Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ათასი მშენებარე ობიექტი და მასობრივი დარღვევები


თბილისში 4 ათასი მშენებარე ობიექტია. სახელმწიფო მაკონტროლებელი სტრუქტურები თანხმდებიან, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება ძალიან ცუდია. მათ ახალი რეგულაციების იმედი აქვთ, რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონში 2018-2019 წლებში შევიდა.

ამჯერად ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე. ასევე ვალდებულია დამსაქმებელი ჰყავდეს ერთი ან მეტი შრომის უსაფრთხოების თანამშრომელი ან შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური.

ჯერ ვაძლევთ გაფრთხილებას, შემდეგ ვაჯარიმებთ და თუ დავინახავთ, რომ ჯარიმის (30 ათასი ლარი) გადახდა უფრო უღირთ, ვიდრე უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მშენებლობას ვაჩერებთ.
ბექა ფერაძე

ეს ცვლილებები ბიზნესის შესაძლებლობების ადეკვატური არ არის - ასეთი პოზიცია აქვს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს. „შესაძლოა აღსრულების კუთხით პრობლემები შეიქმნას“, - ამბობს ის. მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, უსაფრთხოების პირობების დაცვა აუცილებელია, შრომის ინსპექციის უფლება შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე, გამართლებული არ არის.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით კი, კიდევ 26 ტექნიკური რეგლამენტი არის მისაღები იმისთვის, რომ კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდეს.

შრომის ინსპექციის მონაცემებით, ძირითადი დარღვევა არის ის, რომ ხარაჩოები კუსტარულია; სამუშაო პლატფორმა, რომლის სიგანე არანაკლებ 80 სმ უნდა იყოს, სტანდარტს არ აკმაყოფილებს; არ არის მოაჯირები; ამასთან, კომპანიები ხშირად იყენებენ იაფ და არაკვალიფიციურ მუშახელს, მაშინ როცა სპეციალისტები, რომელთაც სათანადო კურსები გაიარეს, დაუსაქმებლები რჩებიან.

„ჯერ ვაძლევთ გაფრთხილებას, შემდეგ ვაჯარიმებთ და თუ დავინახავთ, რომ ჯარიმის (30 ათასი ლარი) გადახდა უფრო უღირთ, ვიდრე უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მშენებლობას ვაჩერებთ“, - ამბობს ბექა ფერაძე.

სამი უწყებაა პასუხიმსგებელი, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ჯოხი მაინც დასაქმებულზე ტყდება, რომელმაც ვითომდა არ დაიხურა ჩაფხუტი.
ირაკლი პეტრიაშვილი

მისივე თქმით, ობიექტებზე არსებული დარღვევების გამო ძირითადად სწორედ მშენებლობის შეჩერება უწევთ ხოლმე.

„ჩაფხუტის გამო არავინ ჯარიმდება. როცა 30-ათასიან ჯარიმას ვუფარდებთ, ყველა შემთხვევაში ობიექტი არ არის მოწესრიგებული. არც გვეწინააღმდეგებიან. ათიდან ერთი თუ ასაჩივრებს ჯარიმას“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ დღეს არსებული მაკონტროლებელი ორგანოები სხვადასხვა სტრუქტურებშია, რაც მათ მუშაობას აფერხებს.

„მარგალიტებივით არ უნდა იყოს გაბნეული შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში... სამი უწყებაა პასუხიმსგებელი, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ჯოხი მაინც დასაქმებულზე ტყდება, რომელმაც ვითომდა არ დაიხურა ჩაფხუტი“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისში 200-მდე სამშენებლო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG