღიბულა და საქმის უფრო ღრმა დეტალებს გვიზიარებს: „ხანდახან ასაფეთქებელი მოწყობილობის მიწიდან ამოღება შეიძლება გრძელი კაუჭიანი ჯოხით. შემდეგ შორიდან ვესვრით და ვაფეთქებთ. თუ მოწყობილობა დისტანციურ მართვაზეა, შეიძლება მისი დამატებითი მავთულებით მანქანის აკუმულატორთან შეერთება და ამგვარად აფეთქება“. ნაღიბულას თანახმად, ურუზგანის პოლიციას განაღმვის სხვა საშუალება არ გააჩნია.

მუშაობა ანაზღაურების გარეშე

ნაღიბულას ცხოვრება გართულდა, როცა დაბრმავდა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ოჯახის, ცოლისა და ხუთი ბავშვის მოვლა-პატრონობისა და გამოკვებისთვის საჭირო ხარჯებს დაემატა მხედველობის მკურნალობის ხარჯები. მას მერე, რაც თვალის ჩინი დაკარგა, ნაღიბულა ინდოეთში გაგზავნეს სამკურნალოდ. ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა. ექიმებმა უთხრეს, რომ შეიძლება მხედველობა აღუდგინონ, თუ კიდევ ჩავა ინდოეთში სამკურნალოდ.

მაგრამ მისი შემოსავალი ოჯახს ძლივს ჰყოფნის და ინდოეთში მეორედ წასლვა ნაღიბულამ ვერ მოახერხა.

HALO Trust -ის სამოქალაქო გამნაღმველი მოიმხარს ლითონის დეტექტორს საბჭოთა პერიოდის ნაღმების მისაკვლევად ავღანეთის მთებში.
HALO Trust -ის სამოქალაქო გამნაღმველი მოიმხარს ლითონის დეტექტორს საბჭოთა პერიოდის ნაღმების მისაკვლევად ავღანეთის მთებში.

„მთავრობამ თავიდან გადამიხადა მცირე თანხა მკურნალობისთვის, როცა ეს შემემთხვა“, გვიყვება ნაღიბულა. „მაგრამ მკურნალობა ბევრად ძვირი დაჯდა. მას მერე უკვე რვა წელი გავიდა, ბევრი ფული დაიხარჯა ჩემი ჯიბიდან მკურნალობისთვის“.

ახლა მას თავისი ნათესავებისა და მეგობრების ათი ათასი დოლარის ვალი აქვს, სამკურნალოდ რომ ესესხა. „ყველა მთხოვს ფულს და არავის სურს კიდევ რამე მასესხოს“, გვიზიარებს გულისტკივილს გამოცდილი პოლიციელი, რომელმაც მხედველობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაკარგა.

ოჯახი რომ გამოკვებოს, ხანდახან თავის უფროს ვაჟ ყასიმთან ერთად მეჩეთთან მიდის და მათხოვრობს.

„კარგად იცით, რომ არ არის ოჯახის შექმნა საჭირო, თუ არ შეგიძლია მუშაობა და შემოსავალი არ გაქვს. ბრმა რომ არ ვიყო, ნებისმიერ სამუშაოს შევასრულებდი ოჯახის გამოსაკვებად“.

ნაჯიბულა დაბრმავებულ ნაღიბულას ახასიათებს, როგორც „ძლიერ ადამიანს“.

„მიუხედავად იმისა, რომ უსინათლოა, ჩვენთვის რჩევების მოცემა შეუძლია. თავისი სამშობლო უყვარს და აღსავსეა სურვილით ემსახუროს მას. ჩვენ მთავრობას მივმართავთ, რომ იზრუნოს ნაღიბულასთვის, გამოუყოს მას მკურნალობისთვის თანხა და ფინანსურად დაეხმაროს“.

ნაღიბულა გვეუბნება, რომ პოლიციელების წვრთნისა და განაღმვის სამუშაოებისთვის გასამრჯელო არც მთავრობას გადაუხდია მისთვის და არც ვინმე სხვას. „ექიმებმა მითხრეს, რომ შემიძლია ნაწილობრივ აღვიდგინო მხედველობა სწორი მკურნალობით. ამაში მთავრობას შეეძლო მხარში ამომდგომოდა და იმაშიც გაემართა ხელი, რომ ბავშვებს განათლება მიეღოთ“, დასძენს ის.

ავტორი: რონ სინოვიცი (პრაღა) (თარინ-ქოვთში რადიო თავისუფალი ავღანეთის კორესპონდენტის რეპორტაჟის მიხედვით)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG