Accessibility links

ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - იკოთელი ქალი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა


საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - ასეთ შეფასებას აძლევენ თბილისში ახალგორელი ქალის გარდაცვალებას. ის ე.წ. გამშვები პუნქტიდან თბილისისკენ არ გამოუშვეს და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინსულტის ნიშნებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არც ერგნეთიდან გადმოიყვანეს. ეს ინფორმაცია ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას გამშვები პუნქტის გასახსნელად ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

სოფელ იკოთში მარგო მარტიაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. შვილები და ნათესავები თბილისში არიან. მარტიაშვილები რაიონს ვერ ტოვებდნენ, რადგან დაღუპული შვილის საფლავს უვლიდნენ. ნათესავები და შვილები მათთან ხშირად დადიოდნენ, მაგრამ 4 სექტემბრის შემდეგ, გზის ჩაკეტვის გამო, ამას ვეღარ ახერხებდნენ. მარგო მარტიაშვილის მდგომარეობა კვირას დამძიმდა. ახალგორის ადმინისტრაციაში ოჯახს პაციენტის თბილისში გადაყვანაზე და გამშვები პუნქტის გახსნაზე უარი უთხრეს. რეანომობილს ცხინვალიდან საათ-ნახევარზე მეტხანს ელოდნენ, შემდეგ რთული გზა გაიარეს და პაციენტი უკვე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორი-ცხინვალის გზა იმდენად რთულ რელიეფზე გადის, რომ ჯანმრთელ ადამიანებსაც უჭირთ გადაადგილება.

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ ოჯახმა პაციენტის თბილისში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა. მისი თქმით, დაბაში მძიმე ვითარებაა და საოკუპაციო რეჟიმს ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი.

ახალგორელები არ აინტერესებს არც ადგილობრივ და არც საქართველოს ხელისუფლებას - ასეთ დასკვნას აკეთებს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ისიც კი არ იცის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ქალი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტიაშვილი გზაში გარდაიცვალა, თუმცა ახალგორელები აცხადებენ, რომ ეს ცხინვალის საავადმყოფოში მოხდა. თამარ მეარაყიშვილის აზრით, ფორმალური განცხადებები დაბაში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნებია, ვითარებას ვერ ცვლის. ონკოლოგიური ავადმყოფები ქიმიო-თერაპიის კურსს ვეღარ გადიან, ქრონიკულ ავადმყოფებს კი წამლებს უკვე ვლადიკავკაზიდან უგზავნიან. გაძვირებულია პროდუქტები. მოხუცებს პენსია გაუთავდათ და მძიმე მდგომარეობაში არიან. რადგან თბილისის მიერ დანიშნული პენსია მათთვის ხელმიუწვდომელია. მეარაყიშვილი სვამს კითხვას, რატომ არ მიმართავს საქართველოს ხელისუფლება თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მძევლად აყვანილი მოსახლეობის დასახსნელად.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამბობს, რომ ყველა ფორმატს იყენებს ახალგორის პრობლემის მოსაგვარებლად. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად ბოლოს ის გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა ამის შესახებ. მინისტრი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს. საოკუპაციო რეჟიმს იგი ე.წ. გამშვები პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებს.

„დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგროც არერთხელ ამ დღეების განმავლობაში, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის .. გადასასვლელი, რადგან ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრებათ - მათ შორის მათი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით.

იქ ასევე დგას პროდუქტებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის საჭიროება, ოჯახებთან კავშირისა და .. ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია კიდეც თუნდაცწითელ ჯვართანდაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას აქედან მინდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ყოველდღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას და ამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნუ შეეშინდებათ, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, ან დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონით თუ რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“.

საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ. ამ საკითხებზე ერგნეთში გამართული 6 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG