Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველაზე დიდი ფილოსოფია დევს ამ ადამიანებში - ადამიანური დაცვა თავისი კარმიდამოსი, მოვლა თავისი წინაპრების საფლავებისა, მიწის დაცვა"


ნინო მინდიაშვილი და არინა თავაქარაშვილი
ნინო მინდიაშვილი და არინა თავაქარაშვილი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა გამოკვლევა „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“, რომლის თანაავტორები არიან ნინო მინდიაშვილი და არინა თავაქარაშვილი. გამოკვლევა უკვე გამოქვეყნდა უცხოენოვან გამოცემაში. ვიდრე ქართულ ენაზე მისი შინაარსის დეტალები გახდებოდეს ცნობილი, მისი ავტორები რადიო თავისუფლების ეთერში გვიზიარებენ ნანახსაც და მიღებული შედეგების ნაწილსაც. ნინო მინდიაშვილი ყვება:

„სხვადასხვა ვითარება დაგვხვდა ამ სოფლებში. გავიხსენებ გუგუტიანთკარში სამუშაო პროცესს. იქ რომ შევედით, საშინელი სიცარიელის გრძნობა დაგვეუფლა ყველას. კანტიკუნტად ჩანდა მოსახლეობა. დაცარიელებული სოფელი. როცა მოვინდომეთ, რომ ფოტოები გადაგვეღო, სამართალდამცავებმა კი მოგვცეს ფოტოების გადაღების უფლება, მაგრამ წამებში მოხდა ეს ყველაფერი, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის რაც შეიძლება მალე უნდა დაგვესრულებინა ეს პროცესი. შემდეგ შევხვდით მოსახლეობას, რომელიც იყო ძალიან დათრგუნული, უიმედო მდგომარეობაში მყოფი“.

პროექტის მონაწილეები, რომელთა შორის სტუდენტებიც იყვნენ, ცდილობდნენ წინასწარ მომზადებული კითხვარის დახმარებით დაედგინათ რამ გამოიწვია ამა თუ იმ სოფლიდან მოსახლეობის დენადობა, რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო, რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს, რისი მოგვარება სურთ პირველ რიგში და აგრეთვე - რა დამოკიდებულება აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის მიმართ. ნინო მინდიაშვილი თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოფლებში დამაგრებისთვის:

„ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო კი ცდილობს, რომ დაგვეხმაროს, ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის: ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, არ გვაქვს წყალი, არ გვაქვს სოციალური დახმარება. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენთან მოდიან სხვადასხვა ჯგუფები, ატარებენ გამოკითხვას და მერე ამას შედეგი არ მოყვება და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ამ სამუშაოს მოყვება შედეგიო?

ანუ, მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობა უიმედოდ არის განწყობილი. ჯერ ერთი, არის ძალიან რთული ფონი და მერე - მათი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ძალიან უიმედო მდგომარეობაში არიან და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს. უპირველესად, რასაკვირველია, სახელმწიფოა ვალდებული, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად განხორციელდეს“.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ყველას აწუხებს, არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაცია. მათთვის, ვინც მოსავლის მოწევა მოახერხა, საერთო პრობლემაა მისი რეალიზაცია:

„ერთ-ერთ მთავარ საკითხად ასახელებენ იმას, რომ არ შეუძლიათ მოწეული მოსავლის რეალიზაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით მაინც რომ ჩაერთოს სახელმწიფო და იმ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ეს პროცესი გაუადვილოს. ყველა სოფელშია ეს პრობლემა. რაღაც ნაბიჯები იდგმება, მაგრამ არ არის ეფექტიანი და პრობლემის გადაჭრისთვის საკმარისი“.

არინა თავაქარაშვილი თვლის, რომ სახელმწიფოს ერთიანობაზე ზრუნვა სწორედ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვით იწყება:

„ყველაზე მთავარი არიან ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ, რომლებსაც აქვთ ახლა უკვე ამ უმძიმეს პირობებსა და ვითარებაში გარკვეული საჭიროებები. ჩვენი აქცენტი იმიტომ იყო განსხვავებული, რომ რომელიმე კარსა და გასაღებს კი არ ვეძებდით, ყველაზე მთავარს, ღირებულს ვხედავდით - ამ ადამიანებს თავიანთი საჭიროებებით, თავიანთი მოთხოვნილებებით და სახელმწიფოებრივი ხედვით.

თითოეულ ამ ადამიანში შეიძლება არ დევს არც კანტი, არც ჰეგელი, არც მამარდაშვილი, მაგრამ ყველაზე დიდი ფილოსოფია დევს ამ ადამიანებში - ადამიანური დაცვა თავისი კარმიდამოსი, მოვლა თავისი წინაპრების საფლავებისა, მიწის დაცვა. ძალიან მძიმე საყურებელი და წარმოსადგენია და როცა საკუთარი თვალით ხედავ, შემაძრწუნებელია - გუგუტიანთკარში ადამიანებმა, რომლებსაც გადამწვარი და გადაბუგული აქვთ სახლის ტერიტორია, შეიძლება მხოლოდ ნასახლარიღა იყოს, მაგრამ ამ გადარჩენილში ვაზს სხლავენ, პატარა მიწის ნაკვეთს ამუშავებენ და ეს არის სიცოცხლისუნარიანობა ამ მიწისა!“.

არინა თავაქარაშვილის თქმით, საჭიროა სახელმწიფომ მეტი წილი პროგრამების უნდა მიმართოს ოკუპაციის ხაზისპირა სოფლებისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გაააქტიურონ ადგილობრივების დახმარება:

„დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მოვუხმოთ დახმარებისთვის, უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფომ მეტი წილი პროგრამებისა მიმართოს აქეთკენ. ვთქვათ ასე: ეს არის ის საქართველო, რომელმაც ერთი დიდი საქართველო უნდა მოგვცეს - გაეროს საზღვრებში ცნობილი“.

გამოკვლევის თანაავტორი ლაპარაკობს აგრეთვე სტრატეგიული ხედვის შემუშავების აუცილებობაზე:

„უმნიშვნელოვანია ასეთი კვლევების საფუძველზე სახელმწიფომ სტრატეგიული ხედვა შეიმუშაოს და შექმნას ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ დადებს ხედვას. მინიპროგრამების შემუშავება არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა.

სახელმწიფომ აქცენტი იმაზე კი არ უნდა აიღოს ვინ მოსწონს და ვინ არა, არამედ იმაზე - კვალიფიციურ ადამიანთა ერთობით შექმნას მრჩეველთა საბჭო, მისცეს შანსი სტრატეგიული გეგმა შეიმუშაონ“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG