Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლებები მათი მმართველობის პერიოდში თანდათან ამწვავებენ ხოლმე ამ კრიტიკას და ასე იყო წინა წლებშიც, წინა ხელისუფლებების დროსაც"


ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარის მოადგილე
ნონა ქურდოვანიძე, საია-ს თავმჯდომარის მოადგილე

„ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს ის, რომ ასეთი შეტევები ხორციელდება არასამთავრობო სექტორზე”, - ასე ეხმაურება საია-ს თავმჯდომარის მოადგილე, ნონა ქურდოვანიძე მმართველი ძალისა და მისი ლიდერის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას და აზუსტებს, რომ მსგავსი კრიტიკის ტალღა საია-სთვის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხო არ არის:

„როცა პოლიტიკური პროცესები მწვავდება ქვეყანაში, როცა კრიტიკა ისმის და ეს კრიტიკა მწვავდება, როცა ადამიანის უფლებების მდგომარეობა უარესდება ქვეყანაში, ბუნებრივია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამას მწვავედ ვაკრიტიკებთ, რაც საბოლოოდ ხელისუფლებისთვის არის ხოლმე მტკივნეული და ისინი ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიზანმიმართული შეტევები განახორციელონ. გვახსოვს ეს შარშანაც, იმის წინაც.

ხელისუფლებები მათი მმართველობის პერიოდში თანდათან ამწვავებენ ხოლმე ამ კრიტიკას და ასე იყო წინა წლებშიც, წინა ხელისუფლებების დროსაც. ვფიქრობ, ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები რასაც აკეთებენ, არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის და ადამიანის უფლებებისთვის. მხოლოდ ამ მიზანს ვემსახურებით. აქ არ არის რაიმე სხვა მიზანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ. ჩვენი მიზანია ქვეყანაში იყოს დაცული დემოკრატია, პატივი ვცეთ თითოეული ადამიანის უფლებას და როცა ეს უფლებები არის დარღვეული, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობთ ამას”.

27 ნოემბერს საია-მ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში - „დაკარგული თვალის მიღმა“, რომელშიც დეტალურად არის ასახული და გაანალიზებული 20-21 აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა; არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევები. ანგარიშში ასევე შეფასებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და სასამართლოებში სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკა. ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„[დაშლის შესახებ გადაწყვეტილებების] ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას ვსვამთ, რადგან ინფორმაციასთან წვდომა არ გვქონდა და ეს გამოძიების დასადგენია: ვინ გასცა ნებართვა, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო თუ არა სპეციალური ბრძანება და როგორ მოხდა საერთოდ დაგეგმვა ამ ოპერაციის. ვინაიდან ამ ინფორმაციის ნაწილი ჩვენთვის იყო დახურული, ამ საკითხებზე მკვეთრი, დამაჯერებელი და საბოლოო დასკვნა ვერ გავაკეთეთ, ანუ ამ საკითხზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, ამაზე ჩვენ ცხადად, არსებული ვიდეომასალებით თუ სხვა წყაროებითმიღებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად იყო გამოყენებული არასწორად და არაპორპორციულად, მათ შორის, რეზინის ტყვიები. ამიტომ ეს საკითხიც შემდგომ გამოძიებას საჭიროებს. შემდეგი თემა, რომელიც ანგარიშში გვაქვს, არის არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც დაფიქსირდა უშუალოდ დაკავების პროცესში, ასევე დაკავების შემდგომ.

ასევე ვნახეთ, რომ პოლიციამ გამოიყენა ე.წ. სამართალდამცავთა კორიდორი, ანუ არასათანადო მოპყრობის ფორმა, როცა პოლიციელები შუაში გაატარებენ ხოლმე დაკავებულ პირს და ვინც გაივლის, მას სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენს მიერ გამოკითხული არაერთი მოწმე მიუთითებს ამ ფაქტებზე. რადგან რამდენიმემ დაგვიდასტურა, რომ ასეთ პრაქტიკას ჰქონდა ადგილი, ეს ავსახეთ ანგარიშში. ამის შემდგომაც გაგრძელდა, მათ შორის ტრანსპორტირებისას, არასათანადო მოპყრობა. ხელების შებოჭვის ის მეთოდი, რომელიც გამოიყენეს და რითაც შებოჭილი ჰქონდათ ხელები დაკავებულ პირებს რამდენიმე საათის განმავლობაში, ესეც უტოლდება არასათანადო მოპყრობას; შემდეგ სასამართლოში გადაყვანისას რა პირობებში იყვნენ ისინი სასამართლოს დაკავების ოთახებში, სადაც დიდი ხალხმრავლობა იყო, რადგან ბევრი იყო დაკავებული და იქ იყო ძალიან მძიმე პირობები.

და ბოლოს, ვეხებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონიდან გამომდინარე საკითხებს. ეს არის ერთი მხრივ, პოლიციის მოქმედებები - როგორ ხდებოდა მათ მიერ ადამიანების დაკავება, რა საფუძვლით და ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციელები შერჩევითად, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ კონკრეტული მტკიცებულებები, რომ რომელიმე ეს პირი არღვევდა რაიმე წესს, აკავებდნენ. ოქმები, რომლებიც დგებოდა, იყო ერთი და იგივე შინაარსის. იქ არ იყო ასახული ინდივიდუალური გარემოებები და შემდეგ სამწუხაროდ, ეს პრობლემები, რომლებიც პოლიციის დონეზე ცალსახად დადგინდა, რომ სახეზე იყო, სასამართლომ არ გამოასწორა. ანუ, სასამართლოს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, რადგან, თუ მტკიცებულბებეი საქმეში არ არის, სასამართლოს ეს ადამიანები არ უნდა დაეპატიმრებინა, მაგრამ ვნახეთ, რომ 342-დან 121 ადამიანის მიმართ, რომლის საქმეებიც განიხილა სასამართლომ, გამოყენებული იყო პატიმრობა. ეს ტენდენციები გვაქვს შესწავლილი როგორ ხდებოდა ამ სანქციების გამოყენება. მოსამართლეები დილის საათებში მასობრივად იყენებდნენ პატიმრობას, შემდგომ ეს ტენდენცია შეიცვალა და რა იყო ამ შეცვლის მიზეზი, ესეც გამოსაკვლევი და საინტერესო თემაა. შესაძლოა, ეს იყო იმის გამო, რომ უბრალოდ, იზოლატორებში ადგილი აღარ რჩებოდა, ან შესაძლოა, უბრალოდ იმდენად გაიზარდა იმ დღეს კრიტიკა სასამართლოს მიმართ, რომ მათ უბრალოდ გადაწყვიტეს, ეს პოზიცია შეეცვალათ“.

საია-ს ამ ანგარიშში არ შესულა, თუმცა ორგანიზაცია აკვირდება და ცალკე ანგარიშს მიუძღვნის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობას. საია-ს იურისტები და მათ შორის, ნონა ქურდოვანიძე იცავენ არაერთი მოქალაქის ინტერესს, ვინც 18 ნოემბერს დააკავეს და მათ უმრავლესობას პატიმრობა მიესაჯა:

„სამწუხაროდ, რაც მოხდა 20-21 ივნისს, გაგრძელდა ეს ტენდენცია: უსაფუძვლოდ დაკავება, დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვასაჩივრებთ, მაგრამ სამწუხაროდ აპელაციამ ამ ბოლო შემთხვევაში დაუშვებლად ცნო და საერთოდ არც კი განიხილა ეს საჩივრები, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა ყველა ჩვენგანისთვის“.

გადმოწერა


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG