Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვფიქრობ, ისინი უბრალოდ არ წავლენ ამ ნაბიჯზე, რომ ქართველი სამხედროების და მითუმეტეს პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაიწყონ პროცესები“


ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი
ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წარმოებული გამოძიება და მისი სავარაუდო შედეგი კვლავ იქცა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ამის მიზეზია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა „მთავარი არხის“ ეთერში და ილაპარაკა გამოძიების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ინტერესებზე, ფულზე, ქართველი სამხედროების იძულებაზე მიეცათ ცრუ ჩვენებები ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებისთვის, რისი საბოლოო მიზანიც, მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულებში ქართველი სამხედროების დადანაშაულებაა. მთავარი სამიზნე მე კი არ ვარ, ქართველი სამხედროები არიანო, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა:

„როცა ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში გამოსაძიებლად, სუს-ის და ფულის მეშვეობით, და გენშტაბის სპეციალისტების მიერ, ხდებოდა ჩვენი მოქმედი და ყოფილი სამხედროების დამუშავება, რომ მათ მიეცათ ისეთი ჩვენება, სადაც საქართველო იქნებოდა მხილებული სამხედრო დანაშაულში“.

უცნობია, რა წყაროს ეყრდნობა მიხეილ სააკაშვილი და რა არის მისი ამ განცხადებების პოლიტიკური მიზანი, თუმცა, რამდენად შესაძლებელია ის, რაზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლაპარაკობს ინტერვიუში და, როგორც აცხადებს, სანდო წყაროს ეყრდნობა?

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ორგანიზაცია Justice International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა ჯეირანაშვილმა განაცხადა:

„საფრთხე იმისა, რომ გამოძიების შედეგად ქართველი სამხედროების თუ პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თეორიულად არსებობს. თუმცა, ახლა რა მდგომარეობაა და როგორ მიდის გამოძიება, ამის შესახებ საჯაროდ არავისთვის არის ცნობილი. პროცესი არის სრულიად კონფიდენციალური და მხოლოდ იმ პირებს, ვინც უშუალოდ ჩართულია, ლაპარაკია ჰააგის სასამართლოს გამომძიებლებზე - მათ გარდა და ჰააგის სასამართლოს პროკურორის გარდა ,პრინციპში, ინფორმაცია, წესით, არავის უნდა ჰქონდეს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი უფრო სპეკულაცია შეიძლება იყოს და შარშან, გვახსოვს ჩვენ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან აქტიურად წამოიწყო ამ თემებზე სპეკულაციები. მაშინ ეს გარკვეულწილად მაშინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის მხრიდან განცხადებების გამო დაიწყო. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენ ასევე პირველად 10 წლის განმავლობაში მოვისმინეთ სამხედროებისგან განცხადებები, რომ მართლაც მიმდინარეობდა გარკვეული ტიპის გამოკითხვები სასამართლოს მხრიდან და ისინი შეშფოთდნენ, რომ მართლა ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი იმას, რომ საბოლოოდ ქართველი სამხედროები იქნან დადანაშაულებულები.

ჩვენ - სამოქალაქო საზოგადოების წევრებბა, რომლებიც ვმუშაობთ კონკრეტულად ამ საკითხებზე და მე პირადად, რაც დაიწყო გამოძიება, მას შემდეგ ჰააგაში ვარ და ვმუშაობ ძალიან აქტიურად სასამართლოსთან, ვთხოვეთ ჩვენ სასამართლოს პროკურორს, რომ გაეკეთებინა გარკვეული განცხადებები, ვინაიდან საზოგადოება დაინტერესებული იყო ამ თემით. ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო და გარკვეულწილად ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევდა, რა თქმა უნდა.

მაშინ ჩვენ პროკურორმა განგვიმარტა, რომ იგი მაინც მოერიდა საჯარო განცხადებების გაკეთებას, რაც იყო გამოწვეული იმით, რომ გამოძიება ფაქტობრივად ფინალურ ეტაპზე იყო გადასული და შესაბამისად, პროკურორმა გადაწყვიტა, რომ იმ დროისთვის არ იქნებოდა სწორი განცხადებების გაკეთება, რათა გამოძიების პროცესი არ დაზიანებულიყო. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოგვიწია გარკვეულწილად ტვირთის აწევა და საზოგადოებისთვის ახსნა თუ რა პროცესებთან გვქონდა საქმე“.

ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, სასამართლო გარკვეულწილად მზად არის მსგავსი პროცესებისთვის, თუმცა ვერ შეძლებს ყოველ განცხადებას გამოეხმაუროს და ჩაერთოს დებატებში, ვინც უნდა გააკეთოს განცხადებების მიმდინარე გამოძიების შესახებ.

Justice International-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე სპეკულაციები აზიანებს გამოძიების პროცესს და აგრეთვე უკავშირდება მოწმეების უსაფრთხოებას:

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესში ჩართული არიან კონკრეტული ადამიანები - მოწმეები, რომლებიც აძლევენ ჩვენებებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ და მათი უსაფრთხოებაც უნდა გავითვალისწინოთ. ბევრი ადამიანი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს. ამ ადამიანებს შემდეგ ხშირად ეშინიათ პროცესებში ჩართვის. ვერ წყვეტენ ღირს თუ არა ჩართვა საერთოდ. შარშანაც მეუბნებოდნენ - ჩვენი ხელისუფლებაც თუ რუსეთის მხარეს არის, რაღაზე ვაძლევთ ჩვენებებსო“.

ნიკა ჯეირანაშვილი მოელის, რომ მომავალ წელს უკვე თვალსაჩინო გახდება გამოძიების შედეგები:

„შემდეგ წელს, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ფინალურ ეტაპზეა, ველით, რომ კონკრეტული შედეგები უნდა დადოს გამოძიებამ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახლანდელი პროკურორის, ქალბატონ ფატუ ბენსუდას ვადა ეწურება. ბოლო წელიწადია უკვე. მომავალი წლის ბოლოს ახალ პროკურორს ირჩევენ. ერთადერთი გამოძიებაა ეს აფრიკის გარეთ, კონკრეტულად ფატუს მიერ დაწყებული გამოძიებაა და მას უნდა, გვქონია მასთან ამაზე საუბარი, რომ ეს გამოძიება, სანამ ის წავა, გარკვეული შედეგებით დასრულდეს. სულ მცირე, ეს შედეგები შეიძლება ნიშნავდეს, რომ კონკრეტულ პირებზე გაიცეს დაკავების ორდერები“.

როგორი მოლოდინი აქვს თავად?

„რამდენიმე ათასი დაზარალებული ქართველის საქმე გვაქვს წარდგენილი სასამართლოსთვის. 4-დან 6 ათასამდე ოჯახზეა ლაპარაკი. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არც ერთი მათგანი არ ადებს ხელს ქართველ სამხედროებს. იქ ლაპარაკია რუსი და ოსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, მოლოდინი ჩვენი არის ის, რომ სწორედ ამ ძალების წინააღმდეგ იქნება გამოცემული დაკავების ორდერები და შეეცდება ჰააგის პროკურორი, რომ გამოკვეთოს რუსეთისგან ან სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისგან ერთი ან რამდენიმე პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ამ დანაშაულების ჩადენაში, ან ბრძანების გაცემაში, რამაც გამოიწვია ამ დანაშაულების ჩადენა. სასამართლოს მიდგომაც ასეთია - რაც შეიძლება მაღალი თანამდებობის პირებზე გავიდეს“.

რაც შეეხება რუსეთის მხარეს პირების მართლმსაჯულებისთვის გადაცემას:

„ჩვენ არ ვიცით, რა ინფორმაცია აქვს მიწოდებული რუსეთის მხარეს. ერთადერთი ვიცით, რომ მიაწოდეს 30 ტომი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველების წინააღმდეგ იქნება. იმ საქმეებში თუ იკვეთება გარკვეული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ჰააგის სასამართლო მიყვება საქმეს და შეიძლება გასცეს ორდერები. თუმცა, მოლოდინი ჩვენი არ არის, რომ ეს ასე მოხდება.

შარშანდელი აჟიოტაჟის შემდეგ, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა სასამართლოსთან, თვითონ სასამართლოსაც აჩვენა იმის მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს, რომც გამოსცენ სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის წარმომადგენლების წინააღმდეგ ორდერები, ისინი, დიდი ალბათობით, არ აღსრულდება. რუსეთი არ თანამშრომლობს სასამართლოსთან და ამ პირებს, სავარაუდოდ, არ გადასცემს სასამართლოს“.

ნიკა ჯეირანაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ამ კონტექსტს:

„პოლიტიკურ ასპექტს, ჩემი პირადი აზრია, გაითვალისწინებს სასამართლო. მისთვის იქნება ძალიან დამანგრეველი. შარშანდელმა გამოსვლებმა სასამართლოს ბევრი აჩვენა. ის საშიშროებები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ქართველი სამხედროების დაკავებამ.

შარშან ბევრი სამხედრო დამიკავშირდა და მითხრეს, რომ ბევრი გამოკითხეს და თქვეს, რომ ზოგი პირადად გამოკითხეს და ზოგს სხვაზე ჰქონდა ინფორმაცია. ერთი ოჯახივით არიან და უცვლიან ერთმანეთს ინფორმაციას. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთს დაადეს ხელი. თეორიულად, შესაძლებელია. მოსყიდვაც შესაძლებელია. გვინახავს აფრიკის, კენიის მაგალითზე - ხელისუფლებამ მოისყიდა, ზოგი დააშინა და ზოგი მოკლა, გააქრო. შედეგად, პროკურორმა წააგო კენიის საქმე. დიდი კრიტიკა იყო სასამართლოს მიმართ, რომ მან ვერ გათვალა რისკები და ვერ დაიცვა მოწმეები. გავაფრთხილეთ 4 წლის წინ პროკურორის ოფისი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო რუსეთის მხრიდან საფრთხეზე ვაფრთხილებდით“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG