Accessibility links

"მედიის მდგრადობის ინდექსი-2019"-ში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესებულია


ნინო მახვილაძე, GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის ლექტორი

ამერიკული ორგანიზციის - IREX-ის მიერ მომზადებულ „მედიის მდგრადობის ინდექსი-2019“-ის მიხედვით, საქართველოში 2018 წელს არსებული მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუარესებულია. ეს კვლევა 2000 წლიდან ტარდება. მედიის მდგრადობის ხარისხი 0-დან 4 ქულამდე ფასდება. საქართველოსთვის 2018 წლის საერთო მაჩვენებელი 2,25-ია, რაც 0,06-ით ნაკლებია წინა წლისაზე. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს კლება?

2-დან 3 ქულამდე შეფასება ნიშნავს „მდგრადთან მიახლოებულს“. ანგარიშის თანაავტორი, „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) ჟურნალისტიკის სკოლის ლექტორი, ნინო მახვილაძე განმარტავს:

„2-დან 3 ქულამდე ეს არის მდგრადთან მიახლოებული სისტემა, სადაც საქართველოა ბოლო წლების განმავლობაში. 3-დან 4 ქულამდე ჯგუფში რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთი ქვეყანა მოხვედრილა.

თვითონ ეს შედეგები, საბოლოო შეფასება ეყრდნობა მრავალფაქტორიან და მრავალპლანიან შეფასებებს. პირველ რიგში, ფასდება სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა, მეორე - პროფესიონალიზმი ჟურნალისტიკაში, მესამე - საინფორმაციო წყაროების, ახალი ამბების მრავალფეროვნება, მეოთხე - მედიაბიზნესის მდგრადობა და მეხუთე - ფასდება დამხმარე, მხარდამჭერი ორგანიზაციები, რომლებიც მედიას მხარს უჭერენ ამა თუ იმ საქმიანობაში“.

თითოეული ფაქტორი 0-დან 4 ქულამდე შეფასდა. გამოკვლევაში მონაწილეობდა მედიის 15 ექსპერტი, რომლებმაც შეავსეს დეტალური კითხვარები და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. ანგარიშის ავტორებმა შეაჯამეს კითხვარების მონაცემები და დისკუსიაზე დასმული აქცენტები:

„საერთო ქულის დაწევის ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზეზი იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილება, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუზარდა წვდომა სარეკლამო ბაზარზე. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც პანელის მონაწილე მედიაექსპერტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს და ლაპარაკი იყო იმაზე, რამდენად ცუდად აისახება ეს მედიაბაზარზე, რა გავლენას ახდენს ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსზე, პროგრამულ ბადეზე და ა.შ..

მეორე მსხვილი თემა, რომელიც გამოიკვეთა დისკუსიაზე, იყო პოლარიზებული მედია, რამაც 2018 წლის არჩევნების დროს განსაკუთრებით მწვავე ფორმა მიიღო, რომ დიდი კრიტიკის ქვეშ მოხვდნენ წამყვანი ტელევიზიები. ამ ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“.

ნინო მახვილაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში პოლარიზაცია შესამჩნევია ქართულ მედიაბაზრზე, თუმცა, შარშან არჩევნების დროს ამან განსაკუთრებით მძაფრი ფორმა მიიღო, „იმდენად, რომ ჟურნალისტური სტანდარტები, რომლებიც ბოლო წლებში ფიქსირდებოდა, რომ წინ მიიწევდა, იმასაც კი დარტყმა მიაყენა“.

მედიის მდგრადობაზე მსჯელობისას ყურადღება დაეთმო ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მედიის მუშაობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. მსჯელობის საგანი იყო მარეგულირებელი კომისია მუშაობაც:

„როცა მოხდა ბაზრის გაციფრულება, ჩვენი ექსპერტები დადებითად აფასებდნენ მარეგულირებლის პოზიციას და მუშაობას. ახლა მის მიმართ არის კრიტიკა იმ პოზიციის გამო, რაც მედიაბაზრის ცვლილების მიმართ ჰქონდა“.

ინდექსის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია მედიის როგორც ბიზნესის ფუნქციობა. ამ ნაწილში საქართველოს შეფასება - 1,57 ქულა არამდგრადი მედიის მქონე ქვეყნებისას შეესაბამება. ლაპარაკია იმაზე, რომ მედია უნდა ინახავდეს თავს:

„ფინანსური სტაბილურობა და დამოუკიდებლობა ბევრს ნიშნავს. ვხედავთ, რომ სარეკლამო ბაზარი შემცირდა. ისევ გვაქვს რეიტინგების მთვლელი მხოლოდ ორი კომპანია. უამრავი ფაქტორია, რაც ამ შედეგს გვაძლევს. არასასიამოვნოა, რომ ეს ქულა ბოლო წლებში ქვევით იწევს“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG