Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უტუია, ლეილა და პარმენა ფოსტალიონი - ოდესღაც ნოსირში მომხდარი ამბები


როგორ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები პერსონაჟები? პოეტი ვასილ ბესელია მინიატურებს ხშირად ნამდვილ ამბებზე წერს. ამ ამბებიდან ბევრი მის ბავშვობას უკავშირდება, ხალხს, რომელიც ოდესღაც გარს ეხვია. მისი ნოველების გმირები არიან სოფლის ექიმი, მასწავლებელი, ფოსტალიონი... ყველას თავისი ისტორია და ადამიანური ამბავი აქვს მოსაყოლი. რადიო თავისუფლებამ ვასილ ბესელიასგან რამდენიმე ნამდვილი ამბავი ჩაიწერა, რომელიც სენაკის რაიონ სოფელ ნოსირში მოხდა და შემდეგ ლიტერატურაში აისახა.

ბარნაბა

ბარნაბა - ფერშალმა თავისი საქმე ისე კარგად იცოდა, სოფლელები სხვის დასმულ დიაგნოზს არ ენდობოდნენ. 70 წლისას კიბო დაემართა. თბილისში, საავადმყოფოში, მეზობელ პალატაში მწოლი ავადმყოფის სანახავად, შვილები მოსულან და პატარა შვილიშვილიც მოუყვანიათ. ბავშვი ტიროდა. გამოვარდა, თურმე, ბარნაბა თავისი პალატიდან, თან წვეთოვანს მოათრევს, ჩქარა ინფექციურში წაიყვანეთ, დიფტერია აქვსო. ტირილის ხმით მიხვდა, რაც სჭირდა.

დიფტერიით ახლა არ ავადდებიან, მაგრამ მაშინ საკმაოდ გავრცელებული იყო და უვერაგეს დაავადებად ითვლებოდა. წამები წყვეტდა ადამიანის ბედს.

მართლაც, ინფექციურში უთქვამთ, 10 წუთი რომ დაგგვიანებოდათ, ვერ გადავარჩენდითო.

წლების მერე, ერთი ჩვენებური ქალი გახდა ავად. ოპერაცია სჭირდებოდა და არავინ უკეთებდა, გადადებულიაო. საზღვარგარეთ მარტო ერთმა ქართველმა ექიმმა გარისკა. არ ეწერა, ალბათ, სიკვდილი, გადარჩა ეს ქალი.

ნოსირელი რომ იყავი, იმიტომ გაგიკეთე ოპერაცია. თავის დროზე ნოსირელ კაცს გადავურჩენივარ, ვინ იყო, არ ვიცი, მაგრამ ბაბუას ნაამბობიდან მახსოვს, ნოსირელი რომ იყოვო, უთქვამს ექიმს.

ის პატარა ბიჭი გამოდგა, დიფტერია რომ ჭირდა.

უტუია მოინალე

მოჯამაგირედ იდგა მეზობელ ქალთან. ამბობდნენ, გორიდან ჩამოიყვანეს, იქ ბაზრობაზე ტომრებს დაათრევდაო. ყველა უტუია მოინალეს ეძახდა, მოინალე მოჯამაგირეს ნიშნავს მეგრულად. ყველაფერს ის აკეთებდა და უვლიდა.

უსტვენდა რაღაც სასწაულად, კლასიკას უსტვენდა. რკინიგზის ლიანდაგებს მიჰყვებოდა ხოლმე ფეხშიშველი, სტვენა-სტვენით. ვიოლინო ჰქონდათ იმ ოჯახში, ვირტუოზი გახლდათ - კლასიკურ მელოდიებს უკრავდა.

ერთხელ დამიძახა და მითხრა, „უტუია“ დამიწერე ამ ვიოლინოზეო. ხატვის მასწავლებელს წავუღე და ლამაზად დავაწერინე ფანქრით, მერე გახურებული სადგისის წვერით ამოვწვი.

სახლის პატრონი რომ მოკვდა, გასვენებამდე იყო უტუია. მეორე დღეს გაუჩინარდა. ყველას უყვარდა და მოიკითხეს, მაგრამ ვერსად მიაკვლიეს.

50 წლის შემდეგ თბილისში, მშრალ ხიდზე ძველი ვიოლინო შევნიშნე და ფასით დავინტერესდი. საკმაოდ დიდი თანხა დამისახელეს. გამიკვირდა, სტრადივარიუსი ხომ არ არის, რა ამბავია-მეთქი.

ეგ უტუიას ნაქონი ვიოლინოა, ძალიან ძვირად ფასობსო, მიპასუხეს.

ბალამბო

თეიმურაზი ერქვა, მაგრამ ბალამბოს ეძახდნენ, თვითონაც ყველას და ყველაფერს „ბალამბოს“ ეძახდა და იმიტომ. ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ბებიაჩემი ძალიან თბილად ექცეოდა. ყოველ შაბათს უკეთებდა ღომს და ხარჩოს, წველა სულგუნს დაახვედრებდა, პერანგს გაურეცხავდა. რომ მოკვდა, მხოლოდ მაშინ, გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგით გავიგე, რომ ადრე ცნობილი ფარმაცევტი ყოფილა.

პატარა რომ ვიყავი, თურმე ენაზე რაღაც სტომატიტივით გამომსვლია. ვერაფრით მოგარჩინეთ, არ ჭამდი, გაუთავებლად ტიროდი, გადადებული იყავიო, ბებიამ მითხრა.

მოსულა თეიმურაზი, მე ვიცი მაგის წამალიო. დიდი არხი იყო სოფელში, იქ ეგულებოდა, თურმე, სამკურნალო ბალახი. ზამთარი იყო. შესულა გაყინულ წყალში, ჩაუყვინთავს და ისე ამოუტანია. მე კი მომარჩინა, მაგრა თავად გახდა ავად, ტვინის ანთება დაემართა.

რა ერქვა იმ ბალახს-მეთქი, ბებიას ვკითხე.

რა ვიცი, შვილო, თავიდან არ მიკითხავს და მერე, კი იცი, ყველაფერს „ბალამბოს“ ეძახდაო.

წინუყურე

კლასელი იყო, მშობლები არ ჰყავდა და მამიდა ზრდიდა. ტანად ძალიან პატარას უზარმაზარი ძალა ჰქონდა, ერთხელ, მეხუთეკლასელმა, მეცხრეკლასელს სცემა და ძლივს გავაშველე. ჩვენი კლასელი შეუყვარდა. უკან იჯდა ის გოგო და ესეც მუდმივად მისკენ იხედებოდა, მასწავლებლები არ აცლიდნენ - „წინ უყურეო“ - შესძახებდნენ ხოლმე. ასე დაერქვა „წინიყურე“.

არ გაჰყვა ის გოგო, სხვაზე გათხოვდა. ეს კარგა ხანი რუსეთში იყო გადაკარგული. წლების მერე ჩამოვიდა, ჩვენი თანაკლასელი გოგო უკვე საკუთარ სახინკლეში მუშაობდა. ყოველდღე იქ მიდიოდა, თავისი, ამოჩემებული მაგიდაც კი ჰქონდა. ლარნაკი მიიტანა, ყვავილები ჩააწყო...

დაჯდებოდა და იქაც ზურგსუკან უყურებდა ამ ქალს, როგორც სკოლაში იყო მიჩვეული...

ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია

კოჭლი მეისრე

კოჭლი ჯვებე რკინიგზაზე მეისრედ მუშაობდა. თავის მეტსახელს ისე იყო შეჩვეული, გაცნობისას ხელს რომ ჩამოართმევდი, კოჭლი ჯვებე ვარო, გეტყოდა.

ერთხელ რკინიგზაზე ავარია მოხდა. სადგურის მორიგემ ისარი არასწორად გადასწია და ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. მსხვერპლი არ იყო, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი „ჩაიკით“, სამ საათში, თბილისიდან ჩამოვიდა. ახალგაზრდა ბიჭი იყო სადგურის მორიგე, შეეცოდა ჯვებეს და საკუთარ თავზე აიღო დანაშაული - მე გადავწიე ისარიო.

ციხეში ჩასვეს. მგონი იქვე მოკვდა. ზუსტად არ ვიცი, მისი ამბავი აქ არავის ახსოვს. მაშინ ისიც ითქვა, ჯვებეს იმ მეისრის დედა უყვარდა, მაგრამ ომიდან დაბრუნებამდე გაუთხოვდაო...
ვინ იცის...

კარლოია მაკასინა

სულ სასაფლაოზე დადიოდა. შეყვარებულის საფლავს უვლიდა, ყოველდღე აკითხავდა.

ოდესღაც მოსკოვის ცნობილ ატელიეში მუშაობდა ფეხსაცმელების მკერავად და კაი ფულსაც შოულობდა. ჩვენს სოფელში ყველას მისი შეკერილი „მაკასინები“ ეცვა. „მაკასინაც“ ამიტომ დაარქვეს. ბოლო დროს ძალიან გაუბედურდა. ფულს არ უხდიდნენ, 100 გრამ არაყს თუ დაალევინებდა ვინმე.

ნისიების ორი რვეული ჰქონდა, ჯვრიანი და უჯვრო. უჯვროში ცოცხალი ხალხი ეწერა, მოკვდებოდა ვინმე, გადაუსვამდა ხაზს და ჯვრიან რვეულში გადაწერდა.

იმ გოგოს საფლავზე მოკვდა, მეორე დღეს იპოვეს.

ლეილა მასწავლებელი

ლეილა ჩემი სოფლიდან არ იყო, მაგრამ არც ძალიან შორს ცხოვრობდა. ვიცნობდი, მასაც და იმ ბიჭსაც...

დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. რომ აირია ცხოვრება, თურქეთში წავიდა სამუშაოდ. იქ ერთი ობოლი ბავშვი ჩააბარეს გასაზრდელად. მშობლები დაღუპვოდა და მხოლოდ ბებია და ბაბუა ჰყავდა. თვეში 500 დოლარს აძლევდნენ ამ ბავშვის გაზრდაში. არ ეხარჯებოდა ლეილას ფული და 17 წლის განმავლობაში კარგა გვარიანი თანხა დააგროვა.

ბიჭს ქართული ასწავლა. მარტო ენა კი არა, ლიტერატურაც. ჩვეულებრივი ქართველი იყო, ვერ გაარჩევდი.

მარტოხელა იყო ლეილა, არავინ ჰყავდა და მოულოდნელად მისი ნათლული ბავშვი გახდა ავად. ლეიკოზის დიაგნოზი დაუსვეს. ისრაელში სჭირდებოდა მკურნალობა. დიდი ფული იყო საჭირო. ჩემი გაზრდილი ბიჭი ჩამოიტანს ჩემს დანაზოგსო, თქვა, მაგრამ ამ ამბიდან მალევე მოკვდა და აღარც ის ბიჭი გამოჩენილა. ყველას დაავიწყდა ეს ამბავი.

ორი წლის მერე, გაიხედეს, და მართლა მოიტანა ფული. თურმე, რაღაც შარში გახვეულა და ციხეში მჯდარა მთელი ეს პერიოდი.

ბავშვს დიდი ვალის ხარჯზე უმკურნალეს, ლეილას დანაზოგმა ოჯახს სულზე მოუსწრო...

პარმენა ფოსტალიონი

პარმენა ცხენით დადიოდა და ძაღლიც თან დასდევდა. ცხენის სახელი არ მახსოვს, ძაღლს კი პამპარა ერქვა. თვეში ერთხელ ბაბუასთან პენსია მოჰქონდა. ამ პენსიიდან მანეთი მე მერგებოდა, მაშინ მანეთი კარგი ფული იყო.

ბაბუა რომ გარდაიცვალა, პარმენმა დამიძახა და მითხრა, ბაბუაშენმა ერთი თვის პენსია მე დამიტოვა და ასე დამიბარა - სანამ ამოიწურება, ყოველთვე მანეთი უნდა მოგცეო...

ბავშვი ვიყავი და დავიჯერე. მართლა კარგა ხანს მაძლევდა მანეთიანებს.

მსხალი გვედგა ეზოში. ეს მსხალი უყვარდა პარმენას. რომ დამწიფდებოდა, ყოველდღე აკითხავდა ხოლმე. შემოვიდოდა ცხენზე ამხედრებული, მიწვდებოდა ტოტს და კრეფდა.

პარმენას გარდაცვალების მეორე დღეს ცხენი და ძაღლი ისევ მოადგნენ ჩვენს ეზოს. ჭიშკარი გავუღე.

შემოვიდა ცხენი და მსხლის ქვეშ გაჩერდა...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG