პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აღარ განიხილავს ტყის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც საპატრიარქოს საშუალებას აძლევდა, ეკლესია-მონატრების გარშემო 10 ჰექტარი მიწა საკუთრებაში დაეკანონებინა და რომელზეც კომიტეტს 16 აპრილს უნდა ემსჯელა. კანონპროექტს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ განიხილავს, - ინფორმაციას ამ გადაწყვეტილების შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუკის ოფიციალური გვერდის მეშვეობით ავრცელებს.
ტყის კოდექსში საგანგებო ვითარების დროს ცვლილებების შეტანის პრობლემურობაზე 14 აპრილს განცხადება გაავრცელა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა, სადაც თვლიან, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დრო და კონტექსტი პრობლემური იყო.
„ქვეყანა უდიდესი გამოწვევის, COVID-19-ით შექმნილი ეპიდემიის წინაშე დგას. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ღიად არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა. კანონის შესაბამისი მკაცრი ზომების გატარებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად, ხელისუფლება პერიოდულად მოლაპარაკებებს მართავს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამ ნაბიჯით, სახელმწიფო საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 14 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
დეპუტატი ნინო წილოსანი ამ განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ტყის კოდექსის ასე წარმოჩენა არასწორი ინტერპრეტაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად იმაზე საუბარი, თითქოს რომელიმე ინსტიტუციას გადაეცემა ამ კოდექსის მიღებით ტყის ფართობები.
„რეალურად, ახალი კოდექსი ავალდებულებს ყველას - მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა შემუშავებაში, თავის მხრივ, ჩართული იყო ყველა მხარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები, სატყეო სექტორის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები“, - ნათქვამია ნინო წილოსანის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განსხვავებული პოზიცია აქვს ტოლეტანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს, რომელიც ტყის კანონში შესატან ცვლილებებს საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭებად აფასებს.
„ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები“, - თვლიან არასამთავრობო სექტორში.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განმარტებით, დღეს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსით, საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე-9 მუხლი), ასევე სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება. თუმცა, ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა. “ტყის კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით. აღსანიშნავია, რომ სასყიდლით გადაცემა შესაძლოა მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის - 1 ლარად.