Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომეგას“ საქმე - ბევრი კითხვა და ნაკლები პასუხი


„ომეგა ჯგუფის“ საქმეს კითხვის ნიშნები ემატება - -პასუხები კი ამ დრომდე ბუნდოვანია.

კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რომელიც ლონდონში იმყოფება, გეგმავს უჩივლოს ბიძინა ივანიშვილს. თანაც - საფრანგეთში, რომ მისივე სიტყვებით, „მთავარმა მძარცველმა“ ივანიშვილმა პასუხი აგოს სწორედ საფრანგეთის კანონდებლობით.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილს „ფულის გათეთრებისა და გამოძალვისთვის პასუხს აგებინებენ“.

პროკურატურა ისევ იბარებს ზაზა ოქუაშვილს, რომ მედიით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების თაობაზე გამოკითხოს. ამ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიებამ უკვე დაკითხა ამ ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, მათ შორის, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ოქუაშვილი რომ გამოკითხვაზე არ მივა, ეს მისმა მეუღლემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემაც დაუდასტურა მედიას - ზაზა ოქუაშვილი მოითხოვს ლონდონში დაიკითხოს. თუნდაც სკაიპის მეშვეობით.

ამასობაში, გახმაურებული აუდიო ჩანაწერების ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე, ლევან ყიფიანი, აპირებს უჩივლოს ზაზა ოქუაშვილს.

სპორტის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერები სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ზაზა ოქუაშვილთან შეთანხმებით ჩაწერა.

„რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდიდა უცხოელი პარტნიორებისგან, საქართველოში ბიუჯეტის ვალიც გადასახდელი ჰქონდა, ოქუაშვილმა მთხოვა, ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა, რომელიც, მისი თქმით, შიდა წარმოებისთვის სჭირდებოდა. ამით ის დაარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს თავის სიმართლეში, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლაც ავიწროვებდა და ამ გზით პრობლემას მოაგვარებდა“, - უთხრა ლევან ყიფიანმა მედიას.

სპორტის ყოფილმა მინისტრმა „სრული სიყალბე“ და „სამარცხვინო სიცრუე“ უწოდა ე.წ. სარდაფის ინციდენტსაც, რომლის თანახმად, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანზე ზეწოლას ახდენდა. ყიფიანის ვერსიას მმართველი გუნდიდან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ასე გამოეხმაურა: „ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის ვერსიას თავდაყირა აყენებს“.

ყიფიანის ვერსიამ ეჭვები გააჩინა არასამთავრობო სექტორშიც. რა მოხდება თუ გამოძიება სწორედ ამ ვერსიას მიიღებს მთავარ ვერსიად? - იკითხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ: „გამორიცხული არ არის, გამოძიებამ მხარი სწორედ ამ ვერსიას დაუჭიროს და თქვას, დიახ, არაფერი ყოფილა“.

აქვე გავიხსენოთ 10 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავდა. ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

ყველაფერი, რაც „ომეგას საქმის“ გარშემო ხდება შედეგია ქვეყანაში არაფორმალური მმართველობისა - ასე შეაფასა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ამბავი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ.

„არაფორმალური მმართველობის შედეგად სახელმწიფო ინსტიტურები კარგავენ ურთიერთკონტროლის და გაწონასწორების ფუნქციას, შესაძლებლობას, რომ ერთმა უწყებამ მეორე უწყების თანამშრომელზე ჩადენილი სამართალდარღვევაზე რეაგირება განახორციელოს ისე, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს. ჩვენ კი ვხედავთ კონსტიტუციის მიღმა დადებულ გარე შეთანხმებებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურს და ეს არის ძალიან დამაზიანებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“.

გიორგი მშვენიერაძის სიტყვებით, მმართველ გუნდში ერთ ადამიანსაც კი არ გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ აქვს პრობლემა რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტს. მათი ცალსახა პოზიციაა, რომ ყველაფერი, რაც „ომეგას საქმე“ აერთიანებს, გამოგონილია. და გამოძიებაც, ამბობს მშვენიერაძე, უკვე ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ვერსია, რომელიც მმართველი გუნდის პოლიტიკური მესიჯის სამართლებრივი გადათარგმნა იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG