მიუხედავად იმისა, რომ ნოელია კასტილიოს ევთანაზიის მოთხოვნა გარანტიებისა და შეფასების კომისიამ (CGAC - დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ექიმების, იურისტებისა და ბიოეთიკის ექსპერტებისგან შედგება და აკონტროლებს ევთანაზიის კანონის სწორად აღსრულებას) 2024 წელს დაამტკიცა, ახალგაზრდა ქალის მამის მიერ წამოწყებულმა სასამართლო დავამ ეს პროცესი 601 დღით შეაჩერა.
ევთანაზია - უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით.
ნოელიას პირველი გამოჩენა მედიაში
25 წლის ნოელიამ რამდენიმე დღის წინ, ესპანურ ტელეარხს Antena 3-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ და სწორედ იქ დაადასტურა, რომ მისი ევთანაზია 26 მარტს არის დაგეგმილი.
გავლენიანი ესპანური მედიის El Pais-ს ცნობით, ტელევიზიას ნოელიასთან და მის დედასთან საუბრის 12-საათიანი ჩანაწერი ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ, მცირე ფრაგმენტებად, ეტაპობრივად გავრცელდა.
ეს არის ნოელიას პირველი, საჯარო ინტერვიუ, სადაც იხსენებს, როგორი გზა გაიარა ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღებამდე, ჰყვება ევთანაზიის უფლების მოპოვების სირთულეზე ესპანეთში და მნიშვნელობაზე, რომ გაიგონ მისი ხმა, პატივი სცენ მის სურვილს.
„ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მინდა ასე დასრულდეს ჩემი ცხოვრება... არ არსებობს გაუმჯობესების პერსპექტივა. ყოველდღე ტკივილში ვცხოვრობ. ორი წელი ვიბრძოლე იმისთვის, რომ ჩემს ნებას პატივს სცემდნენ“, - ამბობს ნოელია ტელეკომპანია Antena 3-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამ ინტერვიუმდე, ნოელიას მდგომარეობისა და ევთანაზიისთვის ბრძოლის შესახებ, მედიამ და საზოგადოებამ მხოლოდ მის საქმეზე მიმდინარე სასამართლოს მასალებიდან, ოფიციალური დოკუმენტებიდან, ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისგან იცოდა.
როგორ მივიდა ნოელია კასტილიო ევთანაზიის გადაწყვეტილებამდე
25 წლის ნოელია კასტილიო დღეს საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. მასზე წერს Reuters, BBC, The Guardian, El Pais, El Mundo და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებები.
ნოელია, Antena 3-ისთვის მიცემულ პირველ და ერთადერთ ინტერვიუში ყვება:
„ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა ყველაფერი შეიცვალა. ძალადობა ყოფილი პარტნიორის მხრიდან, ჯგუფური სექსუალური თავდასხმა და რთული ოჯახური მდგომარეობა... ყოველთვის ძალიან ბნელ ფერებში ვხედავდი ჩემს სამყაროს, ვეღარ ვუძლებ ტკივილს და იმას, რაც ჩემს თავში მაწუხებს, ყველაფერს, რაც გამოვიარე, უბრალოდ მინდა წავიდე და ტანჯვა დასრულდეს“.
ნოელიას ევთანაზიისთვის ბრძოლის გაშუქებისას, განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ევთანაზიის უფლების სამართლებრივ მხარეზე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და გადაწყვეტილების თავისუფლებაზე, სასამართლო დავაზე, რომელიც ნოელიას მამამ წამოიწყო.
ყველაფერი კი 2022 წელს დაიწყო. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის ჯგუფური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ქალს პარაპლეგიის, ქვედა კიდურების დამბლის დიაგნოზი დაუდგინდა, რასაც თან დაერთო ქრონიკული ტკივილები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
ნოელიამ 2024 წლის გაზაფხულზე მიმართა გარანტიებისა და შეფასების კომისიას (CGAC) და ევთანაზიის უფლების მოპოვება მოითხოვა. მისი მოთხოვნა ექიმების, იურისტებისა და ბიოეთიკის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც ევთანაზიის კანონის სწორად შესრულებას აკონტროლებს, რამდენიმე თვეში, 2024 წლის ივლისში დააკმაყოფილა.
თუმცა, რამდენიმე დღეში, კომისიის ეს გადაწყვეტილება ბარსელონის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დროებით შეაჩერა.
რატომ წავიდა ნოელიას საქმე სასამართლოში?
სასამართლოს ნოელიას მამამ, ხერონიმო კასტილიომ მიმართა. მას სურდა დაემტკიცებინა, რომ შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვერ იღებდა სრულად თავისუფალ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას.
მამა ამბობდა, რომ მას შვილის სიცოცხლის შენარჩუნება სურდა. კაცის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „ქრისტიანი ადვოკატების“ იურისტები იცავდნენ.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ნოელია კასტილიოს საქმეზე დავა ესპანეთის თითქმის ყველა სასამართლო ინსტანციამ განიხილა.
თავდაპირველად, ბარსელონის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მამის მოთხოვნით დროებით შეაჩერა ევთანაზიის პროცესი, თუმცა მოგვიანებით იგივე ინსტანციამ დაადგინა, რომ მამას არ ჰქონდა უფლება შვილის სახელით ემოქმედა.
ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უმაღლესმა სასამართლომ, თუმცა ასევე აღიარა მამის უფლება, მათი ეს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა ესპანეთის უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ ნოელიას მამის სარჩელი არ მიიღო წარმოებაში და საბოლოოდ დაადასტურა 25 წლის ქალის უფლება ევთანაზიაზე.
ხერონიმო კასტილიომ ამჯერად ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. თუმცა, 2026 წლის 20 თებერვალს, სასამართლომ ერთხმად უარყო მამის საკონსტიტუციო სარჩელი, რითაც ქვეყანაში სრულად ამოიწურა სამართლებრივი დავის საშუალება.
ნოელია კასტილიოსთვის ევთანაზიის პროცესის შეჩერების მოთხოვნა, 2026 წლის 10 მარტს არ დააკმაყოფილა არც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა საფუძველი დროებითი ღონისძიებების გამოყენებისთვის, რაც ევთანაზიის პროცესის შეჩერებას გაამართლებდა.
ნოელიამ Antena 3-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მამამ მითხრა, რომ არ მოვიდოდა არც ევთანაზიაზე და არც დაკრძალვაზე, რადგან მისთვის მე უკვე მკვდარი ვარ“.
რას ამბობს ნოელიას დედა?
ნოელიას დედა, იოლანდა, შვილის ევთანაზიას ემოციურად ვერ ეგუება, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
ნოელია ინტერვიუში ჰყვება, რომ დედამ მას უთხრა: „რადგან მე ვიყავი პირველი, ვინც შენი თვალების გახელა ვნახე, მინდა ვნახო, როგორ დახუჭავ მათ“, თუმცა თავად ნოელიას გადაწყვეტილებაა, რომ ევთანაზიის დროს იყოს მარტო:
„ვუთხარი, რომ ოჯახი შეიძლება მოვიდეს დასამშვიდობებლად, მაგრამ არა მაშინ, როცა ინიექციას გამიკეთებენ“.
ნოელია ინტერვიუში ამბობს, რომ მას სურს, ბოლომდე შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა, ამიტომ წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, რას ჩაიცვამს ევთანაზიის დღეს.
„მინდა ლამაზად მოვკვდე, მინდა ლამაზად გამოვიყურებოდე. ჩავიცვამ ჩემს ყველაზე ლამაზ კაბას და მსუბუქ მაკიაჟს გავიკეთებ“, - ეუბნება ის ჟურნალისტს.
ევთანაზიის პროცედურის დასრულების შესახებ ინფორმაცია ხშირად მედიაში ან დაგვიანებით, ან საერთოდ არ ვრცელდება. ექიმებსა და კლინიკებს არ აქვთ უფლება, გაასაჯაროონ პროცედურის ჩატარების ფაქტი, დრო და დეტალები. ინფორმაცია, როგორც წესი, ქვეყნდება მხოლოდ მაშინ, თუ ამის ნებას თავად პაციენტი ან მისი ოჯახი იძლევა.
ევთანაზია და „დახმარებით სიცოცხლის დასრულება“
ევთანაზიის პროცესი იწყება პაციენტის ნებაყოფლობითი მოთხოვნით და მრავალსაფეხურიანი სამედიცინო-იურიდიული შემოწმებით. მათ შორის, პაციენტმა დროის ინტერვალით, მინიმუმ ორჯერ უნდა მიმართოს შესაბამის სტრუქტურას ევთანაზიის მოთხოვნით.
რის შემდეგაც კომისია ამოწმებს, აქვს თუ არა პაციენტს მძიმე, ქრონიკული ან განუკურნებელი მდგომარეობა; არის თუ არა ტკივილი ან ტანჯვა აუტანელი და გაუმჯობესების პერსპექტივის გარეშე; იღებს თუ არა პაციენტი გადაწყვეტილებას თავისუფლად.
პაციენტს ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას უარი ევთანაზიაზე.
თავად პროცედურის დროს პაციენტს ჯერ სედაციას უტარებენ (აძინებენ), რის შემდეგაც შეჰყავთ პრეპარატი, რომელიც სიცოცხლეს რამდენიმე წუთში, უმტკივნეულოდ ასრულებს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, რომელსაც ევთანაზია გაუკეთდა, ეს იყო 9 წლის ბავშვი. პროცედურა ბელგიაში, 2016–2017 წლებში ჩატარდა, თუმცა, კონკრეტული თარიღი საჯაროდ არ გავრცელებულა. ბელგია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კანონმდებლობა (2014 წლიდან) ნებისმიერი ასაკის არასრულწლოვნისთვის უშვებს ევთანაზიას, მკაცრი პირობებით.
ამ დროისათვის ევთანაზია კანონით დაშვებულია სულ 7 ქვეყანაში:
- ნიდერლანდები
- ბელგია
- ლუქსემბურგი
- ესპანეთი
- კანადა
- კოლუმბია
- ახალი ზელანდია
ევთანაზიისგან განსხვავებულია ე.წ. „დახმარებით სიცოცხლის დასრულება“ (assisted dying), როდესაც პაციენტს ექიმი მხოლოდ აწვდის შესაბამის მედიკამენტებს, ხოლო საბოლოო მოქმედებას თავად პაციენტი ასრულებს. ის კანონით დაშვებულია:
- შვეიცარიაში
- გერმანიაში
- ავსტრიაში
- იტალიაში
- აშშ-ის რამდენიმე შტატში
- ავსტრალიის რამდენიმე შტატში
ესპანეთში ევთანაზიის ლეგალიზების შემდეგ (2021 წლიდან), ის დაახლოებით 1,100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2024 წელს ასეთი პროცედურა 426 ადამიანს ჩაუტარდა.
ესპანეთში ევთანაზია უფასოა და სრულად ფინანსდება საჯარო ჯანდაცვის სისტემის მიერ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში, „დახმარებით სიცოცხლის დასრულება“ (იქ ევთანაზია არ არის დაშვებული), 8000-დან 18 000 დოლარამდე მერყეობს. ეს თანხა მოიცავს მგზავრობის ღირებულებასაც. შვეიცარია ერთ-ერთი ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც არ არის აუცილებელი პაციენტი იყოს შვეიცარიის მოქალაქე, რათა მიიღოს ეს მომსახურება.
საქართველოში ევთანაზია კანონით აკრძალულია.
აქ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია „მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით“ და მას კოდექსის 110-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება შინაპატიმრობით ან 5 წლამდე პატიმრობით.
შსს-ს დანაშაულების სტატისტიკის თანახმად, ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული 2022-2025 წლებში არ დაფიქსირებულა. 2016-2021 წლებში სსკ-ის 110-ე მუხლი გაერთიანებულია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა დანაშაულებთან (ექვსი მუხლი) ერთად და მოცემულია ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულების საერთო მონაცემი.
ევთანაზიის ლეგალიზაციის საკითხი, კრემაციისგან განსხვავებით, რომლის შესახებაც კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 2023 წელს დარეგისტრირდა, პოლიტიკურ დონეზე არასდროს განხილულა. დებატები ძირითადად ეთიკურ და პროფესიულ წრეებში მიმდინარეობს.
ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ასეთი განხილვის დაწყება მოითხოვს როგორც ძლიერი პალიატიური სერვისების განვითარებას, ისე საზოგადოებრივი ნდობის მაღალ დონეს სამედიცინო სისტემის მიმართ.
გარდა ამისა, ევთანაზიის დაკანონების პოლიტიკურ დღის წესრიგში გადატანას მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში არსებული რელიგიური და კულტურული კონტექსტი, სადაც სიცოცხლის ხელშეუხებლობა ფუნდამენტურ ღირებულებად მიიჩნევა.
ფორუმი