Accessibility links

"ინსპექტორის პრესტიჟისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრიორიტეტულად გამოიძიოს ასეთი საქმეები და შესაბამისი სანქცია გამოიყენოს"


ნიკა სიმონიშვილი, საია-ს ანალიტიკოსი/საპარლამენტო მდივანი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ 22 იანვარს წერილობით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს დაიწყოს მოკვლევა 21 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ საპატიმრო დაწესებულებებში გადაღებული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისა და თანმდევი კომენტარების გამო. საია-ს მიმართვა მცირე ხნით უსწრებდა თავად სახალხო დამცველის მიმართვას სახელმწიფო ინსპექტორისადმი.

საია 21 იანვარსვე განცხადებით გამოეხმაურა საპარლამენტო კომიტეტში მომხდარს, პენიტენციური სამსახურს ოფიციალური გვერდიდან იმ ვიდეოჩანაწერის წაშლისკენ მოუწოდებდა, რომელიც საკანში იყო გადაღებული და პატიმრისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლის შეხვედრას ასახავდა. საია აგრეთვე მოუწოდებდა სახელმწიფო ინსპექტორს იმ სავარაუდო დარღვევების შესწავლისკენ, რომელიც აღნიშნული ჩანაწერის გასაჯაროებით იყო ჩადენილი.

22 იანვრის განცხადებაში საია საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სხვა ჩანაწერების ჩვენების პრობლემურობაზეც წერს:

„აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამსახურის თანამშრომლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელის სახეები, ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, მინისტრი ასახელებს სახალხო დამცველის წარმომადგენლის სახელსაც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია, მოცემულ ვიდეოჩანაწერებში დაფარულია, მსჯავრდებულთა სახეები, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა იდენტიფიცირებას სხვა გზებით“.

საია თვლის, რომ „აღნიშნული ფაქტების შესწავლა და მათზე სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიდეოჩანაწერების საჯაროდ ჩვენება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის მანდატის სანდოობას და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და გავრცელებული კადრების გადაცემა მოხდა საჯაროდ“.

საია-ს ანალიტიკოსი და საპარლამენტო მდივანი, ნიკა სიმონიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს:

„ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებას აქვს მეთვალყურეობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ ეს მსჯავრდებულის ან სხვა პირის კანონიერი ინტერესის დასაცავად არის აუცილებელი, როცა თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან სხვა პირის დაზიანების, მსჯავრდებულის ან მისი ქონების დაზიანების საფრთხე არსებობს. ასეთ შემთხვვევაში დაწესებულების დირექტორს აქვს უფლება მიიღოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყყურეობის შესახებ გადაწყვეტილება.

....აქ ვადებია დარღვეული. აპრილშია ჩაწერილი და კანონმდებლობით, სამი თვე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი თვალთვალი და ჩანაწერის დასრულებიდან მაქსიმუმ ერთი თვე შეიძლება დაარქივდეს და მერე უნდა განადგურდეს. ერთადერთი, რაც იყო განმარტებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებისას, იყო ის, რომ მინისტრს სურდა თავი დაეცვა ბრალდებებისგან, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

...ანუ, რა მოხდა აქ? ერთი ის, რომ ვადები დაირღვა და სამინისტრო სახალხო დამცველს ეუბნება ხოლმე, რომ ჩვენ არ ვინახავთო და თურმე, ინახავს, თვითონ როცა სჭირდება პოლიტიკური მიზნებისთვის და მეორე არის ის, რომ მიზნებთან შეუსაბამოდ გამოიყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. აქ ერთიც არის, რომ იმ ადამიანის სახე ჩანს, რომელიც წარმომადგენლად იყო შესული პატიმართან“.

ნიკა სიმონიშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორისთვის პრესტიჟის საკითხი უნდა იყოს:

„როდესაც ასეთი დონის დარღვევას აქვს ადგილი და ასეთი მაღალი თანამდებობის პირი არღვევს პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობას და მითუმეტეს ციხეში ხდება ეს ყველაფერი: პატივს არ სცემენ ადამიანის პერსონალურ მონაცემებს და ასეთი ჩაწერა, შენახვა და შემდეგ გამოქვეყნება ხდება ასეთი ინფორმაციის, ვფიქრობ, თვითონ ინსპექტორის პრესტიჟისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტულად გამოიძიოს ასეთი საქმეები და შესაბამისი სანქცია გამოიყენოს“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG