Accessibility links

ოლიგარქიული ფული და პოლიტიკური ძალაუფლება


როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ქონება, ფული ქვეყანაში, რომელიც არც სტაბილურია და ვერც კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს? ეს რთული ამოცანაა - მით უმეტეს ადამიანისათვის, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს. ზოგი გამოსავალს ეძებს - და ხშირად პოულობს კიდეც - პოლიტიკასთან მჭიდროდ დაკავშირებაში. ასე მოხდა,მაგალითად, უკრაინაში, სადაც 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

ოლიგარქიული ფული და პოლიტიკური ძალაუფლება
please wait

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

"ოლიგარქი - ეს არის მდიდარი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას ხელისუფლებაზე... ჩვენ გვყავს რამდენიმე მილიარდერი, რომელთაგან, პრაქტიკულად, ყველა ოლიგარქია", - განმარტავს ევჰენ მაგდა, უკრაინელი პოლიტოლოგი.

მიუხედავად იმისა, რამდენად კანონიერი თუ უკანონო გზებით გამდიდრდნენ, ან რამდენად კეთილი თუ საშიში ზრახვები ამოძრავებთ, ოლიგარქებს, - უკრაინის შემთხვევაში, - როგორც წესი, ეკუთვნით ქონება მრეწველობის სფეროში, ფლობენ გავლენიან მედიასაშუალებებს, მათ შორის ყველაზე პოპულარულ ტელეარხებს, ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები თუ ინტერესების დამცველები ქვეყნის პარლამენტში.

ამ თვალსაზრისით, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოლიგარქის კლასიკური მაგალითია.

მას ეკუთვნის რამდენიმე საკონდიტრო ფაბრიკა ოთხ ქვეყანაში, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო საწარმოები, რამდენიმე ტელე-რადიოკომპანია, ხოლო ვერხოვნა რადაში უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს ჰყავს საკუთარი პოლიტიკური საყრდენი ოფიციალური სახელწოდებით - პეტრო პოროშენკოს ბლოკი "სოლიდარობა".

„ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა არასოდეს ყოფილა ახალი პოლიტიკური ელიტა. ეს არის იგივე ხალხი, - შესაძლოა, ახალი სახეები დაემატა, - ხალხი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს არსებული სისტემა“, - აცხადებს ალექსანდრა დრიკი, „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტის" თავმჯდომარე.

გამოცემა "ფორბსის" მილიარდერთა სიაში 2019 წელს მოხვდა 7 უკრაინელი - მათგან სამი მიჩნეულია ძლიერი პოლიტიკური გავლენის მქონედ.

ერთ-ერთი მათგანი, იგორ კოლომოისკი, როგორც უკრაინული მედია წერს, თავისი ტელევიზიით, იურისტებით, დაცვის თანამშრომლებითა და სატრანსპორტო საშუალებებითაც კი უწევდა დახმარებას საპრეზიდენტო კამპანიის დროს შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის, რომელიც გასულ წელს შვეიცარიაში რამდენჯერმე იმყოფებოდა, სავარუდოდ, უკრაინის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან შესახვედრად.

ცხადია, უკრაინა არ არის გამონაკლისი, სადაც პოლიტიკური და ეკონომიკური მართვის სადავეები ოლიგარქების ხელში აღმოჩნდა. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, რომლის ზოგ თავისებურებაზე პროგრამაში მოგვიანებით გვექნება საუბარი.

მოლდოვაში პოლიტიკურ პროცესებზე მრავალი წელი ახდენს გავლენას ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი, რომლის პარტია "დემოკრატიული პარტია" ბოლო სპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უჭირავს, მიჩნეულია, რომ სწორედ მოლდოველი ოლიგარქი აკონტროლებს მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ხელისუფლების ყველა შტოს.

"ოლიგარქიული რეჟიმი შლის საზღვრებს ხელისუფლების შტოებს შორის. ანუ მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს პოლიტიკური მოსაზრებებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სინამდვილეში დიდი ხნის წინ შეწყდა, რეფორმები მოჩვენებით ხასიათს ატარებს, დეკლარაციულად და ფორმალურად ტარდება, ხოლო ის დიდი იმედები, რასაც დემოკრატებზე ვამყარებდით 2009 წლის შემდეგ, მოლდავეთის ევროპული გზის სულ მთლად დასაწყისში, დიდი იმედგაცრუებით დამთავრდა", - ამბობს რადუ ბენია, რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი.

ტრადიციული პოლიტიკური ძალებით იმედგაცრუებამ ჩეხეთში ძალაუფლებისკენ გზა გაუხსნა ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ანდრეი ბაბიშს. მისი პარტია „ანო“ 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა და ჩეხი მილიარდერი პრემიერ-მინისტრი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთი ეკონომიკურ აღმავლობას განიცდის, ქვეყანაში ძლიერდება ანტისამთავრობო განწყობა. რამდენჯერმე გაიმართა საპროტესტო აქციები ევროკავშირის სუბსიდიების თაღლითური გზით მითვისების გამო, რაშიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის კუთვნილი კომპანია "აგროფერტი" მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG