Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე სოფელი ხურჩა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს


ოკუპირებული გალის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩის მცხოვრებლები მთავრობისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ. მათი თქმით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთ გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ ვიდრე სხვა სოფლებშია. მაგალითისთვის 71 წლის ლეილა ეხვაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში პირუტყვის ხშირ დაკარგვას ასახელებს. მისი სიტყვებით, მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი გადადის ოკუპირებულ სოფელში, რომელიც ხურჩიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. საქონელი პატარა ღელეს გადაკვეთს და უკვე სოფელ ნაბაკევშია, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.

ლეილა ეხვაიას თქმით, არაერთხელ ყოფილა ასეთი შემთხვევა თუმცა მანამდე ამას რუს სამხედროებთან „მეგობრული დიალოგით და ნაცნობობით აგვარებდნენ“. არ იცის ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება თუ არა. მას 15 ძროხიდან ახლა ორი დარჩა. ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა სულ ცოტა 10 ოჯახს აწუხებს, ის ვინც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.

ხურჩელებს ბევრი სხვა პრობლემაც აწუხებთ. მათ შორის უმთავრესად ასახელებენ, იმას, რომ სოფელს არ აქვს ამბულატორია სადაც პირველადი სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებენ.

წერილი გაგზავნილი გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროში მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიგვიღია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხურჩელმა ნონა ბუკიამ.


ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას ქალთა საინიციატივო ჯგუფები ცდილობენ. ფონდ „სოხუმის“ დახმარებით მათ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს.

დღესაც საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში მდებარე ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ მოსაზღვრე სოფლების, ორსანტიის, დიდინეძის და კოკი-ხურჩის თემის აქტიური ქალები. გარკვეული შედეგი უკვე აქვთ. მაგალითად, თუ ადრე მუნიციპალური ტრანსპორტი ხურჩას კვირაში ორჯერ ემსახურებოდა, ახლა მოსახლეობის თხოვნით, ზუგდიდის მერიამ კვირა დღეს ახალი რეისი დანიშნა და უახლოეს დღეებში ამუშავდება.

„მოვაგვარეთ წისქვილის პრობლემაც, რომელიც სოფელს არ ჰქონდა. წისქვილი, რომელიც ხურჩის თემშია უკვე ამუშავდა. რაც შეეხება ამბულატორიას, ის 2019 წლის პროექტშია შეტანილი. მომავალ წელს თუ სადმე გაკეთდება ამბულატორია, ეს იქნება სოფელი ხურჩა“, - აღნიშნა კოკი-ხურჩის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირუზა კაკავამ. პირუტყვის მიერ საოკუპაციო ხაზის კვეთის საკითხზე კი დასძინა, რომ ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერია უძლურია.

ქალთა ორგანიზაცია „სოხუმის“ წარმომადგენლის ხათუნა გოგუას განცხადებით, შეხვედრების მიზანია კონფლიქტების ადრეული პრევენცია გენდერული ასპექტების გათვალისწინებით. მისი სიტყვებით, ხშირად კრიზისულ სიტუაციებს ქმნის საზოგადოებაში მოუგვარებელი სოციალური პრობლემები. სწორედ ამიტომ ფონდი ცდილობს, თვითმმართველობის და აქტიური ქალების ჩართულობით მათ მოგვარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG