Accessibility links

site logo site logo

ნინო დოლიძე - "დავიწყოთ გრძელვადიან საარჩევნო რეფორმაზე ფიქრი და არა ისეთზე, რომელიც ერთ არჩევნებს მოერგება"


"უნდა განხორციელდეს ისეთი რეფორმა, რომელიც იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული და დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია ისე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მის მიმართ ნდობა. რაღაც ნაწილში იყო გაუმჯობესება, მაგრამ ეს რეფორმა იყო მორგებული კონკრეტულად ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე", - ამბობს ნინო დოლიძე.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, "მეორე ტურზე იმდენად ცოტა იყო სხვაობა მერების გამარჯვებულ და დამარცხებულ კანდიდატებს შორის, რომ დარღვევების ერთობლიობას, გვჯერა, რომ ნამდვილად შეეძლო გავლენა მოეხდინა [შედეგებზე]. უბრალოდ, "შეეძლო"-ს იმიტომ ვწერთ, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ამას ვერ ვამტკიცებთ. ცხადია, წარმოუდგენელია, როცა შესაძლოა ადამიანი ზეწოლის ქვეშ არის, ან მოისყიდეს, ან მრავალჯერადად შევიდა უბანზე, ეს, რა თქმა უნდა, დარღვევაა, თუმცა 100%-ით არ ვიცით ამ ადამიანმა საბოლოოდ ვის მისცა ხმა და ამიტომ ამას ვერ ვამტკიცებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა არის მოსყიდვა, ამომრჩევლის კონტროლი, მარკირებიანი ადამიანების დაშვება უბანზე, ეს, ცხადია, შედეგებთან დაკავშირებული პრობლემებია".

ორგანიზაციის ერთ-ერთი რეკომენდაცია უკავშირდება საარჩევნო კონტექსტში ჩადენილ სისხლისსამართლებრივ დარღვევებზე დროულად რეაგირებასა და შედეგებზე საზოგადოების ინფორმირებას:

"ჩვენ ამ არჩევნების კი არა, ზოგიერთი წინა არჩევნების გამოძიების შედეგებიც არ გვაქვს ხელთ და როცა მივმართეთ პროკურატურას, ძალიან მშრალად მოგვაწოდა ინფორმაცია".

ნინო დოლიძე გამოყოფს არჩევნების მიმართ ნდობის საკითხს:

"ნებისმიერი არჩევნების მიმართ თუ ნდობა არ იქნება, ძალიან რთულია მის ავკარგიანობაზე ვისაუბროთ. დღეს არსებული პოლარიზების გამო გვაქვს არჩევნების ორი შეფასება - შავი და თეთრი. მნიშვნელოვანია გვქონდეს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ენდობა პირველ რიგში ამომრჩეველი და შემდეგ პოლიტ პარტიებიც. დღეს არსებულ საარჩევნო ადმინისტრაციას საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით 50%-ზე ნაკლები აქვს ნდობა".

იმის გამო, რომ საარჩევნო რეფორმა კონკრეტული არჩევნების კონტექსტში ხორციელდება ხოლმე, პრობლემების დიდი ნაწილი გადაუჭრელი რჩება:

"მივიღეთ ფორმალისუტრად ვითომ გაუმჯობესებული საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს დონეზე შესაძლოა ამან მართლაც შეუწყო ხელი მეტად გამჭვირვალე პროცედურებს, მაგრამ საოლქო და საუბნო დონეზე იგივე პრობლემები გვქონდა, რაც წინა ბევრ არჩევნებზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში სრულად პროფესიულზე უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია ქვეყანაში, თუმცა მას შემდეგ, რაც გვექნება მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციის რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელი წევრებით დაკომპლექტებას".

ნინო დოლიძის შეფასებით, კომისიების რეფორმირებისთვის "მთავარია პოლიტიკური ნება და ის, რომ ამ ადამიანებს მივცეთ დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა. მთავარი პრობლემა ეს მგონია".

საარჩევნო უბნების მიმდებარედ უკანონო აქტივობები და კოორდინატორებთან დაკავშირებულ საკითხებზე ISFED-ის ხელმძღვანელი ამბობს:

"როგორც ვხედავთ, არჩევნების დღეს დარღვევების თუ მანიპულაციების ერთობლიობამ გადაინაცვლა უბნიდან სხვაგან. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან გამოდის, რომ ჩვენ არჩევნების დღეს საარჩევნო ადმინისტრაციას საკმაოდ პოზიტიურად ვაფასებთ და ყველაფერი გადადის გარეთ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას ნამდვილად სცდება და ამ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებელი უკვე ხდება პარტია.

ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ პარტიებმა შრომითი ხელშეკრულებები გააფორმონ თავიათნ კოორდინატორებთან. ძალიან ხშირად ეს კონტრაქტები არ არსებობს. ამ ადამიანებს არ აქვთ სამართლებრივი დაცვის ბერკეტები. ხელშეკრულებები გაითვალისწინებს მათ ზუსტ საქმიანობას, სადაც არ იქნება, ცხადია, დანაშაულებრივი საქმიანობა და თუ ასეთს დაავალებენ, შეეძლებათ უარი თქვან ამის შესრულებაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს დეკლარაციებში ზუსტად ასახვას კოორდინატორების რაოდენობის, რადგან არც კი ვიცით, რა რაოდენობით კოორდინატორებზეა ლაპარაკი".

ნინო დოლიძე აღნიშნავს კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც არ უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, არამედ პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსს:

"ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საერთოდ აცდენილი იყო პოლიტიკური პარტიების პროგრამები (არც კი ჰქონდათ) და მესიჯები ადგილობრივი თვითმმართველობის საჭიროებებს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ამ არჩევნების, რომ ის გადაიქცა ეროვნული მასშტაბის ბრძოლის ველად, სადაც მთავარი ხაზი იყო ეროვნული ლიდერების მიერ ერთმანეთის დისკრედიტაცია და არავის ახსოვდა ამომრჩეველი და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი, რასაც მომავალში შევცვლით და პარტიებიც შეცვლიან - ისაუბრებენ ამომრჩევლის საჭიროებებზე და ხალხმა ამის მიხედვით გადაწყვიტოს ვის მისცემს ხმას და არა იმის მიხედვით ვინ მეტად მოახდენს ოპონენტის დისკრედიტაციას. ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა დაიწყონ პოლიტიკურმა პარტიებმა, არის ამომრჩეველზე მეტად ფიქრი".

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG