Accessibility links

"რუსეთი მნიშვნელოვნად დაზარალებული გამოვა კოვიდ-კრიზისიდან"


ჯანდაცვის საკითხის მიღმა ყველაზე მძიმე შედეგი კორონა-პანდემიამ ეკონომიკას მოუტანა. რამდენად შეიძლება ეს აისახოს საერთაშორისო ურთიერთობებზე, პრიორიტეტებზე, კონფლიქტებზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე? შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

კორონავირუსის პანდემია, როგორც ჯანდაცვისა და ადამიანების სიცოცხლისთვის არსებული საფრთხე განაგრძობს არსებობას, მსოფლიო კვლავაც წამლისა და ვაქცინის ძიების პროცესშია. როგორც უნდა ადარებდნენ ამ ვირუსით ინფიცირებულთა და მსხვერპლის სტატისტიკას სხვა დაავადებებითა თუ მიზეზებით გამოწვეული მსხვერპლის სტატისტიკას, რეალობის სიმწვავეს ეს არ ამცირებს - COVID-19-ისგან განსაკურნებელი მედიკამენტი და მისგან დასაცავი საშუალება ჯერ არ არსებობს და შესაბამისად ნარჩუნდება შიშიცა და სიფრთხილეც მის მიმართ. ჯანდაცვის საკითხის მიღმა ყველაზე მძიმე შედეგი კორონა-პანდემიამ ეკონომიკას მოუტანა. რამდენად შეიძლება ეს აისახოს საერთაშორისო ურთიერთობებზე, პრიორიტეტებზე, კონფლიქტებზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე? შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ თითქოს მსოფლიო ერთობლივად ებრძვის პანდემიას, ამავე დროს სამწუხაროა საინფორმაციო ომი, რომელსაც სახელმწიფოები ერთმანეთთან აწარმოებენ. ეს განსაკუთრებით ეხება მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშში ასახულია ჩინეთში მოქმედი სხვადასხვა ლაბორატორია, სადაც ბიოლოგიური ცდები ტარდება. ისრაელის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა წარმომადგენელმა ჩინეთს დასდო ბრალი, რომ მან გაავრცელა კორონავირუსი. მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე სახელმწიფოს აწყობდა ეს. ეს არის ინფორმაციული ომის შემადგენელი ნაწილი.

...შეიძლება, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დაძაბულობა შემცირდეს. მაგალითად, თუ 2020 წლის დასაწყისში იყო მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია აშშ-სა და ირანს შორის, დღეს არსებული ვითრების გათვალისწინებით, მგონია ნაკლებად მოსალოდნელია დიდ კონფლიქტს ჰქონდეს ადგილი,ტრამპისა და როუჰანის განცხადებების მიუხედავად. რადგან ორივეს მოუწევს სამხედრო ხარჯების შემცირება“.

სამხედრო ხარჯების შემცირება და სოციალური ხარჯების დაფარვა მოუწევს რუსეთსაც, რომელიც კოვიდ-პანდემიის ფონზე მხოლოდ ამწვავებს თავის რიტორიკას დასავლეთის და ამავე კონტექსტში - საქართველოს საკითხზეც, იქნება ეს „ლუგარის ლაბორატორიიდან“ თითქოსდა მომდინარე საფრთხეების თემა თუ „ღია ცის ხელშეკრულების“ შესრულებასთან დაკავშირებული რუსეთისავე მიზეზით წარმოქმნილი გამოწვევები. ნიკა ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთისგან მეტი საფრთხეა მოსალოდნელი, ვიდრე აგრესიული რიტორიკა და შანტაჟის მცდელობა:

„უფრო დიდი ალბათობით, რუსეთი გააგრძელებს როგორც ქართული ასევე საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟს, რომ მას განთავსებული აქვს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები და „ტოჩკა-უ“ ცხინვალის რეგიონში, „ეს-300“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აფხაზეთში და ა.შ.. ეს უფრო შანტაჟია - თითქოს, მიანიშნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ შეუძლია ძალის გამოყენება.

რუსეთი მნიშვნელოვნად დაზარალებული გამოვა კოვიდ-კრიზისიდან. ამ ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 35% დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტისგან მიღებულ შემოსავალზე. ვიცით, როგორ მნიშვნელოვნად დაეცა ფასები ნავთობზე. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში თუ ღირდა 65 აშშ დოლარი ერთი ბარელი, დღეს 20-25 დოლარის ფარგლებში მერყეობს მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის შემცირებაზე შეთანხმდნენ ქვეყნები - დღეში 9,7 მლნ ბარელით.

რუსეთის „გაზპრომის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაახლოებით 18-20%-ით შემცირდება აირზე მოთხოვნა 2020 წელს.

ბევრი იძახის, რომ რუსეთი როცა ეკონომიკურად სუსტდება, საშიში ხდება, კუდს მოიქნევს და ა.შ., მაგრამ ფაქტია, რომ, როცა საბჭოთა იმპერია ეკონომიკურად დასუსტდა 80-იანი წლების ბოლოს, მან დათმობის გზა არჩია. გაიყვანა ჯარები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ავღანეთიდან და საბოლოოდ საბჭოთა კავშირი დაიშალა.

რუსეთი როდის მოძლიერდა? საქართველოზე აგრესია როდის განახორციელა? - როცა ნავთობზე ერთი ბარელის ფასი 2008 წლის ივლისში შეადგენდა 147 დოლარს და რუსეთმა სავალუტო შემოსავლების სახით (იმის გამო, რომ ნავთობზე ფასები გაიზარდა, რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა) მიიღო დაახლოებით 640 მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები.

ამიტომაც, უფრო გაძლიერებული რუსეთი მეტად უპირისპირდებოდა დასავლეთს და საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას. ამიტომაც, კი, რუსეთი ცდილობს კუდის მოქნევას, საოკუპაციო ხაზთან მანევრებით, საოუპაციო ხაზის გადმოკვეთით, მაგრამ მგონია, დასუსტებული რუსეთი ნაკლებად აგრესიული იქნება. საინფორმაციო ომსა და შანტაჟს კი გააგრძელებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG