Accessibility links

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვის ნიშნები ამ საქმეში არ არსებობდეს, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში - ეს არის სამოხელეო დანაშაული"


ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა. ამ პროცესის ფარგლებში 12 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ დაცვის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, ადვოკატის გარეშე მოწმის სტატუსით დაკითხეს ზაზა სარალიძე. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოუწოდა საქალაქო სასამართლოს - არ შეუზღუდოს ზაზა სარალიძის ადვოკატს პროცესზე დასწრება.

ნესტან ლონდარიძემ რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაცვის მხარემ, ანუ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ ზაზა სარალიძე დაკითხულიყო ადვოკატის გარეშე და არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ შემდგომი პროცესებიც შეზღუდული იყოს ჩემთვის და არ მომეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ ეს არის დაზარალებულის უფლების შეზღუდვა და დაუშვებელია იყოს წარმოდგენილი ადვოკატის გარეშე.

ვინაიდან ჩვენ არ ვესწრებოდით შუამდგომლობის განხილვას, ჩვენთვის უცნობია როგორ დაასაბუთა დაცვის მხარემ ეს შუამდგომლობა ან მოსამართლეს როგორი პოზიცია ჰქონდა. ჩემთვის მხოლოდ ის იყო ცხადი, რომ სასამართლოში გამოძახებული იყო მარტო სარალიძე”.

ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლების ეთერში ეხმაურება მათ, ვისთვისაც გაუგებარია რატომ აღარ გამოხატავს ზაზა სარალიძე საჯაროდ პროტესტს:

“დიახ, სარალიძე აღარ მართავს აქციებს და აღარ მიმართავს პროტესტის იმ უკიდურეს ფორმებს, რასაც მიმართავდა თავდაპირველად. საზოგადოებიდან მესმის „დაიღალა“, „შეწყვიტა ბრძოლა“, მეტიც - თითქოს ის გაურიგდა ხელისუფლებას და ა.შ..

მე მინდა განვაცხადო: სარალიძეს არასდროს ჰქონია პოლიტიკური მიზნები და ის არ იბრძოდა იმისათვის, რომ გვეხილა სარალიძე პოლიტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ მისი გარკვეული მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა და შესაძლებლობა გვექნებოდა დავბრუნებოდით სამართლებრივ ჩარჩოებს და სარალიძე მაინც გააგრძელებდა პროტესტის უკიდურეს ფორმას - იქნებოდა ეს აქციები თუ პოლიტიკურ პარტიებთან დგომა - ასეთ შემთხვევაში ექნებოდა მას პოლიტიკური მიზანი. ახლა, როგორც კი დაინახა მისდამი გადმოდგმული ნაბიჯები და გარკვეული შედეგების მიღწევა, ის დაუბრუნდა სამართლებრივ ჩარჩოებს.

თუმცა, აქვე განვაცხადებ ერთსაც - ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ბრძოლა. არამც და არამც! ხორავას ქუჩის საქმეში უმთავრესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამით არ სრულდება არანაირად ეს საქმე“.

კერძოდ, ზაზა სარალიძის ადვოკატი თვლის, რომ სამართალი ვერ აღსრულდება, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი და ლაპარაკობს სამოხელეო დანაშაულზე:

„მთელ საზოგადოებას ყოველთვის გვემახსოვრება ხორავას ქუჩის საქმე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვის ნიშნები ამ საქმეში არ არსებობდეს, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში - ეს არის სამოხელეო დანაშაული. რამ მიიყვანა ეს საქმე იქამდე, რომ ასეთი უსამართლობის გრძნობა ჰქონდა დაზარალებულს, რომ პროტესტის ასეთ ფორმებს მიმართა? სწორედ სამოხელეო დანაშაულმა! სწორედ იმ თანამდებობის პირებმა, რომლებმაც ხელი შეუწყეს საქმე აქამდე მოსულიყო. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ბოლო კითხვას არ გაეცემა პასუხი.

არამც და არამც სარალიძეს ბრძოლა არ შეუწყვეტია. ის ამ ეტაპზე მშვიდობიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში აგრძელებს ბრძოლას და ადევნებს თვალყურს როგორ განვითარდება პროცესები“.

რაც შეეხება ზაზა სარალიძის ადვოკატის გარეშე მონაწილეობას მიმდინარე სასამართლო განხილვაში, მისი ადვოკატი და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავენ ყველა ზომას, რომ ის არ დარჩეს პროცესში მარტო:

„ვინმეს თუ ფიქრობს, რომ სარალიძე დარჩება ადვოკატის გარეშე, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. მის ინტერესებს მთელი ამ ხნის განმავლობაში წარმოადგენდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და კერძოდ, მე ვიყავი ჩართული. ჩემი აცილების საკითხის გადაწყვეტა და ჩემი ჩამოცილება ამ საქმიდან მხოლოდ და მხოლოდ სარალიძეს შეუძლია. სხვა ვერავინ მიაღწევს იმას, რომ მე არ მივიღო მონაწილეობა საქმეში“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG