Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომსკიდან პუტინს: ნუ მოგვილოცავთ ახალ წელს, ვიძაბებით


ომსკის ოლქის სოფლების დეპუტატები თხოვნით მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს - რეგიონის მოსახლეობას აღარ მიულოცოს ახალი წელი 31 დეკემბრის 23:55 საათზე. მოთხოვნები მათ გაახმაურეს ომსკის ცენტრში, თითო კაციანი აქციების დროს. ამ ინფორმაციას Сибирь.Реалии.-ის კორესპონდენტი ავრცელებს.

აქციების მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ სახელმწიფოს მეთაურის წინასაახალწლო გამოსვლები ვეღარ აღაფრთოვანებს რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს.

„როდესაც ის ახალ წელს გვილოცავს, ვიძაბებით და ვფიქრობთ: რა საჩუქრებს მიუძღვნის ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობას მომავალ წელს? და გადავრჩებით თუ არა ჩვენ, ამ საჩუქრების მიღების შემდეგ?“, - უთხრა გამოცემას სოფელ ზემო კარბუშის მკვიდრმა, ირინა დროზდოვამ.

ირინა დროზდოვა
ირინა დროზდოვა

ის ამბობს, რომ იდეა შვილმა მიაწოდა, რაც, თავის მხრივ, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარებით იყო ნაკარნახები - გოგონა არაერთხელ წააწყდა გამოქვეყნებულ მოსაზრებებს, რომ პუტინმა აღარ უნდა შეიწუხოს თავი ახალი წლის მილოცვით.

ამის შემდეგ, დროზდოვამ მოიფიქრა და დაამზადა პლაკატი წარწერით: „31 დეკემბერს, 23:55 საათზე მოლოცვა არ არის საჭირო. ჩვენ ისედაც შოკში ვართ თქვენი საჩუქრებისგან“.

ომსკის ცენტრში გამართულ აქციებში ჩაერთნენ სხვა დეპუტატებიც, რეგიონის სხვა რაიონებიდან. ტროიცკის დასახლების წარმომადგენელი ანტონ ნიკოლაევი აცხადებს, რომ პრეზიდენტისგან არაფრის მოსმენა აღარ უნდა, მის მიერ დამტკიცებული ბოლო რეფორმების გამო. მათ შორის - ლაპარაკია, მაგალითად, საპენსიო რეფორმაზე.

„დიდი დრო დასჭირდება პრეზიდენტის სიკეთეების ჩამოთვლას, მაგრამ ამის გარეშეც, ყველა ისედაც გრძნობს ყველაფერს საკუთარ თავზე", - აცხადებს ნიკოლაევი.

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ პროცესი ფლეშმობის სახეს მიიღებს. ისინი სოციალური ქსელების საშუალებით მოუწოდებენ ყველას, რომ დაამზადონ მსგავსი პლაკატები, გადაიღონ ფოტოები პლაკატებით ხელში და გაავრცელონ სოციალური ქსელების საშუალებით.

რუსეთის პრეზიდენტის საახალწლო მილოცვას რუსეთის ფედერალური ტელეარხები ყოველ წელს, 31 დეკემბერს, 23:55 საათზე გადასცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG