Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოროვირუსი - სპეციალისტები გორში ვირუსული ინფექციის დასრულებაზე საუბრობენ


ხუთშაბათს გორელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ მოზარდების ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციით იყო გამოწვეული. ნოროვირუსი ვირუსოლოგიური კვლევის შედეგებმა დაადასტურა.

დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის, ინფორმაციით, აღნიშნული ნაწლავური ვირუსული ინფექცია ძირითადად წლის ცივი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და ორ-სამ დღეს გრძელდება.

„ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, ამოწურულია. ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგიც, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგებით, ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, – განაცხადა ლია ლაზარაძემ.

ინტოქსიკაციის სიმპტომებით 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით გორში დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ 1-დან 16 წლამდე ასაკის 130-მდე მოზარდმა მიმართა. კლინიკაში გასტროინტესტინალური დარღვევებით მოთავსებული პაციენტების ნაწილს სტაციონარული მკურნალობა უტარდებოდა, ნაწილს კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია მომსახურება.

რა არის ნოროვირუსი

დაავადებულს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და გამოჯანმრთელებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ნოროვირუსით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით, ნოროვირუსით დაბინძურებული ზედაპირების და/ან საგნების შეხებით და თითების პირში ჩადებით, ან ნოროვირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით (მაგ: მოვლა, საკვების ან ჭურჭლის გაზიარება).

ნოროვირუსი სწრაფად ვრცელდება ორგანიზებულ დაწესებულებებში, როგორიც არის საბავშვო ბაღი, მოხუცებულთა თავშესაფარი, სკოლა და ა.შ. სასმელმა წყალმა შესაძლოა შეასრულოს ნოროვირუსის გადამტანის როლი და გამოიწვიოს დიდი ეპიდაფეთქებები. ეს ეპიდაფეთქებები ხშირად უკავშირდება სუფთა წყალს, რომელიც დაბინძურდა სეპტიკური რეზერვუარიდან ან კანალიზაციიდან გაჟონვის, ან მუნიციპალური სისტემების დაქლორვისას.

ყველაფერი გასულ შაბათ-კვირას დაიწყო. კლინიკას ძირითადად კომბინატის დასახლების მცხოვრებლები აკითხავდნენ. ამ დასახლებაში არსებულ ორ საჯარო სკოლაში მოსწავლეები არ ცხადდებოდნენ, ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ მათ მშობლებსა და რამდენიმე მასწავლებელსაც. მოზარდების დიდი ნაწილი სახლში მკურნალობდა.

კომბინატელებმა რამდენიმე დღეში მაღაზიების დახლები სასმელი წყლისგან დააცარიელეს. მასობრივ ინტოქსიკაციას ისინი სასმელ წყალს უკავშირებდნენ, თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფდნენ და განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ წყლის შემოწმებისა და მისი ხარისხის შესახებ. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, დეტალურად დათვალიერდა წყლის სათავე ნაგებობა და წყლის დაბინძურება გამოირიცხა.

სპეციალისტები 4 დღის განმავლობაში ვერ ადგენდნენ, რა იყო ინტოქსიკაციის მიზეზი. ამასობაში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კლინიკებს მიმართა, კიდევ უფრო მეტმა სახლის პირობებში იმკურნალა. ამჟამად გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში აღარცერთი პაციენტი აღარ იმყოფება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვირუსული ინფექცია დასრულდა, თუმცა მოქალაქეებს ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG