Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის 2024 წლის ნიუ-ჰემპშირის პრაიმერი მნიშვნელოვანი?


დონალდ ტრამპს პრაიმერისში, გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი უწევს კონკურენციას.
დონალდ ტრამპს პრაიმერისში, გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი უწევს კონკურენციას.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატობისთვის ბრძოლის მეორე ეტაპი 23 იანვარს ნიუ-ჰემპშირში ჩატარდება. დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში დიდ დაძაბულობას არ ელიან. აი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის გამოსავლენი დაპირისპირება კი უფრო მწვავე უნდა გამოდგეს.

რესპუბლიკელებში ბრძოლა ახლა ორ კანდიდატს შორის მიმდინარეობს. ესენია ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი. ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას კვირას გამოეთიშა. პირველი კენჭისყრა აიოვის შტატში ჩატარდა, სადაც დიდი უპირატესობით დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ახლა ნიკი ჰეილიმ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მას კონკურენცია გაუწიოს.

აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ამ პრაიმერის შესახებ.

რა არის პრაიმერი და რა წესები აქვს?

ნიუ-ჰემპშირის პრაიმერი სამშაბათს, 30 იანვარს ჩატარდება. აიოვისგან და კიდევ რამდენიმე შტატისგან განსხვავებით, სადაც პირველადი არჩევნები უფრო რთული, „კოკუსის“ სისტემით ტარდება, ნიუჰემპშირელი ამომრჩეველი ხმას ჩვეულებრივად მისცემს - ისე, როგორც ყველა სხვა არჩევნებში.

ამ პრაიმერის გამარჯვებულებზე პროპორციულად გადანაწილდება შტატის 22 დელეგატი რესპუბლიკელების ნაციონალურ კონვენციაში. ეს გამარჯვებისათვის საჭირო 1215 დელეგატის მცირედი პროცენტია, თუმცა ნიუ-ჰემპშირში გამარჯვება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ის საარჩევნო ციკლის დასაწყისში ტარდება.

დემოკრატების შემთხვევაში საქმე უფრო ჩახლართულადაა - ნიუ-ჰემპშირი დემოკრატების ნაციონალურ კონვენციაში 33 დელეგატს აგზავნის, თუმცა ამჯერად მათი ხმა პრაიმერის შედეგებზე არ იქნება მიბმული.

დემოკრატიულმა პარტიამ მანამდე გადაწყვიტა, რომ პირველი პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში ჩაეტარებინა, რადგან ამ შტატს უფრო მრავალფეროვანი მოსახლეობა ჰყავს (ნიუ-ჰემპშირის მოსახლეობის 90% თეთრკანიანია), თუმცა ნიუ- ჰემპშირის შტატის კონსტიტუციის მიხედვით, პირველი პრაიმერი სწორედ აქ უნდა ჩატარდეს და შტატის მთავრობამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, საკანონმდებლო ცვლილება არ მიიღო.

ვინ არიან კანდიდატები

რესპუბლიკელების ორი მთავარი კანდიდატი ტრამპი დ ჰეილი არიან. აიოვაში დესანტისმა და ჰეილიმ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

დემოკრატიული პარტიის ბიულეტენზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელი არ ეწერება. ის კენჭს იყრის, თუმცა თარიღთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ამ კენჭისყრას გამოტოვებს. დემოკრატების მთავარი კანდიდატები აქ კონგრესმენი დინ ფილიპსი და მწერალი მარიან უილიამსონი იქნებიან. ბაიდენის მხარდამჭერებმა მოუწოდეს ამომრჩევლებს, რომ პრეზიდენტის სახელი ხელით ჩაწერონ.

ტრამპის კონკურენტი რესპუბლიკელების პრაიმერისში ნიკი ჰეილი აშშ-ის ელჩი იყო გაეროში. 2018 წლის ფოტო.
ტრამპის კონკურენტი რესპუბლიკელების პრაიმერისში ნიკი ჰეილი აშშ-ის ელჩი იყო გაეროში. 2018 წლის ფოტო.

ვინ იმარჯვებს?

გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელების პრაიმერის მონაწილეთა ნახევარი ექსპრეზიდენტს მისცემს ხმას. ჰეილი მეორე ადგილზეა 37%-ით.

ნიუ-ჰემპშირში პოპულარულია რესპუბლიკელების შედარებით ზომიერი ფრთა. აქაური არჩევნები „ნახევრად ღია“ წესით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეობა რეგისტრირებული რესპუბლიკელების გარდა შეუძლია ამომრჩეველს, რომელიც არცერთ პარტიაში არ არის რეგისტრირებული. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ნიკი ჰეილის, რომელიც უფრო ცენტრისტად აღიქმება.

ბაიდენი დემოკრატიული პარტიის უდავო ფავორიტია, თუმცა გამოკითხვები ვითარების მკაფიო სურათს არ ასახავს. მეორე ადგილზე მყოფ დინ ფილიპსს სხვადასხვა გამოკითხვაში 5-8%-დან 20%-მდე აქვს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნიუ- ჰემპშირი?

პოლიტიკის ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ნიუ- ჰემპშირი საუკეთესო შანსია ნიკი ჰეილისათვის, რომ ან შტატის პრაიმერიში გაიმარჯვოს, ან მცირედი განსხვავებით დამარცხდეს. მას ეს სჭირდება დონორებისა და მხარდამჭერების შესანარჩუნებლად.

თუმცა, ნიკი ჰეილის ამ შტატში გამარჯვების შემთხვევაშიც კი გაუჭირდება ტრამპთან შემდგომი დაპირისპირება - ექსპრეზიდენტი მას 36%-ით უსწრებს სამხრეთ კაროლინაში, ჰეილის მშობლიურ შტატში, სადაც თებერვლის ბოლოს შემდეგი პრაიმერი ჩატარდება. ნაციონალურ გამოკითხვებში ტრამპს 37%-იანი უპირატესობა აქვს.

დემოკრატებში კი ბაიდენის კონკურენტებს მიეცემათ შანსი, დაამტკიცონ, რომ ამომრჩევლებს პრეზიდენტის გარდა სხვა კანდიდატის ინტერესიც აქვთ. ჯო ბაიდენმა თავისი ენერგია ძირითადად სამხრეთ კაროლინას დაუთმო, სადაც პარტიის პირველი სანქცირებული პრაიმერი ჩატარდება.

XS
SM
MD
LG