Accessibility links

ოლიმპიური თამაშები არაოლიმპიურ წელს? - ასეთი რამე არასოდეს მომხდარა


ოთხმოცწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ხდება, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტრადიციული ოთხწლიანი ციკლი ირღვევა. 1940 და 1944 წლებში, მეორე მსოფლიო ომის გამო ოლიმპიადა საერთოდ ჩაიშალა. ამჯერად კი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა და ტოკიო 2020 კი არ უქმდება, არამედ ერთი წლით გადაიდება.

იაპონიის მთავრობამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გასამართი ოლიმპიური თამაშების გადადების თაობაზე საბოლოო შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს და იმაზეც მოილაპარაკეს, რომ, შეცვლილი თარიღის მიუხედავად, თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პალარიმპური თამაშები ტოკიო-2020”.

იაპონია გადადებულ ოლიმპიადას, დიდი ალბათობით, მომავალი წლის ზაფხულში უმასპინძლებს, თუმცა ბევრ ფიქრობს, რომ თამაშების ჩატარება შესაძლოა წლეულსაც მოესწროს, შემოდგომის მეორე ნახევარში. ამ შემთხვევაში აღარ დაირღვევა „ოლიმპიური ქარტიის“ ერთ-ერთი პუნქტი და დასახელებაც არ იქნება საკამათო.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჟურნალისტ თენგიზ გაჩეჩილაძის, განცხადებით, თუ წლეულს თამაშები არ ჩატარდება, მაშინ, „ოლიმპიური ქარტიის“ თანახმად, ის შევა ისტორიაში, როგორც XXXII ოლიმპიადა, მაგრამ არშემდგარი. აქვე რამდენიმე ციტატა გაჩეჩილაძის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებული ვრცელი სტატუსიდან:

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს წაკითხული არ აქვს უმთავრესი სახელმძღვანელო დოკუმენტი - "ოლიმპიური ქარტია", რომლის შინაარსსაც თავის დროზე თვით პირერ დე კუბერტენმა დაუდო სათავე...

"ოლიმპიური ქარტია" იგივე კონსტიტუციაა, რომლის კორექტირება აუცილებელ რეგულაციებს ექვემდებარება...

თამაშები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში, ანუ ინომრება თანამედროვეობის პირველი თამაშებიდან - 1896 წლიდან, რაც, თავის მხრივ, არის ანტიკური ოლიმპიადების ტრადიციის ერთგულება და გაგრძელება. ქარტიაში არანაირ გამონაკლისებზე არაა მინიშნება. ის კი არა, ოლიმპიადების რიგითობის თანმიმდევრულობა დაცულ იქნა 1914 (VI), 1944 (XII) და 1944 (XIII) წლებში, როცა ომების გამო არ შედგა თამაშები. ოლიმპიური თამაშების არჩატარება იმ წელს, როდესაც, წესით, უნდა ჩატარებულიყო, იწვევს მასპინძელი ქალაქის უფლებების გაუქმებას“.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ახალ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, აპრილში მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG