ნეთანიაჰუ თეთრ სახლში ჩადის სწორედ იმ დროს, როცა ისრაელსა და ჰამასს შორის (რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული როგორც ისრაელის, ისე აშშ-ის მიერ) ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
„ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს როგორც მთელი ომის, ისე მომავალი შეთანხმების განვითარებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ავი მელამედმა, ისრაელის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა.
სპეკულაციები მოლაპარაკებების გარშემო ძლიერდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ტრამპი შეეცდება, ნეთანიაჰუს შეთანხმების პროცესი დააჩქარებინოს ომის განახლების თავიდან ასაცილებლად. „ძირითადად მიზანია, სიტუაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - ამბობს მელამედი.
თუმცა ვიზიტს ასევე წინ უძღოდა ტრამპის მოწოდება პალესტინელების ღაზიდან ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლებისკენ. მისი თქმით, ღაზის ზოლის „გასუფთავება“ შესაძლებელს გახდიდა მათთვის, „ალბათ პირველად ეცხოვრათ მშვიდად“.
ამ შეთავაზებას ნეთანიაჰუს კაბინეტის მკვეთრად მემარჯვენე ფრთა მიესალმა, თუმცა მწვავე უკმაყოფილება არ დაუმალავთ არაბულ ქვეყნებს, რაც, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების საზოგადოებრივ აზრსაც ასახავს.
„ახლო აღმოსავლეთში ამას აღიქვამენ, როგორც არაადეკვატურ, არასასურველ და არალეგალურ წინადადებას“, - უთხრა არაბულ-ბრიტანული ურთიერთგაგების საბჭოს დირექტორმა, კრისტოფერ დოილმა რადიო თავისუფლებას.
„ეგვიპტისთვის ეს წითელი ხაზია არა მხოლოდ პრეზიდენტ [აბდელ ფათაჰ] სისის მმართველობის პერიოდში, არამედ [ყოფილ პრეზიდენტ ხოსნი] მუბარაკის დროიდანაც - ისინი არასოდეს დათანხმდებიან, რომ ღაზა მათ ზედმეტ ტვირთად დააწვეს“, - დასძინა მან.
მილიონობით პალესტინელი უკვე ცხოვრობს იორდანიაში, ხოლო ათიათასობით - ეგვიპტეში. ტრამპი, როგორც ჩანს, მიუთითებდა, რომ აშშ-ის სამხედრო და ფინანსური დახმარების მასშტაბური მხარდაჭერის გამო, ეს ქვეყნები იძულებული იქნებიან შეეგუონ ამ გეგმას.
„ჩვენ ბევრი რამეს ვაკეთებთ მათთვის, და ისინი ამას გააკეთებენ“, - განაცხადა ტრამპმა 30 იანვარს.
მელამედის თქმით, არაბულ სოციალურ მედიაში ოფიციალური პოზიციების საწინააღმდეგო ხმებიც ისმის.
„ხალხი ამბობს: პალესტინელებს ღაზაში აღარაფერი დარჩათ. არც სახლებია, არც სერვისები. განწყობა ასეთია - მე მსურს მომავალი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, მე მინდა სახლი და არა კარავი“.
თუმცა მელამედი აღნიშნავს, რომ ასეთი შეხედულებები უმცირესობას აქვს. დოილი კი ფიქრობს, რომ ტრამპის განცხადება შესაძლოა „მოლაპარაკებების გახსნის ტაქტიკა იყოს, რადგან მან კარგად იცის, რომ 1,5 მილიონი ლტოლვილის მიღებაზე არავინ დათანხმდება“.
ამის ნაცვლად, დოილის თქმით, „შეიძლება მოახერხოს, რომ მიიღონ სიმბოლური რაოდენობა - მაგალითად, თითოეულმა ქვეყანამ 100 000 - ან უფრო მეტად დათმონ სხვა საკითხში“.
ისრაელელი ანალიტიკოსებიც სკეპტიკურად უყურებენ ტრამპის ამ იდეას.
გაზეთ Haaretz-ის ვეტერანმა კომენტატორმა და არმიის ყოფილმა ოფიცერმა ცვი ბარელმა დაწერა, რომ ტრამპის გეგმამ ღაზასთან დაკავშირებით, შესაძლოა საფრთხეს შეუქმნას ცეცხლის შეწყვეტის მიმდინარე პროცესს. მისი თქმით, ამან შეიძლება ჰამასს უბიძგოს, რომ უარი თქვას ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე.
„მძევლების გათავისუფლება მოითხოვს, რომ ისრაელმა არა მხოლოდ დაასრულოს ომი, არამედ არ განაახლოს იგი და დაიწყოს ღაზის აღდგენის განხილვა. თუ ტრამპის მოსახლეობის გადაყვანის იდეა დღის წესრიგში იქნება, მისი გაუქმების მოთხოვნა ჰამასისთვის შესაძლოა გახდეს შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა, რაც საფრთხეს შეუქმნის მიმდინარე მოლაპარაკებებს“, - წერს ბარელი.
ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შესაძლოა იყოს ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივა. ტრამპის ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გასულ კვირას ეწვია ისრაელს ერ-რიადის გავლით.
შეთანხმება იქნება უდიდესი მნიშვნელობის, განსაკუთრებით აბრაამის შეთანხმებების შემდეგ, რასაც ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მოჰყვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინთან ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს.
თუმცა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმების შემდეგ ისრაელის მხრიდან ღაზისთვის მიტანილმა იერიშებმა, რასაც არა მხოლოდ ჰამასის მებრძოლთა, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის არასრულწლოვანების მასობრივი სიკვდილი და განადგურება მოჰყვა, ამ ეტაპზე პოლიტიკური თვალსაზრისით გაართულა ახალი შეთანხმება საუდის არაბეთისთვის.
გარდა ამისა, ერ-რიადი ხაზგასმით უკავშირებს ისრაელთან ურთიერთობების ფორმალიზებას ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს პალესტინური სახელმწიფოს შექმნას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე.
გასულ კვირას საუდის არაბეთმა ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას ეგვიპტესთან, იორდანიასთან, კატართან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, პალესტინის ავტონომიასა და არაბთა ლიგასთან ერთად, სადაც მკაცრად დაგმო მოსახლეობის ღაზიდან გადაყვანის იდეა.
„ვადასტურებთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას პალესტინელების განუყოფელი უფლებების შელახვის ნებისმიერი მცდელობის მიმართ - იქნება ეს დასახლების გაფართოება, მოსახლეობის ძალით გაყრა, ტერიტორიების ანექსია თუ მათი მშობლიური მიწებიდან გაძევება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფორუმი