Accessibility links

ნაც ქრონიკები


ავტორი: არმაზ ახვლედიანი​

ახლა ვუყურე და ვუსმინე გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას საქართველოს უნივერსიტეტში. მსუბუქი ირონიით ცდილობდა ფეხბურთში მიმდინარე პოზიტიური ძვრების გადაფარვას, ოდნავი ძალდატანებით იმასაც შეეცადა, რომ ქართველი ფეხბურთელები და ქართული კლუბები დაემცირებინა. ბევრს აღარ გავაგრძელებ, შეგიძლიათ თავად იხილოთ ბმული.
ნაციონალური მოძრაობა და ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთული თემაა. ამავე დროს სულ ტრაგიკომედიური სურათებია, ხანდახან მხოლოდ ტრაგიკული. საჭიროა ოდნავ დავძაბო მეხსიერება და თავისით იყრება ყველაფერი.

პირველი სურათი უკავშირდება საქართველოს ნაკრების ბაზას, რომელიც სამჯერ გაიხსნა. ხან ფედერაციის პრეზიდენტმა გახსნა, ხან თავად სააკაშვილი ჭრიდა ლენტას. ტელევიზიები აშუქებდნენ, შეკრებილები ტაშს უკრავდნენ, მაგრამ ბაზა მხოლოდ გარედან იყო მზად, აი დაახლოებით ისე რესპუბლიკური საავადმყოფო, რომ გარედან შეღებ-შეალამაზეს და მერე იმ ტრიბუნაზე ამხედრებულმა ბრძანა პოსტ-საბჭოთა სივრცეში საუკეთესო კლინიკა გვაქვსო.

მეორე სურათი კიარადა სურათები „გერმანულ“ პროექტს უკავშირდება. ტოპმიოლერი ეროვნულის მწვრთნელად დანიშნეს, მისი ძმა , რომელიც პროფესიით გერმანულის მასწავლებელი იყო და არანაირი შეხება ფეხბურთთან არ ჰქონია 19-წლამდელების მწვრთნელად, ხოლო 17 წლამდელებში ეპოქალური მწვრთნელი დაინიშნა, რომელთან მუშაობის პატივი მეც მხვდა წილად - ჰერბერტ ცანკერი!

ჰერ ჰერბერტი იმდენად გენიალური პიროვნება იყო, რომ მხოლოდ ერთი სისუსტე აღმოაჩნდა - ქართული ღვინო. ძლიერ შეუყვარდა ჩვენი საამაყო ღვინო, ერთი ვარჯიშიც არ ჩაუტარებია ისე, რომ მაგრად არ გამომთვრალიყო. ჩემი გაკვირვება სულ სხვა რამემ გამოიწვია, შემთვრალი მწვრთნელების მეტი რა მინახავს, მაგრამ ეს დასავლელი კაცი თუ ჰიტლერის დიდებას დაიწყებდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. თურმე ფაშიზმისკენ მიდრეკილი ნაციონალისტი ყოფილა და ღვინით გაბრუებული მუხრუჭებს ვეღარ უჭერდა. ჰერ ჰერბერტს მხოლოდ ერთი ჭკვიანური რამ აქვს ნათქვამი, როცა კენჭისყრის შედეგად ჯგუფში იტალია და საფრანგეთი გვერგო ფედერაციის შენობიდან სწრაფადვე გამოვიდა, ასეთი რამ თქვა: იმის მაგივრად, რომ ფიქრობდნენ ჯგუფში სასურველი ადგილი როგორ დავიკავოთ აღნიშნავენ იმას, რომ მსოფლიო და ვიცე ჩემპიონები მოხვდნენ ჩვენთან, ტრანსლაციებს მარტივად გავყიდითო.

ალბათ გულში მაგრად დაგვცინა, გერმანელებმა მილიონები მოხვეტეს და წავიდნენ. ზემოდან კიდე ჯარიმებს ვუხდიდით იმის გამო, რომ კონტრაქტის პირობები დავურღვიეთ.

მესამე სურათი ყველაზე მძიმეა. საბურთალოს ფეხბურთელი ვიყავი, გია ნემსაძე გუნდის პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო. გიამ არჩევნები მოიგო, რასაც ნაციონალური მოძრაობის ორი კლანის დაპირისპირება მოჰყვა, ახალკაცი გაბაშვილების კადრი იყო და ის ყოვლად გაუგებარი მაქინაციური „გერმანული“ პროექტიც მათ სინდისზეა, ვერ დაუშვებდნენ, რომ არჩევნები წაეგოთ, ამიტომ საქმეში პრეზიდენტი ჩაერთო.

ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, ვხედავდი როგორ თათბირობდნენ კლუბის წარმომადგენლები იმაზე თუ რა გვეღონა. გიას სია დაუდეს მისი ახლობელი ადამიანების , რომლებიც ციხეში აღმოჩდებოდნენ იმ შემთხვევაში თუ უარს არ იტყოდა პრეზიდენტობაზე. იყო მუქარა შვილების მიმართაც, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი, სკოლაშიც და საფეხბურთო კლუბშიც.

გია გადადგა. ახალკაცს კინაღამ გულმა დაარტყა იმიტომ, რომ ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა საქართველოს , მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ისევ მოუწევდა ამ გაუგებრობაში მონაწილეობა.

კუს ტბაზე სავარჯიშოდ ავედით , გვერდზე გია ნემსაძის ვაჟი მედგა. იქვე კაფეში კი კოტე გაბაშვილი იდო სხვა წარჩინებულ ნაცებთან ერთად.

ირონიული, სიცილნარევი ხმით იკითხა - ეს ნემსაძის ბიჭი არ არის? იკითხა ისე, რომ გაგვეგო, მივიხედეთ და შემოგვანათა ულამაზესი ღიმილით. წამით მომეჩვენა, რომ ჰქონდა რაღაც საერთო გუინპლენთან, მხოლოდ ფიზიკურად რასაკვირველია. იქნებ კოტესაც გაუხიეს პირი ყურებამდე სხვადასხვა ხელსაწყოებით. უნდა თუ არა მაინც იღიმის.

ეს იყო კედელი, რომელსაც მაშინ შევასკდით და ვიცოდით, რომ მხოლოდ ლოდინი შეგვეძლო, სხვა არაფერი. ტელევიზიები დუმდნენ, ისინი ითხოვდნენ პასუხს ნემსაძისგან, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა დაკარგა, თავის ჯიბიდან კი ფეხბურთს ვერ უშველიდა. არცერთ ჟურნალისტს კითხვა არ დაუსვამს თუ რატომ და რის გამო დაკარგა გია ნემსაძემ პრეზიდენტის ნდობა.

ეგ კი არადა ყველა ტელეარხზე აიკრძალა ამ თემაზე საუბარი. საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო შემდეგი პირობა - სპორტულ ჟურნალისტს აღნიშნულ თემაზე არ უნდა ესაუბრა, თუ მოწვეული სტუმარი შეეხებოდა თემას წამყვანს უნდა გაეჩუმებინა. ამ დავალებას იდეალურად ართმევდა თავს დავით მინაშვილი, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში ზუსტად ამ პირობით აიყვანეს საზ.მაუწყებელზე.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პირდაპირ თქვა თუ რა მოხდა 13 მაისს იყო ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი - მამუკა კვარაცხელია. ინტერვიუდან სულ მცირე ხანში მამუკას აეროპორტის გზაზე ნიღბიანები დაესხნენ თავს , სასტიკად გაუსწორდნენ და იქვე მიაგდეს სასიკვდილოდ. რომ არა შემთხვევითი გამვლელები შესაძლოა ცოცხალიც ვერ გადარჩენილიყო ადამიანი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია უეფაში მუშაობს და ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

ტელევიზიები ამ თავდასხმაზეც დუმდნენ. არათუ თოქ-შოუებს არამედ საინფორმაციოში სპორტისთვის დათმობილ 5 წუთშიც კი არ უხსენებიათ, რომ ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი სკანდალური ინტერვიუს მერე სასიკვდილოდ მიაგდეს აეროპორტის გზაზე.

ჩვენი დიდებული ტელე-ჟურნალისტების სინდისზე იყოს.
შემდეგი სურათი ძალიან კომიკურია. ხმა გავრცელდა, რომ ნოდარ ახალკაცი გადააყენეს, რეალურად კი ყველამ იცოდა , რომ ნოდარი გაიქცა. ერთ დღესაც აღარ გამოჩნდა. მოიკითხეს და უკვე სამშვიდობოს იყო, გერმანიაში. მობეზრდა, ყელში ამოუვიდა, გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ, ფეხბურთი ჭაობში ეფლობოდა, ხალხი ნოდარს ლანძღავდა და პრეზიდენტიდან დაწყებული, დეპუტატებით დამთავრებული ყველა მას აწმენდდა ბინძურ ხელებს. ადგა და გაიქცა.

ფეხბურთი ყოველთვის პოლიტიზირებული იყო. ახლაც ასეა. ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტარია, მხოლოდ ეს კმარა ყველაფრის გასაგებად, მაგრამ საქმე ის არის, რომ კობიაშვილს , კალაძეს და ყაველაშვილს უკეთ ესმით ფეხბურთს რა სჭირდება ვიდრე გაბაშვილებს, რურუას და ბოკერიას ესმოდა.

თანაც არ ვიქნები მიკერძოებული თუ ვიტყვი, რომ ყოფილი ფეხბურთელები გაცილებით სუფთად მოქმედებენ. შედეგმაც არ დააყოვნა და ნაცები გულზე სკდებიან რადგან ესმით, რომ პური და სანახაობა ხალხზე ყველაზე უკეთ მოქმედებს.

ჩვენი ყოფის უკიდურესად საშინელ ფერებში წარმოსაჩენად კი ნაკრების წარმატებული გამოსვლა მათ გეგმებში არ შედის.
ეს კოვზიც ნაცრისკენ მიდის.

ჩვენ ყველაფერი გვახსოვს. მართალია არ გიპადიეზდებთ, თავში არ გირტყამთ , არ გაფურთხებთ იმიტომ, რომ თქვენზე მეტი ადამიანობა აღმოგვაჩნდა, მაგრამ ყველაფერი გვახსოვს და ფეხბურთის სათოფეზე აღარ გაგაკარებთ.

პატ. გრიგოლ. წინ ბევრი წარმატება გველის. ვალერიანკა მოიმარაგეთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG