Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული გალის რაიონიდან პაციენტების მიმართვიანობა იზრდება


გალი
გალი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაუხსნა გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს. ისინი სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამეგრელოს რეგიონში გადადიან.

1 აპრილის საღამოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტია. მათგან ექვსი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან.

29 მარტის შემდეგ, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან შვიდმა პაციენტმა მიმართა წალენჯიხის და ზუგდიდის საავადმყოფოებს. მათგან ერთი, შუახნის ქალი, რომელიც წალენჯიხის საავადმყოფოში 31 მარტს ღამით მოათავსეს, კლინიკიდან დღეს, 1 აპრილს გაწერეს. „ევექსის კლინიკების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პაციენტს COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, თუმცა, შემდგომი დაკვირვების მიზნით კარანტინში გადაიყვანეს.

1 აპრილის საღამოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტია. მათგან ექვსი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ოთხი პაციენტი ერთი ოჯახის წევრია - 2 მცირეწლოვანი ბავშვი და მშობლები. მათ ვირუსული ინფექციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა, ექიმების შეფასებით, COVID-19-ზე ტესტირება არ დასჭირდათ. ოჯახის ოთხივე წევრს საავადმყოფოდან უახლოეს ხანში გაწერენ.

მკურნალობას განაგრძობს COVID-19-ით დაავადებული 50 წლის ქალი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ის რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს, დილით დაბრუნდა, იმავე ღამით კი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისის „ლუგარის ლაბორატორიიდან“ ტესტირების შედეგს ელოდება საბერიოს მკვიდრი, შუახნის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 31 მარტს მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მას კონტაქტი არ ჰქონია გალელ ქალთან, რომელსაც კორონავირუსით დაავადება 30 მარტს დაუდასტურდა.

ამ პაციენტსაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. 50 წლის ქალიც გალის რაიონის სოფელ საბერიოდანაა. ის რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს, დილით დაბრუნდა, იმავე ღამით კი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასთან კონტაქტში მყოფი 7 მოქალაქე გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში 31 მარტს გვიან ღამით გადაიყვანეს და ანაკლიაში მდებარე საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს COVID-19-ით ინფიცირებული 67 წლის მამაკაციც. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის მცხოვრებია და თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საჭიროების შემთხვევაში, COVID-19-ით დაავადებული პაციენტების, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებთა მისაღებად ამზადებენ ოკუპირებულ რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ რუხში ახლადაშენებულ სამედიცინო ცებტრსაც.

XS
SM
MD
LG