Accessibility links

ოკუპაციის ფასი - ადამიანის სიცოცხლე


ოკუპაციის ფასი - ადამიანის სიცოცხლე
please wait

No media source currently available

0:00 0:23:05 0:00

ორი დღის წინ ახალგორის სოფელ ალევის მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.

ორი დღის წინ ახალგორის სოფელ ალევის მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ ყვება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯუმბერ მილაძეს ინსულტის გამო გაუუარესდა. პირველი სიმპტომების შემდეგ, ახალგორის საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ მალევე სახლში დააბრუნეს. მისი მდგომარეობა მძიმდებოდა. ამას COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც დაერთო: ახალგორში ხომ სულ ორი კლინიკააა - სამშობიარო და საავადმყოფო. სამშობიაროში თავიდანვე საკარანტინე ზონა მოაწყვეს, უკვე ორი კვირაა საავადმყოფოც საკარანტინე ზონად გადაკეთდა და ავადმყოფები სახლებში გაუშვეს. ჯუმბერ მილაძეს სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება აღარ მიეცა. გოგა აფციაური ყვება:

„ერთი კვირის წინ დამძიმდა. ცხინვალში წაიყვანეს. ხუთი დღე იქ მკურნალობდნენ და როცა უკიდურესად დამძიმდა, მაშინ გადაწყვიტა ბიბილოვის ხელისუფლებამ მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანის შესახებ“.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართვლოს არაოკუპირებულ ნაწილში მდებარე კლინიკაში გადაყვანის თხოვნით ჯუმბერ მილაძის ოჯახმა მანამდეც მიმართა დე ფაქტო ხელისუფლებას, სურდათ ახალგორიდან პირდაპირ თბილისში გადაეყვანათ ავადმყოფი, მაგრამ ამას დადებითი პასუხი არ მოჰყოლია. ამის ნაცვლად ჯუმბერ მილაძე ცხინვალში გადაიყვანეს - ინსულტიანი პაციენტი ხუთი საათი ამგზავრეს უღელტეხილებიან გზაზე:

„სამი მაღალი უღელტეხილი უნდა გადაევლო სასწრაფოს მანქანას ცხინვალამდე. კიდევ 5 დღე ოჯახს ბიუროკრატიასთან ჭიდილისთვის დასჭირდა და ბოლოს „წითელ ჯვარს“ მისცეს ნება ერგნეთიდან წამოყვანის. ერგნეთი-კარალეთის მონაკვეთზე გარდაიცვალა, გორში ცოცხალიც ვერ ჩამოიყვანეს“.

ახალგორში მიმოსვლა გასული წლის 4 სექტემბრიდან აიკრძალა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ბოლო რვა თვეში სულ რამდენჯერმე გაიხსნა პენსიონერებისთვის, რომლებმაც მთელი ზამთარი უპენსიოდა, იზოლაციაში გაატარეს და უკიდურესად მძიმე ავადმყოფებისთვის. გოგა აფციაური ყვება, რომ ადრე ახალგორიდან თბილისში პაციენტის გადმოყვანის სხვა პრაქტიკა იყო:

„მანამდე პრაქტიკა იყო ასეთი - ახალგორის საავადმყოფოს ერთ ექიმსაც კი შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ და ეთქვა, რომ ის წასაყვანია თბილისში. ამის მერე ოჯახი მიმართავდა ადგილობრივ ადმინისტრაციას და ერთი იქაური გამგებლის ან მოადგილის წერილი, მანქანის ნომრის მითითებით საკმარისი იყო, რომ რაზდახანის/მოსაბრუნის პუნქტზე რუსეთის მესაზღვრეებს გაეხსნათ ე.წ. საზღვარი პაციენტისთვის.

ახლა ბიუროკრატია გართულდა. არათუ ახალგორის საავადმყოფოს ექიმზე არ არის დამოკიდებული, არამედ ცხინვალში კონსილიუმი უნდა შეიკრივბოს, მერე ახალგორის ადმინსიტრაციამ უნდა გასცეს ნებართვა, რომ პაციენტი ცხინვალში გადაიყვანონ, იქაურმა ექიმებმაც უნდა მისცენ ნებართვა და მერე მიმართონ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ თბილისში წაყვანის ნებართვა მიიღონ. იწყება ჭიდილი, იწერება ნებართვა, შემდეგ „წითელი ჯვარი“ ერთვება საქმეში. მას მოჰყავს ერგნეთამდე ავადმყოფი. აქეთა მხრიდან საქართველოს „წითელი ჯვარი“ ხვდება. აი, ამხელა პროცედურა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ მოხვდეს თბილისის კლინიკაში“.

გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ ყვება, რომ ამ საკითხზე ტელეფონით ესაუბრა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურს, დიმიტრი სანაკოევს, რომელიც თბილისში ცხოვრობს:

„ეს ადმინისტრაციაც გარკვეულწილად არის ხოლმე ჩართული ავადმყოფებისა თუ მათი ოჯახის წევრების მოვლა-პატრონობაში, როცა უკვე ისინი თბილისში ხვდებიან. მან თქვა, რომ არა მარტო ქართველებს, ეთნიკურ ოსებსაც ექმნებათ პრობლემები და თუ ბიბილოვის ადმინისტრაციაში ვინმეს ნათესავი არ ჰყავს და „პო ბლატუ“ [ჩაწყობით - რ.თ.] თუ არ გააკეთა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის ნებართვა, ე.წ. „რიგითი მოკვდავები“ ნაკლებად თუ მიიღებენო“.

„დილის საუბრების“ სტუმარი შენიშნავს, რომ ბოლო პერიოდში კომუნიკაცია უფრო მეტად ცხინვალის მიმართულებით გართულდა, ვიდრე სოხუმის. გოგა აფციაური იხსენებს, რომ 2008 წლის ომამდე პირიქით იყო - ცხინვალი მეტად გახსნილი იყო, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აძლევდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. ახლა კი ვითარება შეიცვალა. მეტიც, საქართველოს ტერიტორიაზეკორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენისთანავე, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ითხოვა ტექნიკური შეხვედრა, რომელშიც საქართელოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პირველი საერთაშორისო დახმარებაც მალე მიიღეს - როგორც სამედიცინო აღჭურვილობის, ისე ტექნიკური დახმარების სახით.

ცხინვალის რეჟიმი კი დღემდე კატეგორიულ უარზეა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან მიიღოს დახმარება და მოთხოვნად აყენებს ტვირთის რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეტანას.

„დილის საუბრებში“ მსმენელის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, გოგა აფციაური მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ოკუპაციისა თემის პრიორიტიზაციის ხარისხსაც შეეხო და თქვა, რომ ნაკლებად მოელის ოკუპაცია საარჩევნო საკითხად იქცეს, რადგან პოლიტიკოსებს ნებისმიერი მხრიდან ნაკლებად თუ რამე აქვთ სათქმელი ამომრჩევლისთვის. ამის მაგალითად ეს ფაქტიც მოჰყავს:

„ბიძინა ივანიშვილი არასდროს ჩასულა გამყოფ ხაზთან. პრეზიდენტი ერთადერთხელ იყო ატოცში, საპრეზიდენტო მარათონის დროს.

ამ თემით პოლიტიკოსები მაინცდამაინც არ აქტიურობენ ხოლმე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG