Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ სიას რომ შევხედოთ, ძირითადი ნაწილი არის მოსამართლე, ისევ სისტემის შიგნიდან"


ოლიკო შერმადინი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი
ოლიკო შერმადინი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი

“რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს არც ერთი წელი არ გვქონია”, - ამბობს „დილის საუბრებში“ ოლიკო შერმადინი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი. ის თვლის, რომ სასამართლოს მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებას წლები სჭირდება:

„სასამართლოს რეპუტაცია წლების განმავლობაში შენდება - იმით, რასაც სასამართლო აკეთებს საკუთარი გადაწყვეტილებებით. წელი წელს ემატება და მყარდება ნდობა სასამართლოს მიმართ. ჩვენ გვქონდა კორუმპირებული სასამართლო შევარდნაძის პერიოდში, შემდეგ 2012 წლამდე სასამართლოს ყველა აკრიტიკებდა და დღეს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებიც აღიარებენ ამას, რომ სასამართლო მათ ხელში იყო იარაღი. დღეს ამის პარალელურად გვესმის „ოცნების“ რიტორიკა, რომ ის მოსამართლეები, ვინც წარსულში მორჩილად ექვემდებარებოდნენ ზეგავლენას, დღეს კარგ საქმეებს აკეთებენ.

თუ მათ მოლოდინი აქვთ, რომ ამას ხალხი დაიჯერებს, აცდენილი არიან რეალობას. რა დაავიწყებს ლევან მურუსიძეს საზოგადოებას? თეა წულუკიანის 2013 წლის ინტერვიუები რომ გავიხსენოთ, პირდაპირ სახელებით და გვარებით ამბობს ამ მოსამართლეებზე - ისინი თუ არ წავლენ სისტემიდან, მას არაფერი ეშველებაო“.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიას, რომელიც 1 ივნისს გამოქვეყნდა იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს ვებსაიტზე, ოლიკო შერმადინი მის სტრუქტურას ასე აღწერს:

„ამ სიას რომ შევხედოთ, ძირითადი ნაწილი არის მოსამართლე, ისევ სისტემის შიგნიდან. მათ შორის არიან როგორც პირველი ინსტანციის მოსამართლეები, ასევე მეორე ინსტანციის მოსამართლეები და ყოფილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც. ზოგს რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, არიან შედარებით გამოცდილი მოსამართლეებიც. არის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელიც ახლახან უვადოდ დაინიშნა მეორე ინსტანციაში, მაგრამ, როგორც ჩანს, სურს უზენაესში დაბრუნება. სიაში არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. არიან სისტემის გარედან დარეგისტრირებული კადრები. მათი რაოდენობა ბევრი არ არის. საზოგადოებისთვის ცნობილმა ძალიან ბევრმა იურისტმა, რომელსაც აქვს კარგი რეპუტაცია, გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა კონკურსში, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს მოლოდინი, რომ ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ამ შემადგენლობით ჩაატარებს ობიექტურ, სამართლიან კონკურსს და ნამდვილად ყველაზე ღირსეულ კანდიდატებს შეარჩევს“.

ოლიკო შერმადინი თავისთავად კანდიდატების სიმრავლეს დადებითად აფასებს, თუმცა, ერთ ეჭვსაც გვიზიარებს:

„ჩვენ თუ ვლაპარაკობთ რეალურად სამართლიან პროცესზე, საერთაშორისო სტანდარტების პროცესზე, ეს დღეს კანონმდებლობის შესაბამისად არ გვაქვს და პრაქტიკაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამდენია რეალური კანდიდატი. საბჭოს საქმიანობას ვაკვირდებით მეშვიდე წელია უკვე. ბევრჯერ შეგვინიშნავს ის, რომ, როცა, მაგალითად, რომელიმე სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნა სურდათ, კიდევ ერთ-ორ კანდიდატს მოაყოლებენ ხოლმე, რომლებიც არარეალური კანდიდატები იყვნენ, არანაირი გამოცდილება იმ სფეროში არ ჰქონდათ. საბჭოს სურდა შეექმნა კონკურსის ილუზია და ეთქვა, რომ, აი, ამ სამს შორის ეს იყო საუკეთესოო. ამიტომ, არც ის გამოვრიცხოთ, რომ ბევრმა იმიტომ შეიტანა განცხადება, რომ სია მრავალრიცხოვანი გამოჩნდეს, რომელშიც როგორ შეიძლება ვერ აარჩიო ღირსეული ოცი კანდიდატი? ამას პროცესი გვაჩვენებს, როცა დეტალურად შევისწავლით“.

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ მსურველთა სახელები და გვარები:

„ეს 144 ადამიანი არის მხოლოდ სახელები და გვარები. ისიც არ ვიცით, ზოგი რომ გვეცნობა, ნამდვილად ის არის, თუ არა. საბჭომ უახლოეს დღეებში უნდა გამოაქვეყნოს კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემები. ამის შემდეგ დავიწყებთ კანდიდატების ინდივიდუალურ შესწავლას. 144 ადამიანი დავა 50-კაციან სიამდე. მათ როგორ შეარჩევს საბჭო სულ რამდენიმე დღეში?..“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ის ჯგუფი, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობს და მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აპირებენ მაქსიმალურად მოიპოვონ ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებზე.

ოლიკო შერმადინი არასაკმარისად თვლის კანონით განსაზღვრულ ვადებს იმისთვის, რომ მოსამართლეობის მსურველების და შემდეგ უკვე კანდიდატების სრულფასოვნად შესწავლა მოხერხდეს:

„კანონით მოცემული ვადები არის ძალიან მცირე იმისთვის, რომ შემოწმების პროცესი იყოს საფუძვლიანი. 10 სამუშაო დღე 50 კანდიდატის შესწავლისთვის. სხვა ქვეყანაში შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს ერთი კანდიდატის შესწავლას. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როცა მოსამართლე უვადოდ დანიშნა საბჭომ და მერე აღმოაჩინა, უი, ეს მოსამართლე თურმე ჰომოფობი ყოფილაო. აღმოჩნდა, რომ რაღაცები დაუწერია ფეისბუკზე“.

50 კანდიდატის შერჩევის შემდეგ, თითოეულთან გასაუბრება იქნება საჯარო:

„იმედი გვაქვს, საბჭო ადეკვატურად განმარტავს კანონს და ტელევიზიებს დაუშვებს, რადგან საბჭოს ტექნიკა ვერ იძლევა ხარისხიანად გადაღების საშუალებას“.

მოგვიანებით პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა ოცკაციანი სიის შესასწავლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ოლიკო შერმადინის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტში არასაკმარისად არის გაწერილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა. ის ასევე შიშობს, რომ პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დასვენების სეზონს დაამთხვევს და საზოგადოების ყურადღება მის მიმართ არასაკმარისი იქნება:

„ეს ყველაფერი, დროები რომ გადავთვალოთ, ემთხვევა აგვისტოს. ამ სეზონზე საზოგადოება არ არის მობილიზებული. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი დასვენების სეზონს ემთხვევა. ბუნებრივად იქნება მოდუნებული საზოგადოების ყურადღება. პარლამენტს შეუძლია დიდხანს გააგრძელოს პროცესი და თითოეულ კანდიდატს ჩაუღრმავდეს“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG